პარასკევი, აპრილი 19, 2024

ჩვენ რომ ვამბობთ, ჩვენთან არს ღმერთი, ეს ყველაფერზე მეტყველებს – ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე მნიშვნელოვან გზავნილებს შეიცავს საზოგადოებისადმი. ილია მეორე ქადაგებისას არაერთ ისტორიულ ფაქტს იხსენებს და უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს პიროვნების დაფასებას, რომ უნდა შეეწყოს ხელი პიროვნებას და ამ შემთხვევაში ჩვენ მივაღწევთ დიდ წარმატებას.

ჩვენთან არს ღმერთი

გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს.

,,დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი და ვერვინ შემძლებელ არს მადლის მიცემად საკვირველებათა შენთა”

საკვირველია ჩვენი წარსული, ჩვენი აწმყო და უფრო საკვირველი იქნება ჩვენი მომავალი.

პიროვნებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. თქვენ წარმოიდგინეთ წმინდა ნინო რომ არ ყოფილიყო, წმ. მეფე-დედოფალი მირიანი და ნანა არ ყოფილიყო, სიდონია არ ყოფილიყო, ქრისტიანობა არ მიგვეღო (IVს-ში), ვინ ვიქნებოდით ჩვენ?

ჩვენ ვიქნებოდით რიგითი ადამიანები. ეხლა წყალობა ღვთისა ნათლად ჩანს და ეს წყალობა ღვთისა უნდა შევინარჩუნოთ. უნდა დავაფასოთ პიროვნება. პიროვნებას უნდა შევუწყოთ ხელი და ამ შემთხვევაში ჩვენ მივაღწევთ დიდ წარმატებას.

სვეტიცხოვლობა არის უდიდესი დღესასწაული. შემთხვევით არ არის რომ სვეტიცხოვლობა და მცხეთობა ერთ დღეს აღინიშნება.

მე მახსენდება წარსული წლები, როცა კომუნისტური რეჟიმი იყო და ბევრი გაჭირვება ჰქონდა საქართველოს ეკლესიას და ქართველ ხალხს. ვერავინ ახსნის, როგორ გავუძელით ათასგვარ შემოტევას, როგორ მოვედით დღევანდელ დღემდე. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ გამოვიარეთ ეს განსაცდელი და დიდი მწუხარება გარდაიქცა სიხარულად. სიხარული არ მოგაკლოთ მამაზეციერმა თქვენ და საქართველოს.

ღმერთი მოწყალეა, ჩვენ რომ ვამბობთ, ჩვენთან არს ღმერთი, ეს ყველაფერზე მეტყველებს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ მარტონი არა ვართ, ჩვენთან არს ღმერთი!“, – აღნიშნავს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ქადაგებისას.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული