პარასკევი, აპრილი 19, 2024

“ბიუროკრატიული ხუშტურების გამო შეჩერებული საარსებო შემწეობა და შიმშილისთვის განწირული მოქალაქეები” – თეონა ჭალიძე NDI-ის კვლევას ეხმაურება

,,ახალი საქართველოს“ სოციალური მომართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე, NDI-ის კვლევებზე დაყრდნობით, კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას სოციალურად დაუცველ ადამიანთა უმძიმეს პრობლემებზე:

NDI -ის უახლესი კვლევის შედეგები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ქვეყანაში სოციალური პრობლემები კვლავ პრიორიტეტია. ნათელია, რომ ხელისუფლება მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებულ პოლიტიკას არ ატარებს. მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები ისევ უგულებელყოფილია მთავრობის მხრიდან.

სამუშაო ადგილები რომ არ არსებობს და არც არავინ ზრუნავს მათ შექმნაზე, ფასების ზრდა რომ ისევ ქვეყნის ყველაზე გაჭირვებულ მოსახლეობისთვისაა ყველაზე მტკივნეული და სიღარიბე რომ იზრდება – ეს ახალი არაა.

NDI-ის კვლევით – ,,მოსახლეობის ნახევარი ამბობს რომ ამჟამად იმაზე ნაკლები ფინანსური შესაძლებლობა აქვს, ვიდრე 5 წლის წინ ჰქონდა. მოსახლეობის ნახევრის თქმით  ბოლო 6 თვეში ჰქონია ისეთი შემთხვევა, როდესაც უსახსრობის გამო კომუნალური გადასახადების დაფარვა ვერ მოახერხა. გასული წლის განმავლობაში მოსახლეობის ნახევარს ჰქონია შემთხვევა როდესაც უსახსრობის გამო სედიცინო მომსახურება ან წამლის შეძენა გადაუდია“.

ოჯახების 50 პროცენტის შემოსავალი კი არ აღემატება 500 ლარს. რაც იმას ნიშნავს რომ ადამიანები ვერ იკვებებიან სრულფასოვნად.  ეს თანხა ხომ არსებობისთვის ძლივს ჰყოფნის ოჯახებს.

კვლევაში 54% ამბობს, რომ ოჯახს რომ დასჭირდეს მოულოდნელად 300 ლარის სესხება, ამ თანხის სესხებას უპროცენტოდ ვერ მოახერხებს.

ამ კითხვაზე პასუხის საფუძველზე კიდევ ერთხელ მოგმართავთ ჯანდაცვის ახალ მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს, სოციალური მომსახურების სააგენტოს. ბატონებო და ქალბატონებო შეგახსენებთ, რომ სოციალურად დაუცველთა ბაზაში 1000000 ადამიანი გყავთ, აქედან საარსებო შემწეობით არსებობს 500000-მდე ადამიანი. თქვენი ბიუროკრატიული ხუშტურების გამო ამ ადამიანებს პერიოდულად ხან გეგმიური და ხან არაგეგმიური გადამოწმებების დროს 3-4 თვით უჩერებთ საარსებო შემწეობის ჩარიცხვას, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს, ბავშვებს წირავთ შიმშილობისითვის.

როგორც ხედავთ, თუ აქამდე არ იცოდით, NDI-ის კვლევას მაინც დაუჯერეთ, ასეთ დროს ოჯახებს ფულის სესხება რომ დასჭირდეთ ან საერთოდ ვერ იშოვნიან ან ამას უპროცენტოდ ვერ მოახერხებენ. ამით ისევ უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ოჯახები ზარალდებიან. შეცვალეთ ეს მავნე პრაქტიკა და ოჯახს მანამ ნუ შეუჩერებთ საარსებო შემწეობის ჩარიცხვას, სანამ არ დადასტურდება რომ მას აღარ ესაჭიროება სახელმწიფოს დახმარება არსებობისთვის“, –  აღნიშნავს თეონა ჭალიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული