საქართველოს პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენა

საქართველოს პროკურატურამ, სპეციალურად მოწვეულ ბრიფინგზე, სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა  გვარამიას  ბრალდების შესახებ გამოტანილი დადგენილების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია საზოგადოებას:

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2019 წლის 20 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით  მითვისების და  ქონების  მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგების გზით გადამალვის ფაქტზე.

საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, „სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2-ის“ 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის  ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადება ტელეკომპანიის ხელმძღვანელების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე.

ასევე, სისხლის სამართლის საქმეს დაერთო რუსთავის 2-ის ამჟამინდელი დირექტორის  პაატა სალიას განცხადება,  შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე, რამაც  სავარაუდოდ  დიდი ოდენობით ზიანი მიაყენა სამაუწყებლო კომპანიას.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს გაცნობოთ,  რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება.

გამოტანილია დადგენილება ნიკა  გვარამიას  ბრალდების შესახებ, საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
კერძოდ, გამოძიებით დადგენილია, რომ ნიკა გვარამიას მიერ საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით  ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა ვერ მიიღო  6 763 510  ლარი, რითაც საწარმოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა.

ნიკა გვარამიას მიერ შესაძლო ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2012 წლის ნოემბრიდან ნიკა გვარამია დანიშნული იყო შ.პ.ს. ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის დირექტორად, ხოლო 2014 წლის სექტემბრიდან – ამავე კომპანიის გენერალურ დირექტორად.
საწარმოს წესდების თანახმად, „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმოადგენს გენერალური დირექტორი, რომელიც ვალდებულია კეთილსინდისიერად და კომპანიის ინტერესების დაცვით უზრუნველყოს მისი ყოველდღიური მართვა და საქმიანობა, იმოქმედოს კომპანიის და პარტნიორების ბიზნეს ინტერესებით, უზრუნველყოს წესდების უპირობო და კეთილსინდისიერი შესრულება.

ასევე, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საწარმოს ხელმძღვანელი კომპანიის საქმეებს უნდა გაუძღვეს კეთილსინდისიერად და უნდა მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია კომპანიისთვის.

მიუხედავად ზემოაღნიშნული ვალდებულებებისა, ნიკა გვარამია ბოროტად იყენებდა თავის ხელმძღვანელობით და წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, არ მოქმედებდა კეთილსინდისიერად და სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე.

კერძოდ, 2015 წლის 16 იანვარს შ.პ.ს, ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის სახელით ნიკა გვარამიამ ხელშეკრულება გააფორმა შ.პ.ს „ინტერ მედია პლიუსთან“, რომლის მფლობელებიც არიან მისი მეგობრები – ზ.გ.  და კ.ჯ., ხოლო დირექტორი, ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორი – ზ.ი.

ხელშეკრულების თანახმად, „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა „ინტერ მედია პლიუსს“ დაუთმო საკუთარი არხების (,,რუსთავი 2“-ის, ,,ახალი არხის“ (იგივე ,,კომედი არხის“) და ,,მარაოს“) ეთერში კომერციული რეკლამის განთავსების უფლება.

მხარეთა შეთანხმებით, კომერციული რეკლამის განთავსების უფლების დათმობისათვის ანაზღაურება, ყოველთვიურად, ,,ინტერ მედია პლიუსის“ მიერ  ფაქტობრივად მოხმარებული კომერციული სარეკლამო დროის ოდენობის მიუხედავად, წინასწარ შეთანხმებული ოდენობით უნდა განხორციელებულიყო.
ნიკა გვარამია მოქმედებდა რა შ.პ.ს. ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ და მისი მეგობრების კუთვნილი კომპანიის – შ.პ.ს. ,,ინტერ მედია პლიუსისათვის“ გამორჩენის მისაღებად, ხელშეკრულებით განსაზღვრულ პერიოდში, კომერციული რეკლამის განთავსების უფლების დათმობისათვის ანაზღაურების შესახებ შ.პ.ს ,,ინტერ მედია პლიუსთან“ გაფორმებული ყოველთვიური შეთანხმებებით, განზრახ არ მოითხოვა ტელეკომპანიის კუთვნილი 6 763 510 ლარი, რითაც მის მეგობრებს მისცა შესაძლებლობა, შ.პ.ს. „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ზე რეკლამის განთავსების სანაცვლოდ მიღებული დიდი ოდენობით თანხების აკუმულირება მოეხდინათ საკუთარი კომპანიის ანგარიშზე და არ გადაეხადათ ტელეკომპანიისთვის.

შედეგად, 2015 წლის საანგარიშო პერიოდში შ.პ.ს. ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ მიღებულმა დეკლარირებულმა ზარალმა 7 377 230 ლარი შეადგინა, ამავე პერიოდში, შ.პ.ს “ინტერ მედია პლიუსის” დეკლარირებულმა მოგებამ კი – 8 690 664 ლარი.
ასევე, გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები   ,,რუსთავი 2“-ზე რეკლამის განსათავსებლად „ინტერ მედია პლიუსის“ კონტრაქტორი კომპანიებიდან მიღებული დიდი ოდენობით თანხების ხარჯვის კანონიერების შესწავლის მიზნით.

ამ ეტაპზე დადგენილია, რომ კომპანიამ 2016 წლის დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით, (შ.პ.ს ,,ინტერ მედია პლიუსს“ ამ ხელშეკრულების გაფორმებისას წარმოადგენდა რუსთავი 2-ის იურისტი დიმიტრი საძაგლიშვილი) საკუთრებაში მიიღო, ქ.თბილისში, ვაკის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში მდებარე 565 226 ლარის ღირებულების 2 საცხოვრებელი ბინა, საერთო ფართით, 240 კვ.მ.  2017 წლის მარტში,  ორივე ბინა საკუთრებაში გადაეცა რუსთავის 2-ის იმდროინდელ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, რომელმაც იმავე წლის ივლისში და სექტემბერში  საცხოვრებელი ბინების  რეალიზაცია მოახდინა – საერთო ჯამში  602 521 ლარად.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, გამოძიება ასევე აქტიურად სწავლობს „ინტერ მედია პლიუსის“ და „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის სხვა კონტრაქტორი კომპანიების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების ხარჯვის კანონიერებას, რის შესახებაც საზოგადოებას ეცნობება დამატებით.
ნიკა  გვარამია  დღეს დაბარებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში  ბრალდების შესახებ დადგენილების  წარდგენის  მიზნით. ბრალის  წარდგენის შემდეგ საქართველოს გენერალური პროკურატურა სასამართლოს მიმართავს  აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *