საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” 12 მიზანი და ღირებულება

საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელო” აქვეყნებს მამუკა ხაზარაძის მიერ სადამფუძნებლო ღონისძიებაზე არაერთხელ გაჟღერებული რიცხვი 12-ის დანიშნულებას – ანუ მოძრაობის 12 მიზანს და ღირებულებას:

1️⃣ ერთხელ და სამუდამოდ საქართველომ უნდა დაიბრუნოს საკუთარი ფუნქცია. ფუნქცია სამეზობლოში, ფუნქცია რეგიონში და მსოფლიო რუკაზე.

2️⃣ ანაკლია არის ბოლო კარიბჭე აზიასა და ევროპას შორის და სწორედ აი აქედან უნდა განმტკიცდეს ჩვენი ვექტორი. ვექტორი დასავლეთისკენ.

3️⃣ ჩვენ ანაკლიიდან უნდა ვუთხრათ ჩვენს სამშობლოს რომ ჩვენ გავიმარჯვებთ.

4️⃣ ბედნიერების ინდექსით ხუთეულში არიან მსოფლიოს ყველაზე პატარა ქვეყნები, რომლებსაც საქართველოს ზომის ტერიტორია და მოსახლეობა ჰყავს. მაშინ რა გვჭირს ჩვენ? რატომ არ გვაქვს ისეთი მიზანი, რომ ჩვენი ქვეყანაც იყოს ამ პირველ ხუთეულში, ან ათეულში?

5️⃣ ყველაზე დიდი პატრიოტიზმი არის პროფესიონალიზმი. ჩვენ არავის არ ვეჯიბრებით სამშობლოს სიყვარულში. ჩვენ უბრალოდ გვიყვარს სამშობლო. ეს არის მთვარი. დღეს არის უმნიშვნელოვანესი მომენტი, როდესაც ჩვენ სანთლით უნდა ვეძებოთ ის ადამიანები, რომლებმაც საკუთარ სფეროებში წარმატების ფორმულები იციან.

6️⃣ ჩვენ ვეძებთ ლიდერებს. წარმატებულ ადამიანებს. ეს გაერთიანება, უახლოეს მომავალში პოლიტიკური პარტია, იქნება ლიდერების პარტია. ეს არ იქნება მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის ან რომელიმე სახელის პარტია.

7️⃣ ჩვენ გვექნება ჰორიზონტალური სტრუქტურა, მწყობრად აწყობილი და კონკრეტული მიზნით შედეგზე ორიენტირებული. მე მესმის, რომ პოლიტიკაში კონკრტეტული თარიღები და მიზნები არ უნდა დასახო, რადგან ადამიანები ძალაუფლებისთვის მოდიან. ჩვენ პირიქით გავაკეთებთ – სწორედ კონკრეტულ თარიღებს და მიზნებს დავასახელებთ, იმისათვის, რომ ეს ქვეყანა ძალიან სწრაფად ან გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან. ან ვიქნებით ამ მენტალურ ჭაობში.

8️⃣ ჩვენ მოვძებნით 12 ლიდერს ყველა სფეროში. ეს პროცესი დაწყებულია. 12 რეფორმატორს მედიცინაში, 12 რეფორმატორს განათლებაში, სოფელში, რაიონში და დავსვამთ მათ მრგვალი მაგიდების გარშემო. იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ვიღაც მესიის ან ერთი კაცის გადასარჩენი კი არ არის, ის არის თითოეული ჩვენგანის გადასარჩენი. ლიდერობა ქართველს ოდითგანვე მოსდევს და მას ამის გაკეთება შეუძლია.

9️⃣ უნდა დავისახოთ. უნდა შევეჯიბროთ არა ჩვენი დონის, ჩვენს უკან მდგომ ან მაჩანჩალა ქვეყნებს, არამედ უნდა დავისახოთ მიზნად, რომ ყველა სფეროში უნდა ვიყოთ მოწინავე ქვეყანა. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ამის უზარმაზარი პოტენციალი გაგვაჩნია.

1️⃣0️⃣ როდესაც ემიგრაციაში წასული ადამიანები დაიწყებენ დაბრუნებას. ეს იქნება გამარჯვების პირველი ნიშანი. საქართველოში ქართველები უნდა დაბრუნდნენ, წასული ადამიანები უნდა დაბრუნდნენ.

1️⃣1️⃣ ,,ორ ზღვას შუა ძველთაძველად საომარი იყო ლელო,
ის გადარჩა და სახელად ეწოდება საქართველო.
მშობლიურო ჩემო მიწავ, შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,
რომ დავიცავ შენს დიდებას, წინაპართა ძვლებს დავიცავ.“

1️⃣2️⃣ ჩვენ დღეს ვაცხადებთ: ვაფუძნებთ მოძრაობას, რომელსაც ექნება გუნდურობის, მიზნების მიღწევის, სიყვარულის, ერთობის, საქართველოს გამარჯვებაზე ორიენტირებული მიზანი და ამ მოძრაობას ერქმევა ლელო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *