გრიგოლ ვაშაძე: “ჩვენ არ მივცემთ ივანიშვილს საშუალებას, ქუთაისს ჩამოართვას საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი”

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე ეხმიანება პარლამენტის ადგილმდებარეობის განსაზღვის საკითხს და მიმართავს საქართველოს მოსახლეობას:

გაერთიანებულ ოპოზიციას აქვს პატივი იდგეს ქუთაისლებთან ერთად ამ შენობის (საქართველოს პარლამენტის შენობა ქუთაისში) წინ, რომელიც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს სიმბოლო გახდა და ეს შენობა გახდება “ქართული ოცნების” კიდევ ერთი ტყუილის, სიცრუის და ქუთაისისადმი ზიზღის გამოხატვის სიმბოლო. ჯერ კონსტიტუციიდან ამოიღეს ის დებულება, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელია ქუთაისი, ახლა რეგლამენტში შეაქვთ ცვლილება, რომლითაც პარლამენტი გადადის თბილისში, რაც საცობებისა და ხალხის გაღიზიანების გარდა არაფერს არ გამოიწვევს, ხოლო ქუთაისს რაც შეეხება, ცდილობენ ქუთაისს წაართვან სოციალური, პოლიტიკური როლი“.

ამასთან, პრეზიდენტობის კანდიდატი ყურადღებას ამახვილებს კონკრეტულ საკითხებზე:

ქუთაისში პარლამენტის და სხვა სახელმწიფო დაწესებულებების არსებობა ამ ქალაქის და მთელი რეგიონის განვითარების წინაპირობაა – ქმნის სამუშაო ადგილებს, იწვევს ადგილობრივი ეკონომიკის ზრდას, აჩენს მეტი ინვესტიციის ჩადების ინტერესს…
რასაკვირველია, “ქართულ ოცნებას” არ აინტერესებს მოსახლეობის კეთილდღეობა. მათთვის მთავარია ბიტკოინებისა და მარიხუანის პლანტაციები და პირადი გამდიდრება მოქალაქის ჯანმრთელობის ხარჯზე. იმ ხელისუფლების არგუმენტი, თითქოს ქუთაისში პარლამენტის არსებობა დამატებით ხარჯებს იწვევდეს, რომელმაც ამ 6 წლის განმავლობაში უტიფრად ჩაიჯიბა ასობით მილიონი პრემია-დანამატი, სასაცილოა. მით უფრო, როცა ეს მცირედი ხარჯები ადგილობრივი მოქალაქეების შემოსავლების მატებაზე პირდაპირ აისახება“.

ასე რომ, ჩვენ არ მივცემთ ივანიშვილს საშუალებას, ქუთაისს ჩამოართვას საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი. ძალიან მალე “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში აღარ იქნება!” – აცხადებს გრიგოლ ვაშაძე

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *