როგორ შევამციროთ ლარის დამოკიდებულება აშშ დოლარზე – მოკლევადიანი და გრძელვადიანი პერსპექტივები

„პრობლემა ის კი არ არის, რომ  ხალხი მცირე გადასახადებს იხდის,

არამედ ის, რომ მთავრობა ბევრს ხარჯავს”

 რონალდ რეიგანი

ბოლო წლების განმავლობაში თითოეული ჩვენგანი თვალს ადევნებს ლარის კურსის გაუფასურებას აშშ დოლართან მიმართებაში. ზუსტად ერთი წლის წინ 1$-2.53 ლარი იყო, საშუალოდ. მიმდინარე წლის აგვისტოს დასაწყისში ეროვნული ბანკის მიერ 32 მლნ. აშშ. დოლარის ოდენობით ჩატარებულმა სავალუტო ინტერვენციამ ეფექტი გამოიღო და 1 აშშ დოლარის შესყიდვა 3 ლარის ნაცვლად 2,88 ლარად შეიძლებოდა. სამწუხაროდ ეროვნული ბანკის პოლიტიკა მოკლევადიანი აღმოჩნდა, რადგან დღევანდელი დღის კურსით 1 აშშ დოლარი უკვე აღემატება 2.93 ლარს.

უცხოური ვალუტის კურსი ძალიან დიდ გავლენას ახდენს ქართულ ეკონომიკაზე და საგარეო შოკების მიმართ მოწყვლადს ხდის მას. რატომ ხდება ასე? მიმდინარე წლის პირველ კვარტალში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 1 169 687 000 აშშ დოლარს მიაღწია. 2018 წლის მონაცემებით ამ მაჩვენებელმა 5 768 606 000 აშშ დოლარი შეადგინა. რაზე მეტყველებს ეს? პასუხი მარტივია, რადგან იმაზე მეტს მოვიხმართ ვიდრე ვაწარმოებთ, ანუ იმაზე მეტს ვხარჯავთ, ვიდრე ჩვენი ეკონომიკა გამოიმუშავებს, ყოველწლიურად ჩვენი ქვეყანა დაახლოებით 5,7 მილიარდი აშშ დოლარით ღარიბდება. ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება. შესაბამისად ჩვენი ეკონომიკის მოთხოვნაც უცხოური ვალუტის მიმართ მზარდია. ჩვენი შემოსავლების დიდი ნაწილი ამ დეფიციტის დაფარვაზე მიდის. აქ შედის ტურისტების მიერ ყოველწლიურად დახარჯული 3,2 მილიარდი აშშ დოლარი, პლიუს ჩვენი ემიგრანტების მიერ გადმორიცხული 1,3 მილიარდი აშშ დოლარი. გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ უცხოური ინვესტორებს მოგების დიდი ნაწილი ასევე გააქვთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

რაშია გამოსავალი? პასუხი მარტივია „მოხმარების ეკონომიკიდან“ „წარმოების ეკონომიკაზე“ უნდა გადავიდეთ. საჭიროა საქართველოს მთავრობის მხრიდან თანმიმდევრული, ლოგიკური, დროში გაწერილი სტრატეგიის შემუშავება, რომელიც მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის ბერკეტების დახმარებით ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას ქვეყანაში.

მოკლევადიან პერსპექტივაში მთავარი ამოცანა შიდა და საგარეო შოკების დასაძლევად ოპერატიული და ადექვატური ნაბიჯების გადადგმაა საჭირო ხელისუფლების მხრიდან. კერძოდ, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით უნდა დარეგულიროს ფინანსურ ბაზარზე ლარისა და აშშ დოლარის ოპტიმალური მოცულობა. ეკონომიკაზე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად წარმოქმნილი წნეხი (ერთობლივი მოთხოვნის შემცირება) საქართველოს მთავრობამ უნდა შეამციროს საწვავისა და სიგარეტის აქციზებზე გადასახადების შემცირებით.  მხოლოდ საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის შეთანხმებული მოქმედებით შესაძლებელია ლარის კურსის დარეგულირება.

რაც შეეხება გრძელვადიან სტრატეგიას. სახელმწიფო ყველაზე დიდი „მომხმარებელია“ ეკონომიკის. დღეს ბიუჯეტის დიდი ნაწილი ბიუროკრატიული აპარატის შენახვაში იხარჯება, რომელიც მწარმოებლურობის განვითარებას ხელს არ უწყობს და მძიმე  ტვირთად აწევს ეკონომიკას. საჭიროა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი კერძო სექტორის განვითარებაზე მივმართოთ, რათა მივაღწიოთ ერთობლივი მოთხოვნის მზარდ დინამიკას ეკონომიკაში . ამისათვის ბიუროკრატიული აპარატის ხარჯები ეტაპობრივად მინიმუმამდე უნდა შევამციროთ. გამოთავისუფლებული თანხებით საშუალება მოგვეცემა შევამსუბუქოთ საგადასახადო წნეხი კერძო სექტორზე (შემცირდება შემოსავლისა და დღგ-ს გადასახადები). ხოლო ბიუჯეტის დარჩენილი ნაწილი, როგორც ავღნიშნეთ კერძო ბიზნესის განვითარებას მოხმარდება. მსგავსი ნაბიჯები საშუალებას მოგვცემს:

  • სამუშაო ადგილები შევქმნათ არა საჯარო, არამედ კერძო სექტორში. უნდა გვახსოვდეს, რომ ბიზნესს უფრო მეტი პოტენციალი გააჩნია ამ მხრივ;
  • გაიზრდება სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობა (თუმცა საწყისს ეტაპზე მოკლევადიან პერიოდში მოსალოდნელია ბიუჯეტის  შემცირება, სანამ არ მოხდება კერძო სექტორისა და მასთან ერთად ეკონომიკის განვითარებაც);
  • გაიზრდება მწარმოებლურობა. შემცირდება ლარის დამოკიდებულება აშშ დოლართან მიმართებაში. ბრუნვაში არსებულ ლარის კურსს გაამყარებს მასზე მოთხოვნა;
  • გაიზრდება ინფლაცია, მაგრამ პარალელურ რეჟიმში გაიზრდება ჩვენი მოქალაქეების შემოსავლებიც, რომელიც გაზრდის მათი ცხოვრების დონეს.

დღეს ჩვენი ეკონომიკა „დავადებულია“, რომელიც სასწრაფო წესით ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს. ეკონომიკის განვითარების ახალ პროგრამაზე გადასვლა „მტკივნეული“ იქნება, მაგრამ რაც უფრო და უფრო დრო გავა, მით უფრო „ავადმყოფის“ მდგომარეობა დამძიმდება. ამიტომ საჭიროა ქმედითი და გაბედული ნაბიჯები, რომელსაც პოლიტიკური ნება და გაწერილი სტრატეგია ესაჭიროება.

 

პუბლიკაციაში გამოყენებული წყაროები:

http://www.geostat.ge

https://www.nbg.gov.ge


ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *