შაბათი, აპრილი 20, 2024

სერგო ჩიხლაძე: ე.წ. “სააფთიაქო ნარკომანია” უსერიოზულესი პრობლემაა ქვეყნისთვის

რამდენიმე დღის წინ, ე.წ. “სააფთიაქო ნარკომანიის” საქმეზე, კონკრეტული დახმარების საფასურად დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ერთი მაღალჩინოსანი  – შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის მოადგილე დააკავა. სუს-ის მიერ, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ჯამში, პასუხისგებაში 21 პირია მოცემული.
არსებული რეალობის გათვალისწინებით, სააფთიაქო ნარკომანია ქვეყანაში კვლავ რჩება გადაუჭრელ პრობლემად.

ზემოხსენებულ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით გასატარებელი აუცილებელი ღონისძიებების შესახებ საუბრობს გაერთიანებული ოპოზიციის წევრი, ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი, მედიცინის დოქტორი სერგო ჩიხლაძე:

“ე.წ. “სააფთიაქო ნარკომანია” უსერიოზულესი პრობლემაა ქვეყნისთვის და მისი მასშტაბი ყოველწლიურად სულ უფრო იზრდება. სააფთიაქო ნარკომანიისა და  ზოგადად, ნარკომანიის საწინააღმდეგო ზომების გატარებისთვის, ყურადღებას გავამახვილებ რამდენიმე ძირითად მიმართულებაზე, რომელზეც დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ქვეყანამ ქმედითი ნაბიჯების განხორციელება.

ყველაზე ეფექტური ეს არის პრევენცია, რაც გულისხმობს სათანადო განათლების დანერგვას საკმაოდ ადრეული ასაკიდან. ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა, ნარკოტიკების მოხმარების პირველადი პრევენცია და ამ საკითხებზე ცნობიერების ამაღლება ბავშვებსა და მოზარდებში, რაც მისცემს საშუალებას მათ, რომ გაიაზრონ ის რისკები და საშიშროება, რაც ნარკოტიკების მოხმარებას მოსდევს თან. მნიშვნელოვანი, ასევე, პრევენციული ღონისძიებების განხორციელება ე.წ. სარისკო პოპულაციებში (ადამიანები, ვინც უკვე მოიხმარენ ნარკოტიკებს ან/და არიან მავნე სუბსტანციებზე დამოკიდებულები, მათ შორის, “სააფთიაქო” ნარკოტიკებზე) ზიანის შემცირების პროგრამებისა და სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობების საშუალებით, რომ არ მოხდეს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესება, მძიმე დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ასევე, სხვადასხვა გადამდები დაავადებების, როგორიცაა აივ-ინფექციისა და ვირუსული ჰეპატიტების რიცხვის ზრდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ მხრივ სახელმწიფოს არ გააჩნია მკაფიო და ყოვლისმომცველი პოლიტიკა, მსგავსი აქტივობები მხოლოდ ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივებით შემოიფარგლება, რაც რა თქმა უნდა არასაკმარისია, ქვეყნის მასშტაბით. გასაგებია, რომ პრევენცია ვერ უზრუნველყოფს ნარკომანიის მთლიანად ამოძირკვას, რადგანაც ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებიც მაინც წავლენ ამ გზით, მაგრამ ეფექტური პრევენცია დრამატულად შეამცირებს მათ რიცხვს ვინც მოიხმარს ნარკოტიკულ საშუალებებს.

მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი მიმართულება ეს არის, კანონმდებლობის დახვეწა, რაც გულისხმობს იმ “ხვრელების” ამოვსებას, რითაც სააფთიაქო ნარკომანია საზრდოობს. არ გამოვრიცხავ კანონმდებლობის გამკაცრებას მსგავსი აფთიაქების თუ გადამყიდველების მიმართ. მეტიც,  შესაძლებელია მათი გათანაბრება ნარკოტიკების გამსაღებლებთან, რადგანაც ფინანსური ჯარიმები არ წარმოადგენს მნიშვნელოვან ბარიერს იმ აფთიაქებისთვის, სადაც ხდება ამ ფსიქოაქტიური ნივთიერებების გასაღება. თუმცა ეს უნდა მოხდეს კომპლექსურად, მთლიანად ნარკოკანონმდებლობის გადახედვასთან ერთად. სამწუხაროდ, ნარკოპოლიტიკის ცვლილება კვლავ ვერ მოხერხდა და გაურკვეველი  ვადით გადაიდო საქართველოში.

ნარკოპოლიტიკა კი საქართველოში უნდა იყოს ორიენტირებული ნარკოტიკის მომხმარებლის მაქსიმალურად მხარდაჭერაზე, ზრუნვაზე და საზოგადოებაში რეინტეგრაციისკენ ერთი მხრივ, მეორე მხრივ კი – უმკაცრესად უნდა ისჯებოდეს ყველა სახის ნარკოტიკული ნივთიერების გამსაღებელი. იმისთვის კი, რომ ვუმკურნალოთ და საზოგადოებას დავუბრუნოთ წამალდამოკიდებული ადამიანი, საჭიროა ქვეყნის მასშტაბით  სარეაბილიტაციო ცენტრების არსებობა და შესაბამისი სპეციალისტების მომზადება. უნდა ითქვას, რომ დღეს ქვეყანაში კვალიფიციური ნარკოლოგების დეფიციტიცაა, განსაკურებით კი რეგიონებში. იგივე ეხება წამალდამოკიდებული ადამიანების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის სფეროში დასაქმებულ სხვა საჭირო სპეციალისტებსაც.

დიახ, პრევენციული ღონისძიებები, ნარკოპოლიტიკის დახვეწა, წამალდამოკიდებული ადამიანების რეაბილიტაცია და მათი საზოგადოებაში რეინტეგრაციაზე ზრუნვა – ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რაც  ქვეყანაში ნარკოვითარების გასაუმჯობესებლადაა აუცილებელი.

აქვე, კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ თუ გვინდა ეფექტურად ვებრძოლოთ ამ ე.წ. “სააფთიაქო ნარკომანიას” და ზოგადად ნარკომანიას, საჭიროა ყველა ამ ღონისძიების პარალელურ რეჟიმში, კომპლექსური განხორციელება. ვერანაირი წერტილოვანი, ნაწილობრივი  ჩარევები, როგორც სამწუხაროდ აქამდე ხდება ხოლმე, მყარ და შორსმიმავალ შედეგამდე ვერ გაგვიყვანს.“

 

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული