ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024

მამუკა ხაზარაძემ ახალი საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ლელო” დააფუძნა

პრეზენტაცია დღეს აფხაზეთიდან 4 კილომეტრში ანაკლიაში ზღვის ნაპირზე გაიმართა.

მამუკა ხაზარაძემ მკაფიოდ ისაუბრა ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე, მისი განახლების მნიშვნელობაზე და საქართველოს მოქალაქეებისთვის დადებითი დღის წესრიგის შექმნის აუცილებლობაზე.
ანაკლიაში შეკრებილმა წარმატებულმა ეკონომისტებმა, იურისტებმა, ბიზნესმენებმა, მენეჯერებმა, მეცნიერებმა, შემოქმედებითი ინდუსტრიების და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა დღეს შექმნეს და ხელი მოაწერეს მოძრაობა „ლელოს“ საზოგადოებრივ მანიფესტს.

რატომ?

ჩვენ ვართ მოძრაობა “ლელოს” წევრები – სხვადასხვა ასაკის, პროფესიისა და გემოვნების ადამიანები, რომლებმაც ჩვენს საქმიანობაში უკვე მივაღწიეთ წარმატებას, დავდეთ ჩვენი ლელო და ახლა უკვე ქვეყნის საერთო გამარჯვებისთვის ვერთიანდებით.
ჩვენ ვართ აქ იმიტომ, რომ გვსურს, ვიყოთ გამარჯვებული ქვეყნის შვილები. იმიტომ, რომ არ გვაკმაყოფილებს არსებული რეალობა, გვაღელვებს ეკონომიკური სტაგნაცია, სიღარიბე, ერთპიროვნული მმართველობა, სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლა, ბორდერიზაცია, უკანონობა და შერჩევითი სამართალი, კორუფცია და ნეპოტიზმი, საგანმანათლებლო და სოციალური სისტემის გაუმართაობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნგრევა, ემიგრაცია, უპერსპექტივობა.

ჩვენ ვერთიანდებით იმისათვის, რომ შევცვალოთ ქვეყანა, გადავიყვანოთ ის ახალ რელსებზე, შევქმნათ დემოკრატიული და სამართლიანი გარემო, გვქონდეს რეალიზიაციის და განვითარების საშუალება, დავიცვათ საკუთარი და სხვათა უფლებები, დავბრუნდეთ ემიგრაციიდან სამშობლოში, მივაღწიოთ დეოკუპაციას, უზრუნველვყოთ შვილების ღირსეული მომავალი, ვიყოთ ბედნიერები, დავდოთ ჩვენი საერთო ლელო.

როგორ?

ჩვენ ვქმნით საზოგადოებრივ პლატფორმას – ვქმნით 12 კაციან ლიდერთა გუნდებს. ვიკრიბებით 12 წარმატებული – უკვე გამოცდილი თუ ახალგაზრდა ლიდერი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ყველა სფეროში. ვიკრიბებით ყველა ქალაქში, რეგიონში, სოფელში, ქუჩაზე…

ჩვენ ვართ 12 X 12 და თითოეული ჩვენგანი ეძებს თავის ახალ 12 თანამოაზრეს. ჩვენ ვართ სახალხო საკრებულოები, რომლებიც ვთანხმდებით საერთო ღირებულებებზე, ვიწყებთ მოძრაობას ჰორიზონტალური პრინციპით, ვიზრდებით გეომეტრიული პროგრესიით, ვიწყებთ მართვას ქვემოდან. იქიდან, საიდანაც ყველაზე უკეთ ჩანს პრობლემაც და მისი გადაწყვეტის გზაც.

ჩვენ არ ველოდებით გმირს, მესიას, მხსნელს. დროა თითოეულმა ჩვენგანმა თავად ავიღოთ ინიციატივა და თავად შევქმნათ ჩვენი მომავალი, ვაქციოთ სურვილები რეალობად. გავაანალიზოთ სად ვართ დღეს და სად უნდა ვიყოთ ხვალ, შევქმნათ ქვეყნის განვითარების საპროგრამო დოკუმენტი, კონკრეტულად გაწერილი, ეფექტური და ერთიანი ხედვა. პრინციპები და ფასეულობები. ვაქციოთ განვითარება სწრაფ, უწყვეტ და შეუქცევად პროცესად და მივიღოთ საუკეთესო შედეგი.

ჩვენ არ გვაქვს დრო ვიკამათოთ პოლიტიკოსთა შეცდომებზე და უსასრულოდ ვაანალიზოთ ის, რაც უკვე იყო. ჩვენი მიზანია გაერთიანება არა წარსული წლების, არამედ ამ წლებში დაგროვილი პრობლემების წინააღმდეგ,

ჩვენი საქმე მომავალია და წარსულის გამოცდილების გააზრებით უკეთესი ხვალინდელი დღის შექმნა.

ჩვენ ვართ ყველაზე მახვილი და ობიექტური საზოგადოების თვალი. ის, ვინც პირველ რიგში კრიტიკულად აფასებს საკუთარ საქმიანობას. ის, ვინც ხედავს, აკონტროლებს, აანალიზებს, ქმნის და ცვლის.
ჩვენ არ გვეშინია შეცდომების, რადგან ერთ ძლიერ გუნდად ვერკინებით გამოწვევებს, მივდივართ წინ, ვდებთ ლელოს, ვიმარჯვებთ.

შემოგვიერთდი.
გახდი ლელოელი!
ლელო ერთობაშია!
ერთად მოვუტანოთ გამარჯვება საქართველოს!

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული