მერვე წელია ჯანდაცვაში არსებულ სისტემურ პრობლემებზე ვსაუბრობთ, ხელისუფლების მხრიდან კი სრული იგნორი იყო – მანანა ჯებაშვილი

საარჩევნო წლის დაწყებასთან დაკავშირებული მორიგი პოპულიზმი ჯანდაცვის მინისტრისგან, ასე აფასებს საქართველოს გასტროენტეროლოგთა და ჰეპატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მანანა ჯებაშვილი ჯანდაცვის მინისტრის მიერ დაანონსებულ რეფორმების მორიგ ტალღას. 

შეგახსენებთ, რომ 16 ოქტომბერს “ჯანდაცვის განვითარების ქართული მოდელის” პრეზენტაცია გაიმართა სტრატეგია “აღმაშენებლის” ფარგლებში, რომლის მიზანია შეიქმნას ინოვაციებზე და მაღალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მაქსიმალურად ხარჯთეფექტური ჯანდაცვის ქართული მოდელი, რომელიც მიაწოდებს პაციენტებს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას. ექიმი მანანა ჯებაშვილი აქტიურ მონაწილეობას იღებს სტრატეგია „აღმაშენებლის“ მიერ ჯანდაცვის პროგრამის შემუშავებაში.

„პრეზენტაციიდან მალევე ხელისუფლებამ დაიწყო ჯანდაცვის პრობლემებზე საუბარი. ჯერ, სამეგრელოს მოსახლეობასთან პრემიერ მინისტრის შეხვედრაზე მთავარი თემა იყო ჯანდაცვა, ხოლო შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმის პრეზენტაცია გამართა. ჩვენი მიზანიც ეს არის, რომ ხელისუფლება დაინტერესდეს ჯანდაცვაში არსებული მწვავე პრობლემებით. მთავარია, რომ მინისტრის მიერ წარმოდგენილი რეფორმის ძირითადი ნაწილი ჩვენი ჯანდაცვის პროგრამიდან არის, რასაც მივესალმებით (პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება, მედიკამენტების ფასის შემცირება და ხარისხის გაზრდა, ელექტრონული ჯანდაცვის განვითარება და ა.შ.). თუმცა, ჩვენი პროგრამა თავისი მასშტაბით ფართოა და ასევე უფრო დეტალურად არის განხილული ის მოდელები, რეგულაციები და მეთოდები, რომლის გამოყენებითაც მივაღწევთ სასურველ შედეგს.

მერვე წელია ჯანდაცვაში არსებულ სისტემურ პრობლემებზე ვსაუბრობთ და ხელისუფლების მხრიდან სრული იგნორი იყო. ახლა რას მივაწეროთ ამ მიმართულებით გააქტიურება და მოსახლეობისთვის ახალი დაპირებების მიცემა, საარჩევნო წლის დაწყებას ხომ  არა?!

ჩვენ ვგეგმავთ ჯანდაცვის მინისტრის მიერ დაანონსებული რეფორმის მონიტორინგს. ხელისუფლებას მოსახლეობისთვის მორიგ ჯერზე ცრუ დაპირებების საშუალებას არ მივცემთ“, – აცხადებს მანანა ჯებაშვილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *