3 მილიარდი ლარის ინვესტიცია სოფელს – გიორგი ვაშაძე

რიგით მეოთხე თემატურ პრეზენტაციაზე, რომელიც სოფლის მეურნების განვითარებას მიეძღვნა, ის მთავარი პრობლემები გამოიკვეთა, რაც სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებს.

„ახალი საქართველოს“ ლიდერმა და სტრატეგია „აღმაშენებლის“ იდეის ერთ-ერთმა ავტორმა, გიორგი ვაშაძემ, საზოგადოებას პრობლემების მოგვარების ახალი ფორმულა შესთავაზა. ვაშაძის მიერ წარმოდგენილი გეგმის რეალიზაციის შემთხვევაში, ორი წლის შემდეგ სოფლის მეურნეობა დამატებით 3 მილიარდი ლარის ინვესტიციას მიიღებს.

სოფლის მეურნეობის მოდელი, რომელიც წარვადგინეთ, ითვალისწინებს იმას, რომ მისი რეალიზაციიდან სულ რაღაც ორ წელიწადში საქართველოში სოფლის მეურნეობის მიმართულებით, დაახლოებით სამი მილიარდი ლარის ინვესტიცია შემოვა. აქედან გამომდინარე კონკრეტულ შემოსავალს მიიღებენ ოჯახები, რომლებიც სოფლის მეურნეობით არიან დაკავებულნი.

დღეის მონაცემებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციაში 351,9 მლნ დოლარის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი გვაქვს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ყოველწლიურად 351,9 მლნ დოლარით მეტ სოფლის მეურნეობის პროდუქტს ვყიდულობთ, ვიდრე ვყიდით. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ 725 000 ჰექტარი მიწის ფართობიდან, სარწყავ ფართებზე პრობლემა 598 000 ჰექტარზე გვაქვს. ხოლო 802 000 ჰექტარი, რომელიც გვაქვს, სახნავ-სათესი მიწებია და 600 000 ჰა აუთვისებელია.

ყველაზე საგანგაშო ისაა, რომ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის გამომუშავება ოჯახში მხოლოდ 57 ლარია. სწორედ ამ ძირითადი პრობლემების გადასაჭრელად შევიმუშავეთ ფორმულა, რომელიც ყველაფერ ამას მოაგვარებს და რომლის მეშვეობითაც სოფლად მაცხოვრებლების ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, სტრატეგია „აღმაშენებლის“ გუნდი თემატურ პრეზენტაციებს საზოგადობას ყოველკვირეულად წარუდგენს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *