პარასკევი, მარტი 29, 2024

მაჰათმა განდის შეგონებანი

ჩვენი მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ვაკეთებთ აწმყოში

მაჰათმა განდი

 

ისტორიული ფაქტები მაჰათმა განდის ცხოვრებიდან:

მაჰათმა განდი –  სიყვარულისა და არაძალადობის მოციქული

ფრიდონ საყვარელიძე

“სიყვარულის კანონი გრავიტაციის მსგავსად მოქმედებს, დამოუკიდებლად იმისა ვაღიარებთ თუ არა მას. თუკი მეცნიერს შეუძლია სასწაულების მოხდენა ბუნების კანონების სხვადასხვაგვარი გამოყენებით, ადამიანს, რომელიც მეცნიერის აკურატულობით იყენებს სიყვარულის კანონს, კიდევ უფრო მეტი სასწაულის მოხდენა შეუძლია. არაძალადობის ძალა უსაზღვროდ ნატიფი და საოცარია ბუნების მატერიალურ ძალებთან შედარებით”.
მაჰათმა განდი

ზემოთ მოყვანილ სიტყვებში ჩანს მთელი განდი, მისი რწმენა და არაჩვეულებრივი ძალა. ზოგს ის წინასწარმეტყველად მიაჩნია, სხვებს მეოცნებე უტოპისტად. თავად განდი საკუთარ თავზე ასე ამბობდა _ ,,მე უბრალოდ ადამიანი ვარ, ისევე როგორც ყოველი თქვენგანი”.
ფაკირის მსგავსი ასკეტისა და ვეგეტარიანელის ერთადერთი სამოსი ტილოს უხეში ნაჭერი იყო, რომელიც დალეულ სხეულზე შემოეხვია, ფეხთ თვითნაკეთი გლეხური სანდლები ეცვა, ხანაც სულაც ფეხშიშველი დადიოდა, ხელში ჯოხი ეჭირა, რომელსაც სიარულისას ეყრდნობოდა. სხვა რაიმე ნივთი თან არასდროს დაჰქონდა. ასე შემოიარა მან მთელი სამხრეთ აფრიკა და ინდოეთი. ,,ბრიტანეთის იმპერიის უკანასკნელ რაინდს”, უინსტონ ჩერჩილს, “ნახევრადშეშლილი წინასწარმეტყველი” თავისი იმპერიისათვის ადოლფ ჰიტლერზე არანაკლებ სახიფათოდ მიაჩნდა. ნაცისტები ბრიტანეთს ძალას და ამპარტავნებას უპირისპირებდნენ, განდის იარაღი კი არაძალადობრივი წინააღმდეგობის ფილოსოფია იყო. ჰიტლერი დამარცხდა, განდიმ კი გაიმარჯვა.

მაჰათმა განდი – ინდოეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ერის სულიერი ლიდერი იყო. მისი სახელი ინდოეთში წმინდანების მსგავსი პატივითაა მოსილი. ის მთელი თავისი სიცოცხლე იბრძოდა თავის ქვეყანაში მძვინვარე რელიგიური რეპრესიებისა და ძალადობის წინააღმდეგ, სიცოცხლის ბოლოს კი ამავე ძალადობის მსხვერპლი გახდა.

 

სამხრეთ აფრიკაში

მოჰანდას კარამჩანდ განდი 1869 წლის 2 ოქტომბერს დაიბადა ინდოეთის სანაპირო ქალაქ პორბანდარში. 13 წლის მოჰანდასი მისივე ასაკის გოგონაზე, კასტურბაიზე, დააქორწინეს. საკმაოდ შეძლებულმა ოჯახმა მოჰანდასისათვის კარგი განათლების მიცემა გადაწყვიტა. 19 წლის ყმაწვილი ლონდონს გაემგზავრა იურისპრუდენციის შესასწავლად. სწავლის დამთავრების შემდეგ, 1891 წელს, ინდოეთში დაბრუნდა, ორი წლის მერე კი იურისტად სამუშაოდ სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრა, რომელსაც იმ დროს ბრიტანელები აკონტროლებდნენ.

 

XIX საუკუნის ბოლოს უკეთესი ცხოვრების საძებრად სამხრეთ აფრიკაში ჩასული ინდოელები მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. აქ ისინი განწირული იყვნენ ღატაკი ცხოვრებისათვის, დამცირებისა და მონური შრომისათვის. გამოუვალი მდგომარეობა სრული უძლურების შეგრძნებას იწვევდა. სამშობლოში დაბრუნებაც შეუძლებელი ჩანდა, იქ ხომ მილიონობით მიწა-წყლის არმქონე ინდოელი იღუპებოდა შიმშილისაგან.

 

სამხრეთ აფრიკაში ჩასული განდი პირველივე დღეებში წააწყდა რასიზმის გამოვლინებებს. ერთხელ ის ძალით გამოათრიეს I კლასის ვაგონიდან, სხვა დროს მას არ მისცეს იმ დილიჟანსში ჩაჯდომის ნება, რომელშიც თეთრები ისხდნენ. განდიმ გაკვირვებით შეიტყო, რომ ამ ქვეყანაში ყველა ფერადკანიანს ამცირებენ და ავიწროებენ, მათ შორის ინდოელებსაც, მათი სოციალური სტატუსისა და მდგომარეობის მიუხედავად. და მაინც განდიმ სამხრეთ აფრიკაში დარჩენა გადაწყვიტა.

 

განდიმ დაიწყო იმ პრინციპების გამომუშავება, რომლებიც რასიზმთან შეჯახებისას უნდა ყოფილიყო გამოყენებული. მან გადაწყვიტა თვითნებობისათვის ყოველ ჯერზე ზრდილობიანი, მაგრამ მტკიცე წინააღმდეგობა გაეწია და არასდროს ეძია შური იმ შეურაცხყოფისათვის, რომელსაც პირადად მას მიაყენებდნენ.

 

1894 წელს პრეტორიაში განდიმ ყველა ინდოელის კრება მოიწვია. საჯარო გამოსვლაში მან ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა ყველა კასტური, აღმსარებლური და ნაციონალური განსხვავების დავიწყება. მის მიერ შექმნილმა ინდოეთის კონგრესმა მიზნად დაისახა კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებით ინდოელებისა და ევროპელების უფლებების გათანაბრება. განდიმ სამხრეთ აფრიკაში დარჩენა დიდი ხნით გადაწყვიტა და მეუღლე კასტურბაი და ორი შვილი ინდოეთიდან ჩამოიყვანა.

 

როცა ინდოელი ახალმოსახლეებით დატვირთული ორი გემი, რომელთაგან ერთ-ერთში თავად განდი იჯდა ოჯახთან ერთად, სამხრეთაფრიკულ პორტ დურბანს მიადგა, მგზავრებს ისეთი შეგრძნება დაეუფლათ, თითქოს თეთრკანიან მოსახლეობას უკლებლივ ყველა ახალჩამოსული ფერადკანიანის ზღვაში გადაყრა სურდა. ხელისუფლებამ ინდოელებს უკან დაბრუნება მოსთხოვა. ეს უკანასკნელნი განდის გარშემო გაერთიანდნენ. 23 დღე გრძელდებოდა დაპირისპირება, სანამ “თეთრები” არ გატყდნენ. განდი გემიდან მხოლოდ მაშინ ჩავიდა, როცა მგზავრები და განდის ოჯახის წევრები სამშვიდობოს გავიდნენ. პრაქტიკულად იმწამსვე მას გარს შემოერტყა თეთრკანიანი მოსახლეობა და მხეცურად სცემეს. სიკვდილს ის მხოლოდ პოლიციის რაზმის ჩარევამ გადაარჩინა.
საქმე გახმაურდა. ლონდონი განდის ცემაში დამნაშავეების დასჯას მოითხოვდა. მთავრობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განდი თავისთან მიიწვია და უთხრა, რომ დამნაშავეებს დასჯიდა, თუკი განდი მათ ამოიცნობდა. “მე ვთვლი, რომ ჩემზე თავდამსხმელები კი არა, მათი ხელმძღვანელები უნდა დაისაჯონ, და, მაპატიეთ, პირველ ყოვლისა პირადად თქვენ” (მთავრობის ეს წევრი თავად იყო რასისტული მიტინგების ორგანიზატორი) – გაისმა განდის ზრდილობიანი, მაგრამ მტკიცე პასუხი.

 

განდის პრინციპულმა პოზიციამ, როდესაც მან არ მოითხოვა მასზე თავდასხმის მონაწილეთა გასამართლება, ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა. განდი და მისი ბრძოლა ინდოელების უფლებების დასაცავად ახლა უკვე ბევრი თეთრკანიანის პატივისცემას და გაგებას იწვევდა.

 

შემდგომი წლები განდისთვის ღრმა თვითშეცნობის, ცხოვრების აზრის ძიების და პრინციპების ფორმირების წლებად იქცა. ,,მე ჩემს რელიგიად ვაქციე მსახურების რელიგია, რადგანაც ვგრძნობდი, რომ მხოლოდ ასე შეიძლება ღმერთის შეცნობა… მე ჩემი თავი ღმრთის ძიებაში მოვიპოვე… სწორედ აქ გახდა რელიგიური სული ჩემი ცხოვრების საყრდენი”, – ამბობს იგი.
ამ დროს შეიმუშავა განდიმ მთავარი ცხოვრებისეული პრინციპი, რომელსაც მთელი შემდგომი ცხოვრების მანძილზე მისდევდა: “არასდროს მოსთხოვო ადამიანს ის, რასაც თავად არ აკეთებ”.

 

სატიაგრახას დაბადება

 

1906 წელს სამხრეთ აფრიკაში გამოქვეყნდა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ინდოელები _ კაცები, ქალები და ბავშვები რვა წლის ზემოთ ვალდებული იყვნენ გაევლოთ რეგისტრაცია პოლიციაში, დაეტოვებინათ თითის ანაბეჭდები და მიეღოთ განსაკუთრებული მოწმობები. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დაკავება და გასახლება ელოდათ. ამგვარი რეგისტრაცია ინდოელებს დანაშაულის ჩამდენ პირებთან ათანაბრებდა. პოლიციელებს მიეცათ აგრეთვე რეგისტრაციის შესამოწმებლად ინდოელების სახლებში შეჭრის უფლება (მათ შორის ქალების სამყოფელშიც, რაც ტრადიციის ხელყოფა იყო).

 

“ამგვარ კანონზე დათანხმებას სიკვდილი  სჯობს”, – ასეთი იყო განდის რეაქცია. ინდოელები გააფთრებულნი იყვნენ, ამბობდნენ, რომ სიცოცხლეს გამოასალმებდნენ ნებისმიერს, ვინც მათ სახლებში შეჭრას გაბედავდა. განდიმ მათ წინააღმდეგობის სხვა გზა შესთავაზა: ,,დაე ყველამ, ვინც ფიცს დებს, რომ არ დაემორჩილება ამ სამარცხვინო კანონს, გადაწყვიტოს, ეყოფა თუ არა სიმტკიცე, ყოველგვარი დევნისა და სიკვდილის საფრთხის მიუხედავად შეასრულოს ეს ფიცი. ბრძოლა ხანგრძლივი იქნება, შესაძლოა წლობით გაგრძელდეს, მაგრამ მე თამამად და სრული დარწმუნებით ვაცხადებ, რომ, თუ ადამიანთა მცირე ჯგუფი მაინც შეინარჩუნებს საკუთარი სიტყვისადმი ერთგულებას, ჩვენი ბრძოლა მხოლოდ ერთი რამით შეიძლება დამთავრდეს – გამარჯვებით”.

 

განდიმ პირველად წამოაყენა თვითნებობისადმი არაძალადობრივი დაპირისპირების იდეა. ის დიდხანს ეძებდა ამ მოძრაობის სახელწოდებას და ბოლოს უმცროსი შვილის წინადადებით მას სატიაგრახა უწოდეს, რაც “ჭეშმარიტებაში სიმტკიცეს” ნიშნავს. ამ სიტყვამ ზუსტად გადმოსცა წინააღმდეგობის კონცეფციის არსი. ეს არ არის ძლიერის წინაშე სუსტის იძულებითი პასიურობა. აქ არ მოქმედებს პრინციპი ,,თვალი თვალის წილ”. ძალადობას უპირისპირდება სულის სიმტკიცე და საკუთარი სიმართლის შინაგანი რწმენა. განდიმ გააფრთხილა ხელისუფლება, რომ კანონის მიღების შემთხვევაში ინდოელები სატიაგრახას გამოაცხადებდნენ. კანონი მაინც მიიღეს.

 

1908 წლის 1 იანვარს სატიაგრახამ მოქმედება დაიწყო. იოჰანესბურგში გამართულ მიტინგზე ინდოელებმა დემონსტრაციულად დაწვეს მათთვის გაგზავნილი რეგისტრაციის უწყებები. განდი დააპატიმრეს, ციხეები გადაივსო. მოძრაობა კი ღვივდებოდა – რეპრესიებმა შედეგი ვერ მოიტანა. ციხიდან გამოსვლისთანავე განდიმ დაიწყო სატიაგრახის მომზადება მთელი სამხრეთ აფრიკის მასშტაბით. 1913 წელს მისი მცდელობით გაიფიცნენ ნატალის მაღაროელები. გაფიცვა მალე მთელ ქვეყანას მოედო. მაღაროელების წინააღმდეგ იარაღი გამოიყენეს – რამდენიმე მუშა სამუშაოს შესრულებაზე უარის თქმის გამო დახვრიტეს. ციხეებში გამომწყვდეული ათასობით ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები, სივიწროვისა და ანტისანიტარიის გამო უმძიმეს მდგომარეობაში ჩაცვივდნენ. განდიც კვლავ ციხეში აღმოჩნდა, მაგრამ მოძრაობა კიდევ უფრო ძლიერდებოდა. ხელისუფლება იძულებული გახდა გაეთავისუფლებინა განდი. ის კი, როგორც ყოველთვის, გამოსვლისთანავე ისევ ბრძოლაში გადაეშვა და შეტევაზე გადავიდა.
1913 წლის 6 ნოემბერს განდი იწყებს სახელგანთქმულ მშვიდობიან საპროტესტო მსვლელობას ნატალიდან ტრანსვაალისაკენ. ეს იმ კანონის დემონსტრაციული დარღვევა იყო, რომლის მიხედვითაც ინდოელებს ერთი პროვინციიდან მეორეში გადაადგილება ეკრძალებოდათ. კანონის დარღვევისათვის დაპატიმრება და გასახლება იყო გათვალისწინებული. განდი წინ მიუძღოდა მრავალათასიან კოლონას, რომელიც ყოველდღიურად უფრო მრავალრიცხოვანი ხდებოდა. მთავრობის მიერ გამოძახებულმა ჯარებმა ვერ გაბედეს სროლა, თუმცა კი ეცადნენ ცხენებით დაეშალათ დემონსტრანტები. მაშინ აქციის მონაწილენი მიწაზე დაწვნენ, ხოლო ცხენები მორჩილად შეჩერდნენ მათ წინაშე.

 

სამხრეთ აფრიკიდან მოსულმა ცნობებმა ევროპისა და ამერიკის საზოგადოებრივი აზრი აღაშფოთა. ინდოელებს მხარი დაუჭირეს ალბერტ აინშტაინმა, ბერნარდ შოუმ და ბევრმა სახელგანთქმულმა ადამიანმა. ხელისუფლებას უკან დახევა მოუწია. თვეების განმავლობაში გრძელდებოდა მხარეთა შორის დაძაბული მოლაპარაკებები. 1914 წელს ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ინდოელთათვის განსაკუთრებით შეურაცხმყოფელი ყველა კანონი გაუქმდა. განდის ოცწლიანი ბრძოლა სამხრეთ აფრიკაში გამარჯვებით დამთავრდა.

 

ინდოეთში დაბრუნება

,,მან შეუძლებელი გახადა ინგლისელთა შემდგომი ბატონობა
ინდოეთში, მაგრამ ამავე დროს მისცა მათ უკუქცევის
საშუალება გულში ჩამარხული მტრობის გარეშე”.
არნოლდ ტოინბი
ინგლისელი ფილოსოფოსი და ისტორიკოსი

 

1915 წელს განდი ინდოეთში დაბრუნდა. იქ უმძიმესი ვითარება იყო. უზომოდ მაღალი გადასახადები ხელს უშლიდა ინდოეთის განვითარებას, გლეხები შიმშილის ზღვარზე ცხოვრობდნენ. მოიშალა მიწის მორწყვის სასიცოცხლოდ აუცილებელი სისტემა. ცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ყაიდა საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

 

განდიმ ინდოელ ხალხს ქვეყნის აღორძინების პრინციპულად ახალი გზა შესთავაზა. ეს არ იყო შეიარაღებული აჯანყების ან კოლონიზატორებისადმი პეტიციებით მიმართვის გზა. მან მესამე გზა აირჩია – არაძალადობის გზა, რომლის საფუძველში დევს უმაღლეს ღირებულებებად სიცოცხლის, ადამიანისა და ყველა სულიერისადმი სიყვარულის აღიარება. განდი თვლიდა, რომ სამყაროში მიმდინარეობს ბრძოლა არა ცუდ და კარგ ადამიანებს, არამედ სიცოცხლესა და სიკვდილს, სიკეთესა და ბოროტებას შორის, და ამ ბრძოლის ასპარეზი ყოველი ადამიანის სულია. ყოველ ადამიანს შესწევს ძალა უარი თქვას ბოროტებაზე, რითაც ის საკუთარ თავზე მაღლდება და ბოროტება უძლური ხდება ამ გადაწყვეტილების წინაშე. იმავდროულად ბოროტ საქმეებში მონაწილეობის მიუღებლობას ადამიანი მიჰყავს ახალი სამყაროს – სიკეთის სამყაროს მშენებლობამდე.

 

განდიმ კიდევ უფრო ღრმად დაამუშავა სატიაგრახა, რომელიც ვაჟკაცობაზე, სიმართლესა და არაძალადობაზე იყო დამყარებული. ის თვლიდა, რომ შედეგის მიღწევის მეთოდი თავად შედეგზე უფრო მნიშვნელოვანი იყო. სატიაგრახა ქადაგებს არაძალადობას, სამოქალაქო დაუმორჩილებლობას და ინგლისელებთან თანამშრომლობაზე უარის თქმას, როგორც პოლიტიკური და საზოგადოებრივი მიზნების მიღწევის განსაკუთრებით სასურველ მეთოდს. ამასთან ერთად, სატიაგრახას დაწყება მხოლოდ მაშინ გახდებოდა შესაძლებელი, როდესაც ყოველი მონაწილე ზუსტად გაიაზრებდა ბრძოლის არსს, მის თანამიმდევრობას და დარწმუნდებოდა, რომ ეს წინააღმდეგობა უარყოფდა ძალადობას. მოძრაობის მონაწილეებს არათუ მიზნად არ უნდა დაესახათ, არამედ გუნებაშიც კი არ უნდა გაევლოთ მოწინააღმდეგისათვის ბოროტების წილ ბოროტების მიგება და მხოლოდ დასახული მიზნების მისაღწევად უნდა ებრძოლათ.

 

განდიმ ინდოელებს შესთავაზა პროგრამა, რომელიც კოლონიზატორებთან თანამშრომლობას გამორიცხავდა: ამიერიდან ინდოეთში აღარავინ იყიდის ინგლისურ საქონელს, მათ შორის ძვირფას ქსოვილებს. ისინი ინდურ საქონელს იყიდიან ან თავად დაამზადებენ საჭირო ნივთებს. სატიაგრახას ახალი სიმბოლო ტრადიციული ინდური სართავი ჯარა ხდება. ჯარასთან მოკალათებული განდი თავად იმზადებს ტანსაცმელს და ფეხსაცმელს. ინდოელები არ არღვევენ კანონებს, ისინი, უბრალოდ, არ თანამშრომლობენ ხელისუფლებასა და ინგლისურ კომპანიებთან. ისინი უარს ამბობენ სახელმწიფო სამსახურზე, მათ შორის პოლიციასა და არმიაში სამსახურზეც. ხორციელდება სამთავრობო დაწესებულებების ბოიკოტი, განსაკუთრებით კი – აუტანელი კანონებისადმი დაუმორჩილებლობა.

 

ინდოელებში თავისუფლების სულმა და სოლიდარობამ გაიღვიძა. განდის მეთოდი ღრმად იყო გააზრებული და დამუშავებული. მან ისტორიაში პირველად შეძლო არაძალადობრივი მასობრივი მოძრაობის შექმნა. სატიაგრახა ეფუძნებოდა სრულ გამჭვირვალობას და საჯაროობას _ მოწინააღმდეგეს აფრთხილებდნენ თავიანთი მომავალი ქმედებების შესახებ, მძლავრი მეთოდების გამოყენებას მხოლოდ მას შემდეგ მიმართავდნენ, რაც გამოყენებულ იქნებოდა უფრო სუსტი მეთოდები.

 

განდი ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ არაძალადობას არაფერი აქვს საერთო სისუსტესა და ლაჩრობასთან, რომელიც ძალადობის ფარულ ფორმად მიაჩნდა: ,,ადამიანს, რომელიც საფრთხესთან შეჯახებისას თაგვივით იქცევა, სამართლიანად უწოდებენ ლაჩარს. ის გულში ატარებს ძალადობას და სიძულვილს და მოკლავდა მტერს, თუკი ამ დროს თავად არ დაზარალდებოდა”.

 

ჯერ კიდევ სამხრეთ აფრიკაში ყოფნისას ერთი ჩინოვნიკი გამოუტყდა განდის: “ზოგჯერ მინდა, რომ თქვენ ძალადობას მიმართოთ. მაშინ ჩვენთვის ნათელი გახდებოდა როგორ მოგქცეოდით.” თავიდან ინგლისელები დასცინოდნენ განდის, მაგრამ მალე თავად აღმოჩნდნენ ძალიან უცნაურ და უჩვეულო მდგომარეობაში, რადგან მათ აღარავინ ამჩნევდა, არავინ სცემდა პატივს მათ ტრადიციებს, მათი სავაჭრო კომპანიები მილიონებს ზარალობდნენ. და სრულიად მოულოდნელად გაირკვა, რომ ინგლისისაგან ინდოეთის პოლიტიკური და ეკონომიკური დამოკიდებულება კოლონიზატორებთან თანამშრომლობის შედეგი ყოფილა.

 

სატიაგრახას პრინციპების გამოყენებით განდი ბრიტანეთისაგან ინდოეთის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას ჩაუდგა სათავეში. სამხრეთ აფრიკის მსგავსად ის ინდოეთშიც არაერთხელ დააპატიმრეს. განდი თვლიდა, რომ თუ არსებობს საფუძვლები ადამიანის დასაპატიმრებლად – ციხეში ჩაჯდომა პატიოსანი კაცის ვალია.

 

1930 წელს განდიმ ცნობილი ,,მარილის ლაშქრობა” მოაწყო.

საქმე ის იყო, რომ კოლონიზატორებმა მარილსახდელის მონოპოლიზება მოახდინეს. ერთ მშვენიერ დღეს ოკეანის სანაპიროსთან მივიდა ათი ინდუსი და მარილის გამოხდა დაიწყო. ისინი მალევე დააპატიმრეს. მეორე დღეს იმავე ადგილას ასი ადგილობრივი მოსახლე გამოცხადდა მარილის გამოსახდელად. ისინიც დააპატიმრეს, მაგრამ მეორე დღეს, როდესაც სანაპიროსკენ ათეულ ათასობით ადგილობრივი მოსახლე დაიძრა, რომელთაც წინ განდი მიუძღოდათ, ინგლისელები იძულებული გახდნენ უარი ეთქვათ მარილის გამოხდის მონოპოლიაზე. და აქ აუცილებელია ერთი მნიშვნელოვანი მომენტის ხაზგასმა. სამოქალაქო დაუმორჩილებლობის განდისეულ ფილოსოფიასა და მის ეფექტურობაზე სუბრისას მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ინგლისელების სახით განდის პირისპირ, მართალია, კოლონიზატორები, მაგრამ სამართლებრივი სახელმწიფოს წარმომადგენლები იდგნენ.

“მარილის ლაშქრობა”

1947 წელს ინდოეთმა განდის ძალისხმევით ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. ნანატრ დღეს, 15 აგვისტოს, ნიუ-დელიში ინდოეთის დამოუკიდებლობის გამოცხადების საზეიმო ცერემონია შედგა, თუმცა მოზეიმეთა შორის არ იყო განდი. ადამიანი, რომელმაც ამდენი გააკეთა თავისი ქვეყნის თავისუფლებისთვის, ამ დროს თავის სოფელში იმყოფებოდა და მომხრეებს ახლა უკვე ინდოეთის მთლიანობისათვის ბრძოლისაკენ მოუწოდებდა. თუმცა უშედეგოდ. ქვეყანა ინდოეთად და პაკისტანად გაიყო. ამას მოჰყვა მასობრივი კონფლიქტები ინდუსებსა და მუსლიმებს შორის. გაერთიანებულ ინდოეთზე მეოცნებე განდი კვლავ ამტკიცებდა ძალადობის უაზრობას, თუმცა მისი თითქოს უკვე აღარავის ესმოდა. 1948 წლის 13 იანვარს მან სისხლისღვრის შეწყვეტის მიზნით შიმშილობა დაიწყო. ,,სიკვდილი ჩემთვის მშვენიერი ხსნა იქნება, – ამბობდა განდი,- მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე ინდოეთის თვითგანადგურების უძლური მოწმე ვიყო”. განდის თვითშეწირვის აქციამ შესაბამისი გავლენა მოახდინა საზოგადოებაზე. რელიგიური დაჯგუფებების ლიდერები კომპრომისებს დათანხმდნენ. განდის მიერ შიმშილობის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ მათ ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღეს: ,,ჩვენ პირობას ვდებთ, რომ დავიცავთ მუსლიმთა სიცოცხლეს, საკუთრებასა და რწმენას, და ინციდენტები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა დელიში რელიგიური შეუწყნარებლობის ნიადაგზე, აღარ განმეორდება”.
იმედით ფრთაშესხმულმა განდიმ შიმშილობა შეწყვიტა. თუმცა პოლიტიკური წონასწორობა ქვეყანაში არასტაბილური აღმოჩნდა. ინდუიზმის მებრძოლი მქადაგებლები განდის მათი რელიგიური უფლებების შელახვაში სდებდნენ ბრალს და კითხულობდნენ _ რატომაა, რომ სიმართლის აგრერიგად მოყვარული ეს ადამიანი გადაჭრით არ გმობს ძალადობას, რომელსაც ადგილი აქვს პაკისტანში მცხოვრები ინდუსების მიმართ? ისინი შეიარაღებულ ინტერვენციას ემხრობოდნენ, თუმცა კარგად იცოდნენ, რომ, სანამ განდი ცოცხალი იყო, მათ ძალადობის გამოყენების უფლებას არავინ მისცემდა. ისღა დარჩათ განდის სიჯიუტის წინააღმდეგ იარაღი გამოეყენებინათ.

20 დღის შემდეგ ჩასაფრებულმა ფანატიკოსმა ინდუსმა – ნათხურამ გოდსემ – განდის მოწინაღმდეგემ ყველა აღმსარებლობისა და რელიგიის მიმართ შემწყნარებლობის საკითხებში – სამჯერ ესროლა განდის გულმკერდისა და მუცლის არეში. სასიკვდილოდ დაჭრილმა განდიმ მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა მოასწრო – ო, რამა! – ეს ღვთისადმი მიმართვა იყო.

 

მაჰათმა დიდ სულიერებას ნიშნავს. ეს ტიტული განსაკუთრებით ნათლად წარმოაჩენს განდის პიროვნებას.

,,ბედნიერი ვართ ბედისწერის, რომელმაც ასეთი ბრწყინვალე თანამედროვე გვაჩუქა – გზის გამკვალავი მომავალი თაობებისათვის. შეიძლება მათ არც დაიჯერონ, რომ ასეთი ადამიანი, ჩვეულებრივი ხორცითა და სისხლით, მართლაც  დადიოდა ამ ცოდვილ მიწაზე” – ეს ალბერტ აინშტეინმა თქვა განდის შესახებ.

გავბედავ და ვიტყვი, რომ განდისა და მისი სწავლების გარეშე დღევანდელი მსოფლიო სხვაგვარი იქნებოდა. არ იქნებოდა აფროამერიკული ბრძოლის მედროშე მარტინ ლიუთერ კინგი, არც საბჭოთა დისიდენტური მოძრაობა იარსებებდა, ვერც პოლონური ,,სოლიდარობა” შეაზანზარებდა აღმოსავლეთ ევროპას და ბერლინის უმტკიცესი კედლის დანგრევაც უაღრესად გაჭირდებოდა.

წყარო

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული