პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი წარუდგინა “რუსთავი 2”-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, დიდი ოდენობით თანხების მითვისების და ქონების თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე

საქართველოს პროკურატურამ ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას ახალი ბრალი წარუდგინა:

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2019 წლის  20  ივლისს  საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2″-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე.

გამოძიების მსვლელობისას, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ბრალი წარედგინა „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა  გვარამიას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების მიზნით და გამოყენების ფაქტებზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ასევე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად გამოტანილია დადგენილება, რომლითაც ნიკა გვარამიას დამატებით ბრალი ედება საწარმოში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ნიკა გვარამიას მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის თებერვალში შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა „პორშეს ცენტრში“ მისი და მისი ოჯახის პირადი სარგებლობისთვის შეარჩია 76 700 ევროდ ღირებული ახალი ავტომობილი ,,Porche Macan S”, რომლის შეძენის მიზნით, ნიკა გვარამიამ მისი ნდობით აღჭურვილი პირის – ზ.გ-ს მეშვეობით, ავტომანქანის მფლობელი საწარმოს ხელმძღვანელებს, ტელეკომპანიის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ შესთავაზა, რომ ავტომობილის შეძენას განახორციელებდა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში მათი სარეკლამო რგოლების განთავსების ღირებულების სანაცვლოდ. ასევე, ნიკა გვარამიასა და მისი ოჯახის წევრებისთვის ავტომანქანის წინასწარ სარგებლობაში გადაცემისა და ე.წ. „ბარტერზე“ დათანხმების მიზნით, ხსენებულ კომპანიას დამატებით შესთავაზა როგორც ავტომობილის ღირებულების სანაცვლოდ გასაშვები სარეკლამო რგოლების, ასევე სამომავლოდ მათი სხვა სარეკლამო რგოლების ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საეთერო დროში შეღავათიან/დაბალ ფასად განთავსება, სარეკლამო სააგენტო შპს ,,პროესკო მედიას“ მეშვეობით.

შეთანხმებისამებრ, 2019 წლის 27 თებერვალს, ,,პორშეს ცენტრსა“ და შპს ,,პროესკო მედიას“ შორის, გაფორმდა ავტომანქანა ,,Porche Macan S”-ის ნასყიდობის ხელშეკრულება ღირებულებით – 76 700 ევრო, რომლის საფუძველზეც ავტომანქანა ნიკა  გვარამიასა და მისი ოჯახის ფაქტობრივ საკუთრებაში გადავიდა, ხოლო ფორმალურ მესაკუთრედ შპს ,,პროესკო მედია“ დაფიქსირდა. იმავე დღეს, ,,პორშეს ცენტრსა“ და შპს ,,პროესკო მედიას“ შორის, გაფორმდა სარეკლამო მომსახურებაზე ხელშეკრულება, ღირებულებით – 76 700 ევრო, რომლის ფარგლებშიც, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში რეკლამის განთავსება შეთანხმებისამებრ ხდებოდა შეღავათიან/დაბალ ფასად.

მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილის მფლობელი საწარმო ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და სრულად უხდიდა კონტრაქტორ საწარმოს – შპს ,,პროესკო მედიას“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სარეკლამო ღირებულებას, კომპანია, შეთანხმებისამებრ, მნიშვნელოვნად ამცირებდა  რუსთავი 2-ში, ზემოაღნიშნული კომპანიის შესაბამისი ბრენდის, რეკლამის განთავსების სანაცვლოდ გადასახდელ თანხებს, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი ადგებოდა ტელეკომპანიას.
ზემოაღნიშნული ქმედებებით, ნიკა გვარამიამ და მისმა ოჯახმა, ფაქტობრივ საკუთრებაში მიიღო ძვირადღირებული ავტომობილი – ,,Porche Macan S”, ხოლო შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა განიცადა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

ნიკა  გვარამიას, ბრალდების შესახებ დადგენილება საქართველოს გენერალურ პროკურატურაში  წარედგინა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *