ჩვენი სტრატეგიის მიხედვით ქვეყანაში ჯამური ინვესტიცია 2 მილიარდ 760 მილიონი იქნება „ინდუსტრიული პარკების“ შექმნაში – გიორგი ვაშაძე

„ახალი საქართველოს“ ლიდერმა და სტრატეგია „აღმაშენებლის“ იდეის ავტორმა, 8 ოქტომბერს, საზოგადოებისთვის პირველი თემატური პრეზენტაცია გამართა. გიორგი ვაშაძემ და კამპანიაზე მომუშავე გუნდმა, მოსახლეობას ქვეყნის ახალი ეკონომიკური მოდელი წარუდგინეს. როგორც ჯგუფის წევრები აცხადებენ, ქვეყნის ეკონომიკური ველის გასაუმჯობესებლად ინდუსტრიული პარკების დაფუძნება მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. მათი თქმით, თითოეული თემა, რომელსაც ისინი სტრატეგია „აღმაშენებლის“ ფარგლებში საზოგადოებას წარუდგენენ 50-მდე ქართველი და უცხოელი ექსპერტის მიერ შეიქმნა, სადაც გათვალისწინებულია 20 ყველაზე წარმატებული ქვეყნის მაგალითი. როგორც გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, იმისთვის რომ საქართველოში ყოველ ოჯახს შემოსავალი გაეზარდოს, აუცილებელია ინვესტიციების მოზიდვა და სამუშაო ადგილების შექმნა, რასაც ინდუსტრიული პარკების შექმნის ფორმულა უზრუნველყობს.

იმისათვის, რომ ქვეყანამ ეკონომიკური წინსვლა განახორციელოს საჭიროა ინვესტიციების მოძიება. უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ეკონომიკურ პოტენციალის ზრდაზე, მათი ოჯახების შემოსავლის გაზრდაზე და ამის ფორმულა „ინდუსტრიული პარკების“ შექმნაშია.

ჩვენი სტრატეგიის მიხედვით ქვეყანაში ჯამური ინვესტიცია 2 მილიარდ 760 მილიონი იქნება. აქედან გამომდინარე ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობა 80 000-ს მიაღწევს. სწორედ ეს გახლავთ ჩვენი მიზანი, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც სტრატეგია აღმაშენებლის ფორმულის მიხედვით დიდ პროგრესს მოგვცემს, საქართველოში ყველა ოჯახზე აისახოს.

ჩვენ გვაქვს მაგალითები სხვა ქვეყნებისა, რომლებმაც მიაღწიეს წარმატებას ამ მიმართულებით და გააუმჯობესეს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა.

იბადება კითხვა იმასთან დაკავშირებით – აქვს თუ არა საქართველოს ამის პოტენციალი?! – დიახ, აქვს! ამისთვის კი საჭიროა რომ გავერთიანდეთ და სახელმწიფომ თავისი წვლილი შეიტანოს ინვესტორების დაინტერესებაში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

როგორც 8 ოქტომბერს გამართულ პრეზენტაციაზე აღნიშნეს ავტორებმა, სტრატეგია „აღმაშენებლის“ პროექტზე 50-მდე ქართველი და უცხოელი ექსპერტი, რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა. წარმატების ინდივიდუალური ფორმულის შესახებ ინფორმაციას, საზოგადოება სტრატეგიის გუნდისგან ყოველკვირეულად მიიღებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *