ჩემი შვილის ცხედარი გაციებულიც არ იყო, რომ ადვოკატმა ნაიარა ოტიაშვილმა ჩირქი მოსცხო – მამუკა ნაცვლიშვილი

გასული წლის თებერვალში, სასტიკი მეთოდებით მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის  მამა, მამუკა ნაცვლიშვილი, მსჯავრდებული ლადო გრიგალაშვილის ადვოკატის ნაიარა ოტიაშვილის დაკავებას ეხმაურება. შვილმოკლული მამა აცხადებს, რომ ბრალდებულის ადვოკატი მის შვილს უღირსად სწამებდა ცილს.

არავის ციხეში ჩასმას და არავის სიკვდილს ქრისტიანი ადამიანი არ ისურვებს, მაგრამ ეს ქალი ციხიდან გამოსაშვები არ არის. სულ მცირე მას საადვოკატო ლიცენზია უნდა ჩამოერთვას. მან ჩემ შვილზე ისეთ რაღაც ილაპარაკა, რაც არც კანონით და არც ეთიკითაა გამართლებული.

ეს არ არის ისეთი ადამიანი, ვის გამოც შეიძლება გამოხვიდე, გაამართლო და მხარი დაუჭირო. ეს შეიძლება მხოლოდ ოჯახის წევრმა გააკეთოს და მისი ციხეში ჩასმა არ მოისურვოს. მივმართავ ადვოკატებს, რომლებიც მას იცავენ და გულშემატკივრობენ, გადახედეთ ნაირა ოტიაშვილის საქმიანობას. თუნდაც, ჩემი შვილის საქმეში მის როლს. ჩემი შვილის ცხედარი გაციებულიც არ იყო, ჩირქი რომ მოსცხო. ამის დამადასტურებელი ფაქტებიც მაქვს. თუ საჭირო იქნება, სასამართლოშიც წარვდგები ჩვენების მისაცემად“, – განაცხადა მამუკა ნაცვლიშვილმა.

გასული წლის 22 თებერვალს რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ 20 წლის ანა ნაცვლიშვილის ცხედარი, ოჯახმა და ახლობლებმა, სახლთან ახლოს მიტოვებულ ავტოსადგომებთან მიაგნეს. იგი სასტიკი წამებით იქნა მოკლული, რისთვისაც ბრალდებულად (რომელიც ამჟამად უკვე მსჯავრდებულია) ცნობილი იქნა მისი შეყვარებული ლადო გრიგალაშვილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *