გიორგი მარგველაშვილი: “ჩატარებულ არჩევნებს, ია კერზაიას გარდაცვალებით, მძიმე ტვირთი დაედო”

“გიზიარებთ მიზანს, რომელიც უზენაესია პოლიტიკისა და სახელმწიფოსთვის – ადამიანის უფლებების დაცვა” – გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ადამიანის უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეში მიღება გამართეს.

მიღებას ესწრებოდნენ: დიპლომატიური კორპუსის, მედიის, სასამართლო ხელისუფლების, ომბუდსმენის, პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო ორგანიზაციების, იუსტიციის საბჭოს, ადვოკატთა ასოციაციის, ეროვნული პრემიის, შეწყალების კომისიის, საპატრიარქოს, ეროვნული ბანკის, სემეკის, სავაჭრო პალატის, აუდიტის სამსახურის, ოლიმპიური კომიტეტის, ფეხბურთის ფედერაციის, სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები, ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებიც 5 წლის განმავლობაში სხვადასხვა ფორმით თანამშრომლობდნენ პრეზიდენტის ინსტიტუტთან.

გიორგი მარგველაშვილმა აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა მათ და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა მათი ღვაწლი და განაცხადა, რომ როდესაც ვამბობთ ტერმინს ადამიანის უფლებების დაცვა, თითქოს ვსაუბრობთ სახელმწიფოს ერთერთ ფუნქციაზე, რადგან სახელმწიფო არც იქმნება სხვა მიზნით გარდა იმისა, რომ დაიცვას ადამიანის უფლებები.

ამ მიზნით, ამ არსით, ამ მოწოდებით შეიქმნა ერთობა ადამიანებისა, რომელსაც ესა თუ ის სახელწიფო ჰქვია. რისთვის გვინდა ჯარი? იმისთვის, რომ დაიცვას ადამიანის უფლებები, დაიცვას ადამიანის სიცოცხლის უფლება. რისთვის გვინდა პოლიცია? იმისთვის, რომ დაიცვას ადამიანი.

ნებისმიერი სტრუქტურა იქმნება და მოწოდებულია იმისთვის, რომ დაიცვას ადამიანის უფლებები.
დღეს აქ შეგკრიბეთ ადამიანები, ვისთანაც ერთად ამ წლების განმავლობაში გვიმუშავია ქვეყნის გაძლიერების, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების, ტოლერანტობის გაღრმავების, თანხმობის ემოციიის შექმნის ღირებულებების ირგვლივ, გიზიარებთ იმ მიზანს, რომელიც უზენაესია პოლიტიკისთვის და უზენაესია სახელმწიფოსთვის. ჩვენი მუშაობა ამ მიმართულებით, ისევე როგორც ნებისმიერის საზოგადოების, არასდროს მთავრდება არამედ მიმართულია ერთმანეთის დაცვის და ჰარმონიული საზოგადოების შესაქმნელად.
როდესაც ვსაუბრობთ ამ მიზანზე, ბუნებრივია, სამწუხაროდ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ამ მიზნის გზაზე ჯერ კიდევ უაღრესად ბევრია გასაკეთებელი. სულ რამდენიმე ასეული მეტრის იქით, რუსთაველის გამზირზე ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს შვილები, ეძებენ სამართალს და ეძებენ ამ სამართალს პროტესტის უკიდურესი ფორმით, ისინი დგანან და მოითხოვენ ყურადღებას. ათეულობით კილომეტრს იქით, ჩვენი თანამემამულენი ქვეყნის გულიდან გაყოფილი არიან საოკუპაციო ხაზით და იქ ადამიანის უფლებებს არღვევს სხვა სახელმწიფო, ოკუპანტი სახელმწიფო, მაგრამ ჩვენთვის ეს ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი თანამემამულეების უფლების დარღვევაა.

სულ ცოტა ხნის წინ, არჩევნები ჩატარდა, დემოკრატიული პროცესი, რომელიც ყველაზე მეტად აღმაფრთოვანებელი უნდა იყოს, რადგან ახალი სახელმწიფოს, ახალი ხელისუფლების შექმნის პროცესთანაა დაკავშირებული და მას მასწავლებლის, ქალბატონ ია კერზაიას გარდაცვალებით ძალიან მძიმე ტვირთი დაედო.
საარჩევნო პროცესის დროს არავინ უნდა კვდებოდეს და ჩვენ არ უნდა გვქონდეს არჩევნები, რომლის შედეგადაც ჩვენი საზოგადოებისთვის ყველაზე სათაყვანებელი ადამიანი, ვისაც ჩვენ ვანდობთ ჩვენი შვილების აღზრდას, ადამიანი, ვინც თავისუფლების, პატრიოტიზმის შემწყნარებლობის სულისკვეთებით უზრუნველყოფს მომავალი თაობის აღზრდას, აი ეს ადამიანი არჩევნების დროს არ უნდა გარდაიცვალოს“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა მოუწოდა ყველას, არ დაკმაყოფილდნენ მიღწეული წარმატებებით: რელიგიურ კონფესიებმა განაგრძონ ჰუმანური იდეების პოპულარიზაცია, პოლიტიკურმა პარტიებმა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის მცდელობა, მედიამ საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიმართლის მიწოდება, ადამიანის უფლებათა სტანდარტების მუდმივი შემეცნება და შესწავლა.
გიორგი მარგველაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ადმინისტრაციის თანამშრომლებს, ვინც პრეზიდენტის ინსტიტუტის ეფექტური ფუნქიცონირებისათვის მუშაობდა.

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *