მთავრობამ მორის მაჩალიკაშვილის ოჯახს სოციალური დახმარება შეუწყვიტა – თეონა ჭალიძე

დაპატიმრებული მორის (ჰუსეინის) მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებისთვის დამატებითი პრობლემების შექმნის თაობაზე, ოჯახისთვის სოციალური შემწეობის მოხსნით, ხელისუფლების მხრიდან მიუღებელ ქმედებაზე ამახვილებს ყურადღებას “პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველოს” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, თეონა ჭალიძე:

მორის (ჰუსეინ) მაჩალიკაშვილის ოჯახს მთავრობამ სოციალური დახმარება, საარსებო შემწეობა შეუწყვიტა. ოჯახის ოთხი წევრიდან ჰუსეინი პოლიტიკური პატიმარია, ძმა არასრულწლოვანი იყო, დედ-მამა უმუშევარი. ხელისუფლება ბოროტად იყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტებს და სოციალური პროგრამაც პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გადააქცია.

სამარცხვინოა ყველა ის მეთოდი, რითაც ებრძვის ხელისუფლება თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს და კიდევ უფრო სამარცხვინოა, როცა მძიმე სოციალურ-ეკონომიურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების მორალური განადგურების შემდეგ, მათ ფიზიკურად განადგურებასაც ცდილობს.

ამ ოჯახს წლების განმავლობაში ეძლეოდა საარსებო შემწეობა, მაგრამ რაც ჰუსეინმა, მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად, რუსთაველზე კარვებში დაიწყო პროტესტის გამოხატვა, მას შემდეგ ამოიღეს მიზანში ის და მისი ოჯახიც.

თუ აქამდე არ ეკუთვნოდათ დახმარება, მაშინ რატომ აძლევდნენ?! რა შეიცვალა ბოლო 1 წელიწადში? გამდიდრდა ეს ოჯახი? ყველაფერი ნათელია!” – აცხადებს თეონა ჭალიძე.

ცნობისათვის: მორის (ჰუსეინ) მაჩალიკაშვილი, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სასიკვდილოდ დაჭრილი და შემდგომ გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ბიძაშვილია, მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი და ამის გამო შვილმოკლულ მამას მიაჩნია, რომ ჰუსეინის დაკავება მასზე ზეწოლის მიზნით მოხდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *