იცვლება მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდის წესი

საქართველოს შს სამინისტროს მომსახურების სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს სააგენტოში გაზრდილ მართვის მოწმობის აღების მსურველთა რაოდენობის მატებასთან დაკავშირებით, რაც გამოიწვია მოსალოდნელმა ცვლილებებმა მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკულ გამოცდის წესში:

როგორც ცნობილია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ამაღლების მიზნით, ევროდირექტივის შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ შეიმუშავა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ფარგლებშიც იცვლება მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკულ გამოცდის წესი და საგამოცდო პროცესს ემატება ახალი ეტაპი, რომელიც რეალურ საგზაო პირობებში გამოცდის ჩაბარებას გულისხმობს.

ცვლილებების დაანონსებისთანავე მნიშვნელოვნად მოიმატა მომსახურების სააგენტოში მართვის მოწმობის აღების მსურველთა რაოდენობამ. ელექტრონული ჯავშნის სისტემის ამოქმედების შემდეგ, მართვის მოწმობის მისაღები თეორიული გამოცდის რაოდენობა გაზრდილია 19%-ით, ხოლო პრაქტიკული გამოცდის რაოდენობა – 20%-ით.

ცნობისათვის: უნდა აღინიშნოს, რომ ცვლილებების პაკეტი განსახილველად გაგზავნილია საკანონმდებლო ორგანოში და ამ ეტაპზე მისი ამოქმედების ზუსტ თარიღი უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო დღის განმავლობაში, ყველა სტრუქტურულ ერთეულში, მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე იღებს იმდენ მოქალაქეს, რამდენისთვისაც შესაძლებელია სერვისის შეუფერხებლად მიწოდება.

თეორიულ გამოცდაზე ვიზიტის დაჯავშნა მოქალაქეებს სახლიდან გაუსვლელად, მათთვის სასურველ დროს შეუძლიათ, თუმცა, გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, ადგილები ამ ეტაპზე სწრაფად იჯავშნება. თეორიული გამოცდის რიგის ელექტრონულ სისტემას ახალი, თავისუფალი ადგილები ავტომატურად, ყოველ კვირა დღეს ემატება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ მართვის მოწმობის მისაღები თეორიული გამოცდის რიგის ელექტრონული სისტემა მიმდინარე წლის 20 მაისიდან დანერგა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მათთვის სასურველ სერვისცენტრში, სასურველ დროს დაჯავშნონ ვიზიტი სააგენტოში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *