შაბათი, აპრილი 20, 2024

ირაკლი კობახიძე: “პარლამენტი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების იდეის, დეცენტრალიზაციის იდეის ძალიან აქტიური მხარდამჭერი”

საქართველოს პარლამენტში გაიმართა “სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგი“-ს გენერალური ფორუმი. დღევანდელი ფორუმი მიეძღვნა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს – დეცენტრალიზაციის რეფორმას და ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარებას.

ფორუმზე, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების აუცილებლობაზე:

პარლამენტი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების იდეის, დეცენტრალიზაციის იდეის ძალიან აქტიური მხარდამჭერი და აქტიურად იქნება ჩართული ყველა იმ რეფორმის განხორციელებაში, რომელიც დეცენტრალიზაციასთან და საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებასთან არის დაკავშირებული


ირაკლი კობახიძის თქმით, სიმბოლურია, რომ დღევანდელი ღონისძიება საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი არჩევნების ჩატარებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება.
პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრეებს შეახსენა, რომ მაშინდელი თვითმმართველობა ილია ჭავჭავაძის იდეებს ეფუძნებოდა, რომელიც ამ ინსტიტუტის ერთ-ერთი უმთავრესი ქომაგი იყო.

1919 წელს, საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა, ნოე ჟორდანიამ, მერობათა წარმომადგენლების მეორე ყრილობაზე, შემდეგი განაცხადა: “ჩვენი წეს-წყობილება დემოკრატიულია, დემოკრატია კი ორ ძალას ეყრდნობა: ქალაქს და სოფელს. გაძლიერება სოფლის და ქალაქის თვითმმართველობათა – აი, ჩვენი მთავრობის საზრუნავი საქმე. სადაც ეს თვითმმართველობანი ძლიერნი არ არიან, დემოკრატია სუსტია”.
დღეს ქართული სახელმწიფო ინარჩუნებს იმ მემკვიდრეობას, რომელიც ეფუძნებოდა ილია ჭავჭავაძის იდეებს, რომელსაც ეფუძნებოდა ეს სიტყვები და რა თქმა უნდა, ადგილობრივი თვითმმართველობის დახვეწა ჩვენი ერთერთი უმთავრესი საზრუნავია“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციით, ადგილობრივი თვითმმართველობების გარანტიები კიდევ უფრო მკაფიო და ქმედითი ხდება, თუმცა თვითმმართველობა არაფერია მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის გარეშე და პარლამენტი, მთავრობასთან ერთად, აქტიურად მუშაობს აღნიშნული ჩართულობის მექანიზმის შექმნაზე. ეს ფორუმი გახდება საფუძველი დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მომზადებისთვის” – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული