2013-18 წლებში პიარსამსახურში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა და ანაზღაურება მზარდია – საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ საკუთარ რესურსზე აქვეყნებს კვლევის შედეგებს, რომლის თანახმადაც დგინდება, რომ 2017-2018 წლების პერიოდში ხელისუფლების მიერ დაქირავებული პიარსამსახურების თანამშრომლების რაოდენობა და მათი ანაზღაურებისთვის ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯები კვლავ მაღალია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ ამ თემაზე გამოქვეყნებული წინა კვლევის მიმართ მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, ორგანიზაცია აგრძელებს საკითხის შესწავლას და ამჯერად 2017-2018 წლების მონაცემებს გთავაზობთ. შარშანდელი კვლევის ძირითადი ტენდენციის საფუძველზე, რომელიც 133 უწყებიდან გამოთხოვილ ინფორმაციას ეყრდნობოდა, წინამდებარე კვლევის ფარგლებში მაქსიმალურად გავზარდეთ იმ საჯარო უწყებების რაოდენობა (216-მდე), საიდანაც გამოვითხოვეთ ინფორმაცია საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში დასაქმებული პირების რაოდენობისა და მათ მიერ მიღებული ანაზღაურების შესახებ. პასუხი მივიღეთ 194 უწყებიდან.[1] არასრულყოფილი ინფორმაცია მოგვაწოდა რამდენიმე დაწესებულებამ, მათ შორის, თბილისის მერიამ. მთავრობის ადმინისტრაციამ კი არაზუსტი ინფორმაცია გამოგზავნა. ვინაიდან ცალკეული უწყების ინფორმაცია გვაკლია ან მოწოდებული ინფორმაცია არასრულია, შესაძლოა, მონაცემებში იყოს მცირე ცდომილება, მაგრამ ეს საერთო ტენდენციაზე გავლენას ვერ ახდენს.

კვლევის მთავარი მიგნებები

  • საჯარო უწყებების საზოგადოებასთან/მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, დაახლოებით, 4%-ით არის გაზრდილი. 2017 წელს 194 უწყების პიარსამსახურში დასაქმებული იყო 996 თანამშრომელი, ხოლო 2018 წელს  – 1037.[2]
  • 2018 წელს, წინა წელთან შედარებით,  პიარსამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურება (ხელფასი, პრემია, ბონუსი, დანამატი) დაახლოებით, 2 მილიონ ლარამდე არის გაზრდილი, რაც, 10%-მდე ზრდას წარმოადგენს. 2017 წელს 194 უწყების პიართანამშრომელთა ანაზღაურებამ, საერთო ჯამში,  18 111 258 ლარი შეადგინა, 2018 წელს კი – 20 047 896  ლარი.
  • 2013 წლიდან დღემდე ყოველწლიურად იზრდება საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა და მათი ანაზღაურებისთვის დახარჯული თანხა.
  • მთავრობის ადმინისტრაციამ პიარსამსახურში დასაქმებულთა რაოდენობის და მათი ანაზღაურების შესახებ ორჯერ განსხვავებული ინფორმაცია მოგვაწოდა. მოგვიანებით განმარტეს, რომ მონაცემები შეეშალათ, მაგრამ ზუსტი ინფორმაცია, მოთხოვნის მიუხედავად, აღარ მოგვცეს.

2013-2018 წწ. პიარსამსახურში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა და მათი  ანაზღაურება

2013 წლიდან 2018 წლის ჩათვლით პიარსამსახურში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა და ანაზღაურება მზარდია, მსგავსი ტენდენცია ნარჩუნდება 2017-2018 წლებში.[3]

*მაქსიმალურად ზუსტი შედარებისთვის ცხრილში მოცემულია იმ 133 უწყებიდან გამოთხოვლი მონაცემი, რომელიც 2018 წელს გამოქვეყნებული კვლევისას გამოვიყენეთ.

*მაქსიმალურად ზუსტი შედარებისთვის ცხრილში მოცემულია იმ 133 უწყების გამოთხოვილი მონაცემი, რომელიც 2018 წელს გამოქვეყნებული კვლევისას გამოვიყენეთ.

194 უწყებიდან მიღებული ახალი ინფორმაციის დამუშავების შედეგად აღმოჩნდა, რომ 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, საბიუჯეტო უწყებების პრესსამსახურში დასაქმებული ადამიანების ანაზღაურება 1.9 მლნ ლარით არის გაზრდილი. გაიზარდა თანამშრომლების რაოდენობაც.

ყველაზე მეტი – 73 თანამშრომელი, მედიასთან/საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროშია დასაქმებული, მას  თავდაცვის სამინისტრო მოსდევს. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დასაქმებულთა 2018 წლის ათეული  ასე გამოიყურება:

*ათეული მოცემულია 194  უწყებიდან

პიარის თანამშრომელთა ანაზღაურებაში ყველაზე მეტ თანხას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ხარჯავს, მას ცოტათი ჩამორჩება საქართველოს პარლამენტი და შინაგან საქმეთა სამინისტრო.

*ათეული მოცემულია 194  უწყებიდან

მთავრობის ადმინისტრაცია

2018 წელს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით მოიცავდა მონაცემებს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ლიდერობდა საზოგადოებასთან/მედიასთან ურთიერთობის სამსახურში დასაქმებული თანამშრომლებისა და მათთვის გადახდილი ანაზღაურების მხრივ. მაშინ აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს გზით მოვიპოვეთ. სამწუხაროდ, მიმდინარე კვლევა მთავრობის ადმინისტრაციის მონაცემებს არ მოიცავს, ვინაიდან არაერთი მცდელობის მიუხედავად, მათგან სრული ინფორმაციის მიღება ვერ შევძელით.

წელს გამოთხოვილ ინფორმაციაში (ვითხოვდით 2017 და 2018 წლების მონაცემებს) 2017 წელთან დაკავშირებით რადიკალურად განსხვავებული ინფორმაცია მოგვაწოდეს, ვიდრე ეს იყო წინა წელს. კერძოდ,  „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ 2017 წლის ნოემბერში გამოთხოვილი წერილის მიხედვით, 2017 წელს საზოგადოებასთან/მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტში თანამშრომელთა რაოდენობა  67 იყო, ხოლო 2019 წელს მოწოდებული ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში იმავე, 2017 წელს, 42-ით ნაკლები, 25 ადამიანი ჰყავდათ დასაქმებული. არ ემთხვევა ანაზღაურების შესახებ მოწოდებული ინფორმაციაც. კერძოდ, 2017 წლის წერილის მიხედვით, მათ ანაზღაურებაში 2 724 525 ლარი დაიხარჯა, ახალ წერილში კი ნათქვამია, რომ იმავე პერიოდში სახელფასო ანაზღაურებისთვის 84 886 ლარია გაცემული  – სხვაობა 2 639 639 ლარია.

აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება მთავრობის ადმინისტრაციას ვკითხეთ, სადაც გვიპასუხეს, რომ უწყებამ 2018 წლის წერილში ინფორმაცია „მთლიანი დანაყოფის“ შესახებ, ხოლო 2019 წლის 20 თებერვლის წერილში, მხოლოდ იმ მოსამსახურეების შესახებ მოგვაწოდა, რომელთაც კონკრეტულად მედიასთან აქვთ ურთიერთობა და „სწორედ, აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე დაფიქსირდა წარმოდგენილ მონაცემებს შორის სხვაობა“.

ეს განმარტება ჩვენთვის არადამაჯერებელი აღმოჩნდა შემდეგი მიზეზების გამო: 

  1. მთავრობის ადმინისტრაციაში გაგზავნილ ორივე წერილში ინფორმაციას ვითხოვდით ერთი ფორმულირებით;
  2. მთავრობის ადმინისტრაციის მონაცემებზე დაყრდნობით გამოდიოდა, რომ საზოგადოებასთან/მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომლებს, საშუალოდ  თვეში 283-ლარიანი ხელფასი ჰქონიათ, რამაც გააჩინა დამატებითი კითხვები მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტესთან დაკავშირებით.

სწორედ ამიტომ, მთავრობის ადმინისტრაციაში  ანაზღაურების შესახებ მათ მიერ მოწოდებული საეჭვო მონაცემის  გადამოწმებაც ვცადეთ, რა დროსაც სატელეფონო საუბრისას გვითხრეს, რომ შეეშალათ და 1 თვის მონაცემები გამოგვიგზავნეს. ჩვენ სწორი მონაცემების თავიდან გამოგზავნა წერილობით მოვითხოვეთ, თუმცა მიუხედავად საჯარო ინფორმაციის მოწოდების კანონით დადგენილი ვადის გასვლისა, პასუხი არ მიგვიღია.


[1]კვლევაში შესულია ხელისუფლების სამივე შტოს – საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო უწყებების, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სსიპ-ების მონაცემები.

[2]მონაცემები მოიცავს, როგორც შტატიან, ისე ხელშეკრულებით დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობას.

[3]ვინაიდან მთავრობის ადმინისტრაციამ 2017-2018 წწ. პრესსამსახურში დასაქმებულთა რაოდენობისა და ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია არ მოგვაწოდა, საერთო ტენდენციის საჩვენებლად, გრაფიკები  2013-2016 წლების მთავრობის ადმინისტრაციის მონაცემებსაც არ მოიცავს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *