ირაკლი კოვზანაძე: “2019 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 13 მილიარდ 90 მილიონი ლარი დაიხარჯება”

საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის და „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2019-2022 წლებისათვის“ დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი და თანდართული მასალა განიხილეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე, უძღვებოდა.

საკითხი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ, გამოიტანა და კომიტეტის წევრებს ის ძირითადი ცვლილებები გააცნო, რომლებიც პარლამენტის კომიტეტებსა და ფრაქციებში განხილვების შემდეგ მთავრობამ კანონპროექტის საბოლოო ვარიანტში ასახა.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, მაკროეკონომიკური მაჩვენებლები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებით ასეა წარმოდგენილი:

  • ეკონომიკური ზრდა – 4,5%;
  • მშპ-ს დეფლატორი – 3,5%;
  • ინფლაცია – 3%;
  • საბიუჯეტო დეფიციტი – 2,6%.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 2018 წელთან შედარებით, იზრდება 422 მლნ ლარით და, შესაბამისად, ბიუჯეტის შემოსულობები განისაზღვრა 12 მლრდ 863.8 მლნ ლარით. საბიუჯეტო გადასახდელები 13 მლრდ 90 მლნ ლარით განისაზღვრა (2018 წლის ბიუჯეტთან შედარებით 630.5 მლნ ლარით მეტი).

მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა კანონპროექტის საბოლოო ვარიანტში განხორციელებულ ცვლილებებზე და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ზრდა ინფრასტრუქტურული, სოციალური მიმართულებების მიხედვით, განათლების პროგრამებზე.

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ ბიუჯეტის კანონის საბოლოო ვერსიაში პარლამენტის წევრების შენიშვნები გაითვალისწინა და კანონპროექტი, ფაქტობრივად, პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაც წარმოდგენილი იყო. „2019 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 13 მილიარდ 90 მილიონი ლარი დაიხარჯება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თანხებია ჩვენი ქვეყნისათვის, ასეთი მაღალი მაჩვენებელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ გვქონია, რაც მართლაც დასაფასებელია და მას ჩვენი ხელისუფლების პირობებში მივაღწიეთ“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მისივე თქმით, პრემიერის ინიციტივით, მომავალ წელს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან 144 ათასი ბავშვი 50-ლარიან დახმარებას მიიღებს, ბიუჯეტში ასევე გათვალისწინებულია არაერთი მნიშვნელოვანი სოციალური დახმარება სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეთათვის.

განათლებაზე, ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალურ სფეროებზე 5 მილიარდ 562 მილიონი ლარია გამოყოფილი, რაც მთლიანი ფუნქციონალური კლასიფიკაციით გათვალისწინებული თანხების 47,2%-ს შეადგენ“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

საბოლოოდ, კომიტეტმა კენჭი უყარა და „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის და „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2019-2022 წლებისათვის“ დოკუმენტის საბოლოო ვარიანტს მხარი დაუჭირეს.

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *