ავტომფლობელებს მინდა ვთხოვო და მოვუწოდო, სიფრთხილით მოეკიდონ პარკირების წესებს, რათა არ მოხდეს მათი დაჯარიმება – კახა კალაძე

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განცხადება გააკეთა პარკირების წესების დარღვევის გამო ჯარიმების გამკაცრებაზე, ისაუბრა ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის წესის შესახებ, კონკრეტულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ამნისტიის კანონთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

„მინდა დედაქალაქის მოსახლეობას და პირველი რიგში, ავტომფლობელებს მივაწოდო ინფორმაცია, ვთხოვო და მოვუწოდო, სიფრთხილით მოეკიდონ პარკირების წესებს, რათა არ მოხდეს მათი დაჯარიმება. ასევე, მნიშვნელოვანია აღვნიშნო, რომ ჯარიმის ჩაბარების წესი შეიცვალა. აქამდე მხოლოდ ფოსტით ეგზავნებოდა ადრესატს სამართალდარღვევის ოქმი, ამის შემდეგ, თუ ფოსტით ვერ მოხდება სამართალდარღვევის ოქმის ჩაბარება, იგი გამოქვეყნდება სპეციალურ ვებგვერდზე, რომლის მისამართიც არის www.tp.ge. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არის ჯარიმის ჩაბარებისა და გამოქვეყნების სწორედ ის მოდელი, რომელსაც იყენებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმის გამოწერიდან 10 დღის განმავლობაში, დაჯარიმებული პირი შევა ვებგვერდზე და გადაიხდის ჯარიმას, ის მიიღებს 20%-იან ფასდაკლებას და მას არ მოუწევს სრული ოდენობით ჯარიმის გადახდა. ჩვენ ასევე, უზრუნველვყოფთ დაჯარიმებული პირებისთვის SMS შეტყობინებების მიწოდებას მათზე დაკისრებული ჯარიმების შესახებ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ კიდევ ერთხელ განმარტა ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის წესი და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში მსგავსი პროექტი დედაქალაქის სხვა უბნებშიც განხორციელდება.

„იცით, რომ ჩვენ გადავდივართ ახალ სისტემაზე – ეს არის ზონალურ-საათობრივი პარკირება, რომელიც ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით იყო გარკვეული ხარვეზები. ჩვენ დავიწყეთ ყველაფრის მოწესრიგება. ორ კონკრეტულ ლოკაციაზე საპილოტე ზონალურ-საათობრივი პარკირების პროექტი ავამოქმედეთ, რომელიც საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს. ადგილობრივი მოსახლეობისთვის ავტომობილების გაჩერება არის უფასო. მათ უნდა დაარეგისტრირონ საკუთარი ავტომობილები შესაბამის ვებგვერდზე. ასევე, შშმ პირთათვის არის უფასო. სხვა დანარჩენებისთვის 15 წუთი არის უფასო, შემდეგ უკვე ზონიდან გამომდინარე გადახდის რეჟიმი ირთვება. მაგალითად, ერთი საათი ერთი ლარია. ჩვენ მსგავს პროექტს სხვა უბნებსა და ცენტრალურ რაიონებშიც განვახორციელებთ, რომ ეს მიმართულება მოწესრიგდეს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ ფერის სტანდარტის დარღვევისა და ნებართვის არქონის გამო, პირველ ოქტომბერს დაჯარიმებული ტაქსის მძღოლები ჯარიმის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან. მისი თქმით, პარლამენტი ერთჯერადი ამნისტიის აქტს გამოსცემს.

„როგორც მოგეხსენებათ, პარლამენტი ამნისტიის კანონს იხილავს. ამ დღეებში პირველი მოსმენით განიხილეს კანონპროექტი. თქვენ იცით, რომ ერთჯერადი ამნისტიის აქტი გამოიცემა და ეს ჯარიმები იქნება ჩამოწერილი. ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან პირები, რომლებსაც პირველ ოქტომბერს საპატრულო პოლიციამ გამოუწერა ჯარიმა ფერის სტანდარტის დარღვევის გამო. ესენი არიან ტაქსის ის მფლობელები, რომლებსაც ჰქონდათ ტაქსის ნებართვა, მაგრამ ავტომანქანა არ იყო თეთრი. ასევე, გათავისუფლდებიან პირები, რომლებსაც 30 სექტემბერს გაუვიდათ ნებართვის მოქმედების ვადა და პირველ ოქტომბერს დაჯარიმდნენ ნებართვის არქონის გამო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პირველი ნოემბრიდან A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ, ავტომანქანის სალონების ქიმიური წმენდის ვაუჩერით ისარგებლონ და სერვისის მისაღებად კონკრეტულ კომპანიებს მიმართონ.

კახა კალაძის თქმით, ტაქსის მფლობელები სერვისს შემდეგ მისამართებზე მიიღებენ: „ავტო სპა“, ბერი სალოსის გამზირის N31-ში, „დირსის“ კორპუსების მიმდებარედ და „ავტო შხაპი“, შეშელიძის N68-ში.

„გამოქვეყნებულ კონკრეტულ მისამართებზე A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს შეუძლიათ მიბრძანდნენ და ყოველგვარი გადასახადების გარეშე ისარგებლონ ამ სერვისით. გარდა ამისა, ვინც ისარგებლებს აღნიშნული ვაუჩერებით, მათ უფასოდ გადაეცემათ ტექნიკურ მომსახურებაზე 20%-იანი ფასდაკლების ბარათები“,- განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ტაქსის სერვისის გამწევთა განახლებულ სტატისტიკაზეც ისაუბრა. მისი თქმით, A კატეგორიის ტაქსების რაოდენობა ბოლო ერთ კვირაში 2000-ით გაიზარდა.

„A კატეგორიაში მონაწილე ტაქსების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. დღეის მდგომარეობით, გაცემულია 13 000-მდე ლიცენზია. რეგისტრირებულთა რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით, 2000-ით გაიზარდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, რომ ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება. რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს. სხვა მნიშვნელოვანი ეტაპებისა და მიმართულებების შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გავავრცელებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *