ოლიგარქი კრიმინალთან ახლო თანამშრომლობით ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის მიერ პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული პირის შეწყალების ფაქტს ეხმიანება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და მიაჩნია, რომ ამით ივანიშვილმა პოლიციელის მკვლელობას აუნთო მწვანე შუქი:

ივანიშვილის მიერ „პრეზიდენტად“ გამწესებულმა ზურაბიშვილმა პოლიციელის მკვლელი კრიმინალი შეიწყალა და ამით კიდევ ერთხელ ფეხქვეშ გათელა ჩვენი ქვეყანის ინტერესები და სახელმწიფო ინსტიტუტები.

ოლიგარქი კრიმინალთან ახლო თანამშრომლობით ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს. პოლიციას, რომელიც წლების განმავლობაში პირადი რისკის ფასად ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და სიმშვიდეს, ქართულ სახელმწიფოებრიობას იცავდა, ხელისუფლებამ ორგანიზებულ დანაშაულს დაუქვემდებარა, ღირსება შეულახა. დღეს პოლიციის ოფიცრის შეურაცხყოფა, დამცირება, დაკნინება, პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა. ახლა უკვე, ივანიშვილმა პოლიციელის მკვლელობას აუნთო მწვანე შუქი.

პოლიციაზე ხელის აღმართვა სახელმწიფოებრიობის ჩამოშლის პირდაპირი გზაა, რასაც ქართული საზოგადოება, ჩვენ ყველანი ერთად, არცერთ შემთხვევაში არ დავუშვებთ. ძალიან მალე, უფრო ადრე, ვიდრე მას ჰგონია, ოლიგარქი წარსდგება საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკურ სამსჯავროზე და ახალი, ეროვნული, მომავალზე და განვითარებაზე ორიენტირებული ხელისუფლება პოლიციას კვლავ შეუქმნის საქმიანობის და ცხოვრების ღირსეულ პირობებს.

კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო უდიდესი პატივისცემა პოლიციის თანამშრომლების მიმართ. ჩვენ ვამაყობთ თქვენით.

საქართველოში უნდა გათენდეს!” – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *