თემირლან მაჩალიკაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია რუსთაველის გამზირზე

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ შვილმოკლული მამებისა და მათი მხარდამჭერების ორგანიზებით გაიმართა თემირლან მაჩალიკაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია.

აქცია ემოციური გამოსვლების ფონზე მიმდინარეობდა. სიტყვით გამოსვლისას მალხაზ მაჩალიკაშვილი ხელისუფლებისგან მოითხოვდა კანონის აღსრულებას, დამნაშავეების დასჯას:

თემირლანის მიმართ აღიარებული იქნას მისი უდანაშაულობა, სახელმწიფომ აღიაროს თავისი შეცდომა, დაისაჯოს ის ადამიანები – გომელაური, გოგაშვილი, ჩიმაკაძე და სხვები, ვინც არიან სისხლიან დანაშაულში გარეულები. დაისაჯონ ასევე პროკურატურაში, სამართალდამცავ ორგანოებში მომუშავეები, ვინც ხელს აფარებენ დამნაშავეებს, დათო სალარიძის მკვლელობის საქმეში.

მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, სანამ ყველა დამნაშავე არ დაისჯება, არც ის და არც ზაზა სარალიძე არ შეწყვეტენ საპროტესტო აქციებს.

უდიდესი ტკივილითა და ემოციებით იყო აღსავსე თემირლანის დედისა და ბებიის გამოსვლები.

მედიკო მარგოშვილი, თემირლანის დედა: “ღმერთმა არავის ანახოს ბავშვის სიკვდილი, არცერთ დედას არ ვუსურვებ ჩემ მდგომარეობაში ყოფნას. ჩემ შვილს ოცნებები “ოცნებამ” წაართვა. ერთი წელია ვითხოვთ, ამ ხელისუფლებისგან, აღიარონ თავიანთი დანაშაული, მაგრამ ტყუილად, არანაირი რეაგირება არ ხდება ამ ხელისუფლებისგან. დღეს გამოვდივარ და თამამად ვიტყვი – ძირს ეს მკვლელი ხელისუფლება, ძირს მკვლელები, ძირს ეს სისტემა! არა მკვლელებს! არა ბანდიტებს! არა ყაჩაღებს!

აღნიშნული აქციის პარალელურად, თავისუფლების მოედანზე, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ორგანიზებით იმართებოდა საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი და ნაციონალური მოძრაობის საწინააღმდეგო აქცია. ამასთან დაკავშირებით მედიკო მარგოშვილმა მიმართა ირმა ინაშვილს და მოუწოდა, მის გვერდით, შვილმოკლული დედის გვერდით დამდგარიყო.

ელენე მაჩალიკაშვილმა, თემირლანის ბებიამ, სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა ქართველ ერს მისი ოჯახის ტრაგედიის გულთან ახლოს მიტანის გამო და გაიხსენა ის ტრაგიკული დღე, როცა მისი შვილიშვილის მისამართით სასიკვდილო გასროლა განხორციელდა. ელენე მაჩალიკაშვილი უნდობლობას უცხადებს ხელისუფლებას იმის გამო, რომ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის რამდენიმე თვიან საპროტესტო აქციას შედეგი არ მოჰყვა და დამნაშავეები ჯერ კიდევ არ არიან დასჯილები.

 

აქციაზე მოსულებს სიტყვით მიმართა ულმობლად, სასტიკად მოკლული დათო სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ:

ჩვენ აქ ვდგავართ იმისთვის, რომ ჩვენი შვილების მკვლელები იყვნენ დასჯილები და მე მგონია, რომ ყველა ადამიანს ესმის ეს. თუ ჩვენ გვინდა მშვიდობიან და სამართლიან ქვეყანაში ცხოვრება, ყველა მკვლელი უნდა იყოს დასჯილი, არა აქვს მნიშვნელობა თანამდებობის პირი იქნება ის თუ ჩვეულებრივი მოქალაქე. კანონი ყველასთვის კანონი უნდა იყოს! რატომ დადიან ჩემი შვილის მკვლელები გარეთ, რატომ არიან თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელები გარეთ?! ჩვენ ამ ხელისუფლებას ვაიძულებს, რომ დასაჯოს ყველა დამნაშავე ან ვაიძულებთ რომ წავიდნენ სახლში და შემდეგ ყველა დამნაშავე ჩაჯდება ციხეში.

აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ სხვა შვილმოკლული მშობლებიც. გამომსვლელები ხელისუფლებისგან უპირობოდ მოითხოვდნენ დამნაშავეების დასჯას. ყველა გამოსვლა ასევე უდიდესი ტკივილით იყო აღსავსე და მხარდაჭერას, სოლიდარობას უცხადებდნენ ერთმანეთს, სოლიდარობას უცხადებდნენ ტრაგიკულად დაღუპულ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახსა და ახლობლებს.

25 ნოემბერი თემირლან მაჩალიკაშვილის დაბადების დღეა.

დღეს იგი 20 წლის გახდებოდა…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *