კახა კალაძემ წარმოადგინა ახალი მეტრო სადგურების მშენებლობის პროექტი

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ წარმოადგინა ახალი მეტრო სადგურების მშენებლობის პროექტი:

“წარმოგიდგინეთ ახალი მიწისზედა მეტროს პროექტი, რომელიც სამგორიდან ლილოს მიმართულებით ამოქმედდება. პროექტი მეტროსადგურ „სამგორიდან“ ლილოს ბაზრობამდე სრულიად ახალი, დამოუკიდებელი, მიწისზედა ხაზის მშენებლობას ითვალისწინებს. სამგორის მეტროსადგურთან, მიწისზედა არეალში მოეწყობა სრულიად ახალი მეტროსადგური, რომელიც აქამდე მოქმედ სადგურს დაუკავშირდება და ერთგვარი გადასაჯდომი სადგური იქნება. აღნიშნული სადგურის გარდა, ახალ ხაზზე მოეწყობა კიდევ შვიდი მეტროსადგური. დღის განმავლობაში, ამ ხაზზე ელექტროტრანსპორტის ექვსი მოძრავი შემადგენლობა იმოძრავებს. დროთა განმავლობაში შემადგენლობებს დავამატებთ. პირველ ეტაპზე, მოცდის დრო, დაახლოებით, 10 წუთი იქნება. წლების შემდეგ, მატარებლებს რომ დავამატებთ, მოცდის დროს შევამცირებთ. ყოველდღიურად, დაახლოებით, 150 000 მგზავრი შეძლებს გადაადგილებას. გარდა ამისა, შეამცირებს ამავე მიმართულებით მოძრავი კერძო სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მაჩვენებელს, საცობს და ჰაერის დაბინძურების დონეს, რაც ქალაქში სერიოზული პრობლემაა.

დაახლოებით, ნოემბრის ბოლოსთვის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით, ტენდერი გამოცხადდება. მგონია, რომ ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იქნება და ასევე, მათთვის, ვინც აღნიშნული მარშრუტით ყოველდღიურად გადაადგილდება. ტენდერში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანიებს, ასევე, კომპანიებს, რომელთაც მსგავსი პროექტების განხორციელების გამოცდილება აქვთ. ჩვენი გეგმით, საპროექტო სამუშაოები 2019 წლის მეორე ნახევარში დასრულდება, რის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოებისთვის ტენდერს გამოვაცხადებთ. მშენებლობას დაახლოებით, ორი-სამი წელი დასჭირდება. დასრულებული სადგურები კი, ექსპლუატაციაში ეტაპობრივად შევა.”

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *