ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებს ასეულობით მილიონი ლარის დეფიციტი ექნება წლის ბოლოსთვის – სერგო ჩიხლაძე

ჯანდაცვის სფეროში, კერძოდ სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამების ხარჯვით ნაწილთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე საუბრობს ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი, მედიცინის დოქტორი, გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიას” მრჩეველი სერგო ჩიხლაძე:

განვლილი 7,5 თვის სტატისტიკამ გვანახა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო კვლავ ვერ აკონტროლებს სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამების ხარჯვით ნაწილს. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე გამოყოფილი 754 მილიონი ლარიდან უკვე გახარჯულია 537 მილიონი. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი პროგრამის ფარგლებში, როგორიცაა ე.წ. იაფი წამლების პროგრამა, C-ჰეპატიტის პროგრამა, პირიქით თანხების ათვისება ვერ ხერხდება, მთლიანობაში ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებს, საყოველთაოს ჩათვლით, წლის ბოლომდე 100-150 მილიონი ლარის დეფიციტი ექნებათ. ამას დაემატება სამინისტროს „ტრადიციულად“ მრავალმილიონიანი დავალიანება სამედიცინო დაწესებულებების და პერსონალის მიმართ“. 

სერგო ჩიხლაძის აზრით, მიუხედავად სახელმწიფო პროგრამებზე დახარჯული მილიარდობით ლარისა, არ მცირდება ჯანდაცვაზე კატასტროფული დანახარჯების წილი, არ მცირდება წამლებზე ჯიბიდან გადახდის მაჩვენებელი და ყველაფერთან ერთად, უარესდება მიწოდებული სამედიცინო სერვისების ხარისხი. მისი აზრით, ხარჯების შეკავებისთვის და თანხების ეფექტურად ხარჯისთვის, საჭიროა დარგის ძირეული რეფორმირება.

„აუცილებელია, პირველადი ჯანდაცვის რეფორმირება, დაფინანსების სქემებისა და სერვისების განფასების გადახედვა, ჯანდაცვის დაფინანსების კონკურენტულ სისტემაზე გადასვლა, სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის მოდელის დანერგვა, სტატისტიკური მონაცემების გამართვა, პროგრამების ადექვატური დაგეგმარება და კვალიფიციური მენეჯმენტი. სამწუხაროდ, არც მთავრობას და არც ჯანდაცვის მინისტრს არ აქვთ არც პოლიტიკური ნება და არც კომპეტენცია ამის განსახორციელებლად,“ – აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *