საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილი დაინიშნა

საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურა დაამტკიცა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას დეპუტატებმა 85 ხმით მხარი დაუჭირეს.

გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ექვსი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

კენჭისყრამდე, გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა განიხილა. კომიტეტის სხდომაზე გრიგოლ ლილუაშვილმა ისაუბრა უსაფრთხოების კუთხით ქვეყანაში არსებულ მთავარ გამოწვევებსა და უწყების შემდგომი საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, ასევე, დეპუტატების კითხვებს უპასუხა. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას 11 ხმით მხარი დაუჭირა.

გრიგოლ ლილუაშვილის სუსის უფროსად დანიშვნას აფასებენ როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში:

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე: ლილუაშვილი არის პროფესიონალი კადრი, ეს არის მნიშვნელოვანი და ამიტომაც მმართველი პარტია მის კანდიდატურას უჭერს მხარს.

“ევროპული საქართველოს” წევრი სერგი კაპანაძე: ლილუაშვილი არაა დამოუკიდებელი კანდიდატი, როგორც კანონითაა გათვალისწინებული, ის იქნება პირდაპირ ივანიშვილის პოლიტიკის გამტარებელი.

პარლამენტარი ეკა ბესელია: ლილუაშვილთან მიმართებაში სანდოობისა და ერთგულების საკითხი აღმოჩნდა გადამწყვეტი.

შეკითხვაზე, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ბიძინა ივანიშვილთან, გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” თავმჯდომარესთან აქვს არაჩვეულებრივი ადამიანური ურთიერთობები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *