პარასკევი, მარტი 29, 2024

საქართველოს თავდაცვის სისტემაში რეზერვის სამსახურის ფუნქცია და მნიშვნელობა: ნაწილი I – საერთაშორისო გამოცდილება

საქართველო დღეს მრავალი შიდა და გარე სამხედრო საფრთხეების წინაშე დგას,  რაც მსოფლიოში არსებულ ძალთა ბალანსითა და ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობით არის განპირობებული. საქართველოს ტერიტორიაზე გადის მნიშვნელოვანი სატრანზიტო გზა, რომელიც აღმოსავლეთისა და დასავლეთის სავაჭრო ბაზრებს ერთმანეთთან, ასევე ევროპის ქვეყნებს კასპიის ზღვის ენერგორესურსებთან აკავშირებს და „აბრეშუმის დიდი გზის” სახელით არის ცნობილი. „აბრეშუმის დიდი გზა” იგივე მიმართულების ჩრდილოეთის სატრანსპორტო დერეფანთან (ყაზახეთი-რუსეთი-ბელორუსი) მიმართებაში უფრო კონკურენტუნარია და საუკეთესო ალტერნატივას წარმოადგენს ევროპის ქვეყნებისათვის მიიღონ იაფი საქონელი და ენერგორესურსები აზიიდან. „აბრეშუმის დიდი გზის” აღდგენა მნიშვნელოვან წილად დამოკიდებულია სამხრეთ კავკასიაში მშვიდობაზე. ეთნოკომფლიქტების სახით ამ რეგიონში დღემდე არსებული ღია სამხედრო კერები და დაძაბულობა ხელს უშლის აღნიშნული პროექტის განხორციელებას, რაც ხელს აძლევს სამხედრო დაპირისპირებაში ჩართულ მესამე მხარეს, რუსეთს ფედერაციას „ევაჭროს” ევროპის ქვეყნებს გლობალურ პოლიტიკაში. მეორეს მხრივ კავკასიის რეგიონში მცხოვრები მრავალეროვანი ეთნოსი, რომელთაც  საკუთარი სეპარატისტული ამბიციები გააჩნიათ, ქმნის მუდმივი სამხედრო დაძაბულობის ფონს. განსაკუთრებით ეს აღნიშნება საქართველოში. ჩვენმა ქვეყანამ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე გადაიტანა რამდენიმე სამოქალაქო ომი და მრავალი პარტიზანული ბრძოლა. ხოლო 2008 წლის რუსეთთან ომის შედეგად საქართველომ თავისი ტერიტორიის 1/3 დაკარგა და მომავალშიც არსებობს სამხედრო აგრესის განახლების რისკი.

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად საფრთხეს უქმნის საქართველოს, ეს გლობალიზაციის პროცესია, რომელისთვისაც დამახასიათებელია კონკრეტული ეროვნული ინტერესების ზოგადი გლობალურ-ეკონომიკური ინტერესებით ჩანაცვლება. არსებობს მოსაზრება, რომ ეროვნულმა სახელმწიფოებმა უკვე ამოწურეს საკუთარი რესურსი და ისინი მხოლოდ აფერხებენ საერთო ზოგადსაკაცობრიო განვითარების პროცესს. აქ იკვეთება რამდენიმე სუბკულტურისა და ცივილიზაციის ინტერესთა დაპირისპირება. მომავალში საკითხი ასე დგას, თუ რომელი ცივილიზაციური კერა იდგება კაცობრიობის გლობალიზაციის პროცესის ავანგარდში. არ არის გამორიცხული, რომ მიმდინარე „დაპირისპირება” სამხედრო კონფლიქტსა და ომებშიც გადაიზარდოს, რაც თავის მხრივ მცირე სახელმწიფოებს ისეთი, როგორიც არის საქართველო სამხედრო საფრთხეს უქმნის და ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს. ამ კუთხით ჩვენმა ქვეყანამ დემოკრატიული და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების საფუძველზე ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში გააკეთა თავისი არჩევანი ევრო-ატლანტიკური სტრუქტურების სასარგებლოდ.

ევროსტრუქტურებში და ჩრდილოეთ ატლანტიკურ ალიანსში (NATO) ინტეგრაციას საქართველოსთვის დიდი ეკონომიკური და სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. საქართველოს დღევანდელი თავდაცვის პოლიტიკა მიმართულია ქვეყნის პირდაპირი აგრესიისაგან დაცვისა და NATO-სთან თავსებადობის მიღწევაზე. როგორც „საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია”-ში ვკითხულობთ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში შედის:

  1. ეროვნული უსაფრთხოების ეფექტიანი სისტემის განვითარება.
  2. ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია.

საქართველო NATO-ს ურთიერთობას საფუძველი ჩაუყარა 1993 წლის 20-21 ოქტომბერს NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე ტრავემუნდში (გერმანია) ამერიკის ინიციატივით შემოთავაზებულმა პროგრამამ ,,პარტნიორობა მშვიდობისათვის” (PFP). აღნიშნული პროგრამის მიზანი იყო ნდობა დაემყარებინა NATO-ს, ევროპაში NATO-ს არაწევრ სახელმწიფოებსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს შორის. ამ პროგრამას საქართველო  1994 წლის 23 მარტს შეუერთდა.

2004 წლის 29 ოქტომბერს საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, რომელთანაც NATO-მ IPAP-ის ფორმატში დაიწყო თანამშრომლობა. აღნიშნული პროგრამა მართალია არ წარმოადგენდა NATO-ში საქართველოს გაწევრიანების მექანიზმს, მაგრამ IPAP-ში გაწერილი გეგმის თანახმად საქართველომ ალიანსის წინაშე კონკრეტული ვალდებულებები აიღო თავდაცვის, უსაფრთხოებასა და სამხედრო სფეროში, რომელიც მას NATO-ს სტანდარტებთან მაქსიმალურად მიახლოებაში დაეხმარებოდა. 2008 წლიდან IPAP-ის პროგრამა ახალმა ANP-ის პარტნიორობის პროგრამამ ჩანაცვლა. თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასა და NATO-ს მთავარსარდლობას შორის კვლავაც აქტიურად გრძელდება. ორივე მხარე ცდილობს შეიმუშავონ ქმედითი მექანიზმები  ჩვენი ქვეყნის ალიანსში გასაწევრიანებლად.

NATO-სთან ურთიერთობის შედეგად დღის წესრიგში აქტიურად დადგა საქართველოს თავდაცვის სისტემის რეფორმირების საკითხი. NATO-ს  სტანდარტების მოთხოვნების თანახმად: ალიანსის წევრი ან წევრობის კანდიდატი ქვეყნები, რეკრუტირების, ანუ სავალდებულო გაწვევის სისტემიდან საკონტრაქტო სისტემაზე უნდა გადავიდნენ. საჭიროა საქართველოში შეიქმნას ამ სტანდარტების თავსებადი პროფესიული არმია, რომელიც დაფუძნებული იქნება არა ჯარისკაცების რაოდენობაზე, არამედ მათი მომზადების ხარისხსა და მოტივაციაზე.

ამის გარდა საქართველო ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების ხელშეკრულების მონაწილეა. შეიარაღების ყველა სახეობასა და რაოდენობაში – საჰაერო, ჯავშანტექნიკა, ცოცხალი ძალა – ჩვენი კვოტა გაგვაჩნია. ამიტომ, შიდა და გარე საფრთხეების მიუხედავად,  საქართველოს არ შეუძლია, ჰყავდეს უსაზღვროდ დიდი არმია.

რადგან საკონტრაქტო ჯარში გაწვევა შეზღუდულია, ქვეყანას აუცილებლად სჭირდება რეზერვი, რომელიც პროფესიული ჯარის დამხმარე ძალას წარმოადგენს. ცხადია, საქართველო არაა ერთადერთი ქვეყანა, რომლისთვისაც სამხედრო სარეზერვო ძალების ყოლა აუცილებელია. ზოგადად, სარეზერვო ძალები ყველა განვითარებულ სახელმწიფოს გაჩნიათ. განსაკუთრებით რეზერვი ესაჭიროება იმ პატარა ქვეყნებს, რომელთათვისაც რთულია დიდი ჯარის შენახვა და ამავდროულად სურთ, რომ საგარეო საფრთხისგან დაცული იყვნენ. ასეთი სახელმწიფოებია, მაგალითად – ესტონეთი, ლატვია, ფინეთი, შვედეთი, დანია. ამ ქვეყნებში სახელმწიფო ტერიტორიის დასაცავად, შეიარაღებული ძალების მზადყოფნასთან ერთად, დიდი მნიშვნელობა რეზერვის სისტემის ეფექტიანობის ამაღლებასაც ენიჭება.

ნებისმიერ ეპოქაში ჯარი საზოგადოების ერთ-ერთ სანიმუშო ნაწილს წარმოადგენს და მისი ყველა ნეგატიური თუ პოზიტიური მხარე, ყველა მისი ნაკლი და ღირსება შეთვისებული აქვს მას. ჯარი ან არმია – სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების კრებითი სახელწოდებაა, რომელიც აერთიანებს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სამხედრო ძალებს (ჯარებს). სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე ჯარის უმთავრეს დანიშნულებას შეიარაღებული ბრძოლის წარმოება წარმოადგენს. სახელმწიფოს მიმართ სამხედრო ფართომასშტაბიანი აგრესიის შემთხვევაში ქვეყანაში რეგულარული ჯარის ნაწილები საკმარისი არ არის, ამიტომ ყველა თავდაცვისუნარიან სახელმწიფოს რეზერვისა და მობილიზაციის მოქნილი და ეფექტური სისტემა გააჩნია.

ამერიკის შეერთებული შტატები – აშშ-ს შეიარაღებული ძალები შედგება რეგულარული ჯარის ერთეულებისა და სარეზერვო ძალების კომპონენტებისაგან (ნაციონალური გვარდია და სამხედრო ძალების სახეობების მიხედვით რეზერვი). შეიარაღებული ძალების მთავარსარდალობას აშშ-ს პრეზიდენტი თავდაცვის მინისტრის მეშვეობით ახორციელებს. ნაციონალური გვარდიის და სარეზერვო ძალების ფედერალურ დონეზე მართვა, ჯარის სხვა რეგულარული ნაწილების მსგავსად, სტრუქტურულად ერთმანეთთან დაკავშირებული, მაგრამ ფუნქციონალურად ერთმანეთისგან განსხვავებული, ადმინისტრაციული და ოპერატიული მიმართულების მიხედვით ხორციელდება. ადმინისტრაციული მმართველობა (შეიარაღებული ძალების მშენებლობა) ხორციელდება ჯარის სახეობების მიხედვით სამინისტროების (სარდლობის), ხოლო ოპერატიული მმართველობა (სამხედრო ნაწილების წვრთნა და საბრძოლო ოპერაციებში ხელმძღვანელობა) – გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელობის მეშვეობით. გაერთიანებული შტაბების (გენშტაბის) თავჯდომარე წარმოადგენს კოორდინატორს სხვადასხვა სახეობის ჯარის სარდლობას შორის და სამხედრო საკითხებში პრეზიდენტისა და თავდაცვის მინისტრის მთავარი მრჩეველია. გაერთიანებული შტაბები შეიქმნა 1947 წელს „ნაციონალური უსაფრთხოების შესახებ” კანონის საფუძველზე. ამ კანონის თანახმად გაერთიანებული შტაბის ფუნქციაში შედის უზრუნველყოს აშშ-ს შეირაღებული ძალების  ნაწილების (მათ შორის სარეზერვო ძალების) ოპერატიული მართვა, რათა შესაძლებელი იყოს სტრატეგიული მიზნებისათვის მათი ეფექტური გამოყენება და ჯარის დანარჩენ  ნაწილებთან ინტეგრირება.

აშშ-ში სარეზერვო ძალები იყოფიან ორგანიზებულ და არაორგანიზებულ ნაწილებად. რეზერვის ორგანიზებულ ნაწილს მიეკუთვნება ნაციონალური გვარდია (National Guard of the United States), რომლიც ყოველი შტატის ტერიტორიაზე არსებობს. არაორგანიზებულ ნაწილს მიეკუთვნება თადარგში დათხოვნილი სამხედრო  მოსამსახურეები, რომლეთაც გააჩნიათ შესაბამისი სამხედრო მომზადება და გამოცდილება. ნაციონალური გვარდია ექვემდებარება როგორც შტატის ისე ფედერალურ მთავრობებს. ნაციონალური გვარდიის ნაწილების ჩართვის უფლება ტექნოგენური და სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციის სამუშაოებში (11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმა, ქარიშხალი – „კატრინა”) შტატის მთავრობას გააჩნია, ხოლო საბრძოლო ოპერაციებში მათი მონაწილეობის მიღების (მათ შორის ქვეყნის ფარგლებს გარეთ – ერაყის, ავღანეთის ომები) გადაწყვეტილებას პრეზიდენტი ღებულობს თავდაცვის მინისტრისა და გაერთიანებული შტაბების თავჯდომარის რეკომენდაციის საფუძველზე. რეზერვის არაორგანიზებული ნაწილების ჩართვა საბრძოლო ოპერაციებში შესაძლებელია მხოლოდ საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში.

ნაციონალურ გვარდიაში სამხედრო სამსახურის გავლა ითვალისწინებს:

  • რეზერვისტთა სამხედრო სამსახურის შეთავსებას სამოქალაქო სპეციალობით მათ ძირითად საქმიანობასთან;
  • რეზერვისტთა სამხედრო სამსახურში გამოყენებას მათი სამოქალაქო კვალიფიკაციის ან/და სამხედრო-სპეციალური ცოდნის მიხედვით.

ნაციონალურ გვარდიაში სამხედრო სამსახურის გავლა ნებაყოფლობითია ორივე სქესისთვის. ნაციონალურ გვარდიის რეზერვისტი ვალდებულია დასვენების დღეებში ყოველწლიურად 48-ჯერ გაიაროს ოთხსაათიანი მომზადების პროგრამა. ასევე ყოველწლიურად ჯარის რეგულარულ ნაწილებთან ერთად გაიაროს ორკვირიანი სავალდებულო წვრთნები. დამსაქმელ ორგანიზაციას კანონით ეკრძალება ხელი შეუშალოს რეზერვისტს საკუთარი სამხედრო მოვალეობების შესრულებაში. ნაციონალური გვარდიის რეზერვისტები ჯამაგირის გარდა,  სხვადასხვა სოციალური პროგრამების ფარგლებში სარგებლობენ შეღავათებით, როგორც სამხედრო მოსამსახურეები.

დიდი ბრიტანეთი – სახმელეთო ჯარები გაერთიანებული სამეფოს შეირაღებული ძალების ყველაზე მრავალრიცხოვან სამხედრო ფორმირებას წარმოადგენს. სახმელეთო  ჯარების ფუნქციებში შედის: ნაციონალური ინტერესების დასაცავად სამხედრო ოპერაციების წარმოება, ევრო-ატლანტიკური სტრუქტურების ეგიდით სხვადასხვა სამშვიდობო და ჰუმანიტარულ მისიებში მონაწილეობის მიღება, ტექნოგენური და სტიქიური უბედურებების გამომწვევი მიზეზებისა და მათი შედეგების ლიკვიდაცია. დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ქვეყნის მონარქია, რომელიც თავდაცვის სამინისტროსთან არსებული თავდაცვის საბჭოს მეშვეობით ახორციელებს თავის ფუნქციებს.

გაერთიანებული სამეფოს სახმელეთო ძალები შედგება რეგულარული ჯარის ნაწილებისგან და რეზერვისგან. 1996 წელს მიღებულ „სარეზერვო ძალების შესახებ” კანონში დეტალურად არის გაწერილი სარეზერვო სამსახურში გაწვევის წესები და პირობები, რეზერვისტთა უფლებები და მოვალეობები, აგრეთვე რეზერვში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან აღებული სოციალური ვალდებულებები.

სარეზერვო ძალები ორ ნაწილად იყოფა: სავალდებულო და ნებაყოფილობითი რეზერვი (ტერიტორიული არმია). ტერიტორიული არმიის ნაწილები განლაგებულნი არიან ქვეყნის მთლიან მასშტაბით, სადაც კი იმყოფება მათთვის გამოყოფილი სამხედრო-მოსამზადებელი ცენტრები. ასეთ ცენტრებში რეზერვისტთა რაოდენობა 30-დან 600 კაცამდე აღწევს. ტერიტორიული არმიის ფუნქციები არამარტო რეგულარული ჯარის წინაშე დასმულ ამოცანების შესრულებას მოიცავს, არამედ კიდევ სხვა ფუნქციებიც გააჩნია, კერძოდ: ტოტალური ომის პირობებში რეგულარული სამხედრო ნაწილების შევსება/ჩანაცვლება, სამხედრო და სამოქალაქო დანიშნულების კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის დაცვის უზრუნველყოფა, ანტიტერორისტულ ოპერაციებში მონაწილეობის მიღება და სხვა.

ტერიტორიული არმიის დაკომპლექტება რეზერვისტ-კონტრაქტიკებისაგან ხორციელდება. გარდა ამისა 1881 წელს ჩატარებული სამხედრო რეფორმის თანახმად ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში არსებობს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული პრინციპით განლაგებული პოლკები, რომელთაც მობილიზაციის შემთხვევაში ევალებით დიდი ბრიტანეთის შეირაღებული ძალების შევსება რეზერვისტებით. რეზერვისტთა აყვანა სამხედრო სამსახურში ქვეყნის ტერიტორიაზე ხორციელდება სამხედრო-მოსამზადებელ ცენტრებში სპეციალურად გამოყოფილი ოფიცრების მიერ, იგივე მოვალეობას ქვეყნის საზღვრების გარეთ გენერალური კონსული ახორციელებს. კონტრაქტი რიგითი  ჯარისკაცთა შემადგენლობასთან ფორმდება 3, 6 ან 9 წლის, ხოლო ოფიცერთა შემადგენლობასთან 19-25 წლის ვადით. სამხედრო სამსახურში აყვანამდე რეზერვისტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს დამსაქმებელი ორგანიზაცია ინფორმირებულია და თანახმა რეზერვისტმა იმსახუროს სამხედრო სამსახურში. რეზერვისტმა სამხედრო მომზადებას ყოველწლიურად რამდენჯერმე გადის, მაგრამ მისი ხანგძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 50 დღეს, ხოლო ერთ გამოძახებაზე 21 დღეს. რეზერვისტების სამხედრო სამსახური ანაზღაურებადია და ითვალისწინებს სხვადასხვა სახის სოციალურ პროგრამებში (უფასო სამედიცინო მომსახურება და სხვა) ჩართულობას.

სავალდებულო სარეზერვო ძალების დაკომპლექტება აშშ-ს მსგავსად რეზერვში მყოფი პროფესიული სამხედრო მომსამსახურეებისგან ხორციელდება, რომელთა სამხედრო შეკრებებზეც გამოძახებაც ასევე პერიოდულად თავდაცვის სამინისტროს მიერ შედგენილი გეგმის მიხედვით ხდება.

ისრაელი – ისრაელის სამხედრო დოქტრინა ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობით განპირობებული. ისრაელის შეიარაღებული ძალების წინაშე დასმული ამოცანების შესრულება საგარეო და საშინაო საფრთხეებისაგან თავდაცვაზეა ორიენტირებული. ისრაელის სახელმწიფოს საკუთარი ადამიანური, ფინანსურ-ეკონომიკური, ბუნებრივი რესურსებისა და ბუნებრივი საზღვრების გათვალისწინებით არ გააჩნია „ქვეყნის სიღმეში” ხანგძლივი ომის წარმართვის უნარი. ამიტომ ისრაელის სამხედრო დოქტრინის პრიორიტეტია სწრაფი და მობილური შეიარაღებული ძალების ყოლა, რათა მოულოდნელი და სწრაფი დარტყმებით მოწინააღმდეგეს რაც შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს. აღნიშნულიდან გამომდინარეობს ისრაელის შეიარაღებულ ძალების რეზერვირებისა და მობილიზაციის სისტემის ფუნქციონირების პრინციპიც. სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას ექვემდებარება 18 წელს გადაცილებული ისრაელის ყველა მოქალაქე (მათ შორის ის პირებიც, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა გააჩნიათ) სქესის მიუხედავად. სამხედრო-სავალდებულო სამსახურის დამთავრების შემდეგ ყოველი რეზერვისტი ვალდებულია ყოველწლიურად გამოცხადდეს სამხედრო შეკრებაზე და გაიაროს 45 დღიანი სამხედრო მომზადება და წვრთნები. რეზერვის შეკრებებზე გამოცხადებას ექვემდებარება ყველა მოქალაქე 45 წლის ასაკის ფარგლებში.

შვეიცარია – ნეიტრალური სახელმწიფო ცენტრალურ ევროპაში. შვეიცარიას მუდმივი ნეიტრალიტეტის მიუხედავათ საკმაოდ კარგად გაწვრთნილი და აღჭურვილი ჯარი გააჩნია. მისი შეირაღებული ძალები რეგულარული სამხედრო ნაწილებისგან და რეზერვისაგან შედგება. მიუხედავათ იმისა, რომ რეგულარული ჯარის რიცხოვნობა არ აღემატება 22 ათას ჯარისკაცს, ტოტალური ომის პირობებში დროის ძალიან მცირე მონაკვეთში მას 650 ათასი ჯარისკაცის მობილიზება შეუძლია. რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის გამართული მუშაობა ქვეყანას  საშუალებას აძლევს მცირე დანახარჯებით საკმაოდ ეფექტური და მობილური შეიარაღებული ჯარის ნაწილები იყოლიოს. შვეიცარის სამხედრო რეზერვის მოდელი საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა მუშაობდეს ქვეყნის თავდაცვის სისტემა სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის პრინციპის საფუძველზე. რეზერვისტების პირველადი მომზადების პროგრამა 90 დღიანია და სამხედრო შეკრების დასრულების შემდეგ რეზერვისტზე გაიცემა კუთვნილი იარაღი, საბრძოლო მასალა და ფორმა, რომელითაც იგი საერთო მობილიზაციის შემთხვევაში შეკრების ადგილზე უნდა გამოცხადდეს. იმ შემთხვევაში თუ რეზერვისტი გადაწყვეტს გააგრძელოს პროფესიული სამხედრო კარიერა, მაშინ მას დამატებით 100 დღიანი ოფიცრის კურსების გავლა მოუწევს.

რეზერვისტის გამოცხადება სამხედრო შეკრებებზე სავალდებულოა. არ გამოცხადება ისჯება კანონით და იგი ეხება ყველა სამხედროვალდებულ პირს მიუხედავათ საზოგადოებრივი, ქონებრივი ან/და თანამდებობრივი სტატუსისა. ყველა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაცია ვალდებულია ხელი შეუწყოს რეზერვისტს თავისი მოვალეობის შესრულება. რეზერვისტს სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში უნარჩუნდება სამუშაო ადგილი და ხელფასი. რეზერვისტები სამ ასაკობრივ ჯგუფად იყოფიან:

  • I ასაკობრივ ჯგუფს „აუსცუგი” – 32 წლამდე რეზერვისტები განეკუთვნებიან, რომლებიც სამხედრო ნაწილში 10 წლის განმავლობაში 8-ჯერ გადიან 3 კვირიან სამხედრო მომზადების კურსს.
  • II ასაკობრივ ჯგუფს „ლანდვერი” – 42 წლამდე რეზერვისტები განეკუთვნებიან, რომლებიც 10 წლის განმავლობაში 3-ჯერ გადიან 2 კვირიან სამხედრო მომზადების კურსს.
  • III ასაკობრივ ჯგუფს „ლანდშტურმი” – 50 წლამდე რეზერვისტები განეკუთვნებიან, რომლებიც 8 წლის განმავლობაში ერთხელ გადიან 2 კვირიან სამხედრო მომზადების კურსს.

51 წლის ასაკის შვეიცარიის მოქალაქეები რეზერვის სამსახურის აღრიცხვიდან ავტომატურად იხსნებიან, რის შემდეგად ისინი ვალდებულნი არიან სამხედრო უწყებას ჩააბარონ მათზე გაცემული იარაღი, აღჭურვილობა, ტყვია-წამალი და ფორმა.

ესტონეთი – თავდაცვის ლიგა (კაიტსელიტი) წარმოადგენს მოხალისეებით დაკომპლექტებულ ესტონეთის ეროვნული თავდაცვის სამხედრო ორგანიზაციას, რომლის მიზანია დაიცვას ქვეყნის სუვერენიტეტი და კონსტიტუცია. თავდაცვის ლიგა შეიარაღებულ ძალებთან ერთად შედის ესტონეთის თავდაცვის ძალებში. თავდაცვის ლიგა თავდაპირველად შეიქმნა გასული საუკუნის დასაწყისში სახალხო მოძრაობის სახით, რომელიც იარაღით ხელში იცავდა საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობას. აღნიშნულმა ორგანიზაციამ დღემდე შეინარჩუნა საკუთარი მდიდარი ტრადიციები, სტრუქტურა და მიზანი. 1992 წელს ესტონეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ მთავრობამ თავდაცვის ლიგა ოფიციალურად შეიყვანა  ქვეყნის თავდაცვის სისტემაში, დაუბრუნა რა მას ადრე კუთვნილი ტირები, შეირაღება, სამხედრო აღჭურვილობა და მოამარაგა საბრძოლო მასალით. თავდაცვის ლიგა ფუნქციონირებს ესტონეთის კანონმდებლობისა და 1930 წელს მიღებული საკუთარი წესდების საფუძველზე. ლიგის მეთაურსა და შტაბის უფროს ნიშნავს რესპუბლიკის მეთაური გენშტაბის უფროსის წარდგინებით.

ესტონეთის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის პრინციპით მოქმედებს თავდაცვის ლიგის ადგილობრივი ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობაც მრავალმხრივია და მხოლოდ სარეზერვო ძალების წვრთნასა და აღჭურვას არ ეხება. ორგანიზაციაში გაერთიანების უფლება აქვთ როგორც ესტონეთის, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეებსაც. ლიგის წევრები სამ ჯგუფად იყოფიან: მოქმედ, დამხმარე და ვეტერან წევრებად. თავდაცვის ლიგა აქტიურად მონაწილეობს როგორც ქვეყნის შეიარაღებული ძალების სამხედრო წვრთნაში, ისე NATO-ს ეგიდით ჩატარებულ წვრთნებსა და სამშვიდობო ოპერაციებში.

განვითარებულ ქვეყნებში დახვეწილი სამობილიზაციო სისტემა „სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის პრინციპით” ფუნქციონირებს.იგი თანხვედრაში უნდა მოდიოდეს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციითა და ეროვნული სამხედრო სტრატეგით განსაზღვრულ მიზნებთან და ამოცანებთან. სარეზერვო ძალებს სახელმწიფოში ამოცანების ფართო სპექტრის შესრულება უწევთ, რაც გულისხმობს ომის პირობებში რეგულარული სამხედრო დანაყოფების შევსება/ჩანაცვლებას, სამხედრო და სამოქალაქო დანიშნულების კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის დაცვის უზრუნველყოფას, ანტიტერორისტულ ოპერაციებში, კრიზისის (ომის) შემდგომ პერიოდში სტაბილიზაციისა და სარეაბილიტაციო სამუშაოებში მონაწილეობის მიღებას, მათ შორის ტექნოგენური კატასტროფებისა და სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციას. სარეზერვო დანაყოფები ემორჩილებიან უმაღლეს მთავარსარდალს, რომელსაც უმრავლეს შემთხვევაში  ქვეყნის მეთაური წარმოადგენს.

საქართველოში რეზერვისტთა შეკრებებზე გაწვევა 2005 წლიდან დაიწყო. სამწუხაროდ სამი წლის შემდეგ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მოვლენებმა ნათლად დაანახა ფართო საზოგადოებას სამხედრო სარეზერვო ძალებში არსებული ნაკლოვანებები. აგვისტოს ომში რეზერვისტების ამოცანა იყო დახმარება გაეწიათ რეგულარული ჯარის ნაწილებისათვის მტრის შემოტევის შეჩერებაში, ხოლო უკან დახევის შემთხვევაში სამხედრო ტექნიკისა და ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია განეხორციელებინათ. ვერცერთ ამოცანას რეზერვის სამსახურმა თავი ვერ გაართვა და მხოლოდ საბედნიერო შემთხვევითობის წყალობით ცოცხალი ძალის დანაკარგები სარეზერვო ნაწილებში  უმნიშვნელო იყო.

2009 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულმა შტაბმა გამოაქვეყნა „საქართველოს სამხედრო რეზერვის კონცეფცია”, სადაც ქვეყნის თავდაცვის უწყება კრიტიკულად აფასებს სამხედრო რეზერვის სფეროში დაშვებულ შეცდომებს. კონცეფციის ავტორების აზრით რეზერვისტთა მომზადებაში დაშვებული შეცდომები ისეთი ნაკლოვანებებით იქნა განპირობებული, როგორიცაა რეზერვის შეკრების არასაკმარისი ხანგრძლივობა, მომზადების დაბალი ხარისხი, რეზერვისტთა უმრავლესობის მიერ სამხედრო საქმის არცოდნა, სერჟანტთა და ოფიცერთა ასეთ პროგრამებში მონაწილეობის გამოცდილების არ არსებობა და სხვა.

ქართულმა სახელმწიფომ მცდელობის მიუხედავათ პირველ ეტაპზე ვერ შესძლო ეფექტური სარეზერვო სამსახურის შექმნა. მაგრამ ეს საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა და კვლავაც აქტუალურია. რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის რეფორმირება მრავალმხრივი და რთული პროცესია, რომელიც ყველა განვითარებულმა სახელმწიფომ საწყის ეტაპზე გაიარა. საქართველოში რეფორმის ჩატარება სხვა სახელმწიფოებთან შედარებით მარტივი უნდა იყოს, რადგან მას პირველს არ უწევს გზის გაკვალვა ამ მიმართულებით. განვითარებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარება საქართველოს საშუალებას მისცემს რეზერვის მრავალი მოდელიდან შეარჩიოს ოპტიმალური ვარიანტი, რომელიც მის ნაციონალურ ინტერესებსა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას შუწყობს ხელს. საჭიროა მხოლოდ პოლიტიკური ნება და საკითხისადმი რაციონალური მიდგომა.

პუბლიკაციაში გამოყენებული წყაროები:

  1. ასოციაცია «სამართალი და თავისუფლება“ (2005), პრეზიდენტის მიერ სამხედრო სფეროში განხორციელებული საქმიანობის მონიტორინგის შედეგები, ttps://www.civil.ge
  2. აქუბარდია თ., სამხედრო ანალიტიკური ჯგუფი „ჰერი“ 2010, საქართველოს სამხედრო რეზერვი, გაკვეთილები და გამოწვევები http://www.presa.ge/new/?m=military&AID=911
  3. ანჩაბაძე გ., (2011), საქართველოს სამხედრო ისტორიის საკითხები (1921 წლამდე), თბილისი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 284.
  4. ბერია ლ., პირადი კომუნიკაცია, 2015.
  5. დიასამიძე ა., პირადი კომუნიკაცია, 2015.
  6. დუმბაძე ნ., ნონიაძე ა., (2005) TRACECA-ს სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუანრიანობის ანალიზი, თბილისი, გვ. 68-83.
  7. ელისაშვილი ა., პირადი კომუნიკაცია 2015.
  8. თევზაძე დ., (2013) კავკასიის გეოპოლიტიკური კვანძი: გაურკვეველი მომავალი, თბილისი.
  9. ლიკლიკაძე კ., (2011) საქართველოში ნებაყოფლობითი სამხედრო რეზერვი ამოქმედდა,

http://www.radiotavisupleba.ge/content/nebayoflobiti_rezervi/24382705.html

  1. ლიკლიკაძე კ., (2007), საქართველოს ხელისუფლება რეზერვისტთა გაწვევამდე სამობილიზაციო ორგანოებს წმენდს, http://www.radiotavisupleba.ge/content/article/1550641.html
  2. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია (2011), http://romania.mfa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=15თბ.
  3. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში (2015),http://www.eu-nato.gov.ge/ge
  4. საქართველოს თავაცვის სამინისტრო (2015), http://www.mod.gov.ge.
  5. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი(2009), საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვის კონცეფცია.
  6. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტი (2015).
  7. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (2014), საქართველოს ერვნული სამხედრო სტრატეგია, http://www.mod.gov.ge/documents/203040NMS-2007.geo.pdf
  8. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (2013), თავდაცვის რესურსების მართვის კონცეფცია, http://www.mod.gov.ge/documents/resursebis-martvis-koncefsia.pdf
  9. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (2013), თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2013-2016,

http://www.mod.gov.ge/documents/yzqhgsgsregeo.pdf

  1. საქართველოს მთავრობა (2012), საქართველოს თავდაცვის რეზერვის სისტემის კონცეფცია (პროექტი),

http://www.civil.ge/files/files/2012/ReserveForces-draft.pdf

  1. ჩადუნელი პ., (2014), საკადრო-საორგანიზაციო დივერსია ქართულ არმიაში 2004-2012, http://gcssi.org/wp2/?p=1111&lang=KA
  2. ჯავახიშვილი ი., (2012), ქართველის ერის ისტორია, ტ.2, თბილისი, პალიტრა L, გვ. 448.

http://www.geo-rmy.ge/index.php?option=com_content&view=article&id=756%3A2013-07-20-18-46-49&catid=42%3A2011-09-12-08-53-35&Itemid=122&lang=ka

  1. http://strate.ge
  2. http://army.ge
  3. http://www.geo-age

 

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული