სრულიად მოულოდნელად ჩვენი პატრიარქის ახალგაზრდობაში გადაღებული ფოტო მაჩვენა – ნინო ბურჯანაძე

„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ყოფნისას ერთ ისტორიას იხსენებს, რომელიც საქართველოს პატრიარქს ეხება:

“მინდა მოგითხროთ ძალიან ემოციური და თბილი ამბავი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ მოსკოვში ყოფნის დროს მოხდა.

მე და ჩემი შვილი, ქუჩაში ვსეირნობდით, როდესაც ემოციური შეძახილით სრულიად უცნობმა ადამიანმა გაგვაჩერა და ფოტოს ერთად გადაღება გვთხოვა. მან ქართველების მიმართ დიდი სითბო გამოხატა. მსგავსი რამ ხშირად ხდება ხოლმე, მაგრამ გამაოცა იმ ფაქტმა, რაც შემდეგ მოხდა.

ამ ბატონმა ხელი გულის ჯიბისკენ წაიღო და მითხრა, რომ მას სურდა მისთვის ძალიან ძვირფასი ფოტო ეჩვენებინა. რა თქმა უნდა ვიფიქრე, რომ ეს მისი ოჯახის ფოტო იქნებოდა. სრულიად მოულოდნელად ჩვენი პატრიარქის ახალგაზრდობაში გადაღებული ფოტო მაჩვენა. თვალებს არ ვუჯერებდი! აღმოჩნდა რომ ის ამ ფოტოს, მისი მამის გარდაცვალების დღიდან თან ატარებდა ! ამ ბატონის მამა და ჩვენი პატრიარქი თურმე ერთად სწავლობდნენ სასულიერო აკადემიაში.

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მამას მისთვის მიუცია ეს ფოტო და უთქვამს: ეს ადამიანი ჩვენს კურსზე ყველასათვის პატივსაცემი და გამორჩეული იყო! ის არის წმინდა ადამიანი და მისი ფოტო განსაცდელისაგან დაგიცავს და ყოველთვის თან ატარეო.
ალბათ, წარმოგიდგენიათ ჩემი და ჩემი შვილის ემოციები! სიამაყით და სითბოთი აგვევსო გული!

ჩვენი პატრიარქი მსოფლიო მნიშვნელობის ფიგურაა, მით უფრო მართმადიდებლური სამყაროსთვის. ის მხოლოდ ჩვენ არ გვეკუთნის და ჩვენი, ქართველების ვალია მოვუფრთხილდეთ მას”, – წერს ნინო ბურჯანაძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *