24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა

1995 წლის 24 აგვისტოს პარლამენტის იმდროინდელი შემადგენლობის მიერ ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებასთან დაკავშირებით ეს დღე კონსტიტუციის დღედ გამოცხადდა საქართველოში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტმა, ქვეყნის უმაღლესი კანონი – საქართველოს კონსტიტუცია მაშინ 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ მიიღო.

1995 წლის 17 სექტემბერს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისა და საქართველოს პარლამენტის წევრებმა ხელი მოაწერეს კონსტიტუციის ოფიციალურ ტექსტს მთავრობის იმ სასახლეში, სადაც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

საქართველოს კონსტიტუციონალიზმის ისტორია სათავეს მე-20 საუკუნის დასაწყისიდან იღებს.

ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მიღებული იქნა 1921 წლის 21 თებერვალს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელთა კრების მიერ. ამ დროისათვის რუსეთის საოკუპაციო ჯარი “წითელი არმია” შემოჭრილი იყო საქართველოში. აღნიშნული კონსტიტუცია ძალაში რომ შესულიყო, ის უნდა გამოქვეყნებულიყო და ისტორიული ცნობების თანახმად ემიგრაციაში წასვლის წინ საქართველოს მაშინდელი მთავრობის ძალისხმევით “საქართველოს კონსტიტუცია” ქ. ბათუმში დაიბეჭდა.

საქართველოს პირველი კონსტიტუციის მნიშვნელოვანი დეტალები:

  • კონსტიტუციამ საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური წყობილების ფორმად აღიარა დემოკრატიული რესპუბლიკა და იგი მუდმივ, აუცილებელ ფორმად გამოაცხადა.
  • საქართველო გამოცხადდა თავისუფალ, დემოკრატიულ და განუყოფელ სახელმწიფოდ.
  • კონსტიტუციამ გააუქმა სიკვდილით დასჯა და აღიარა პიროვნების ხელშეუხებლობა.
  • ამ კონსტიტუციით ქალებს ხმის უფლება მიენიჭათ.

1995 წელს მიღებული კონსტიტუცია წლების განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა, მნიშვნელოვანი ცვლილება კი 2010 წელს განხორციელდა, როცა 15 ოქტომბრის რეფორმით გათვალისწინებულ იქნა ისეთი ცვლილებები, რომლებიც ძალაში შევიდა 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. ამ ცვლილებებით შეიცვალა სახელმწიფო მმართველობის ფორმა – საქართველო გახდა ნახევრადსაპრეზიდენტო რესპუბლიკა. შეიზღუდა პრეზიდენტის უფლებამოსილებები, იგი აღარ არის მთავრობის მეთაური, მთავრობის ფორმირებაში ფორმალურად იღებს მონაწილეობას, შესაბამისად გაეზარდა უფლებამოსილებები პრემიერ-მინისტრს და იგი გახდა მთავრობის მეთაური.

“საქართველოს კონსტიტუციაში” ბოლო ცვლილებები განხორციალდე მოქმედი ხელისუფლების პირობებშიც 2017 და 2018 წლებში. ამ ცვლილებების თანახმად 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტი ბოლო იქნება საყოველთაო არჩევნების გზით. 2024 წელს საქართველოს პრეზიდენტს აირჩევს 300 წევრისგან დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობა.

ცნობისათვის: ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა დღის წესრიგში ისევ დააყენა კონსტიტუციის შვლელებების შეტანის საკითხი. წინასწარი შეთანხმები, აღნიშნული ცვლილებების თანახმად, ქვეყანა გადადის საპარლამენტო მმართველობის ფორმაზე, ხოლო არჩევნები უნდა ჩატარდეს მხოლოდ პროპორციული წესით (2020 წელს ბუნებრივი, ე.წ. ნულოვანი ბარიერის პირობებით).

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *