პარასკევი, აპრილი 19, 2024

2008 წლის აგვისტოს ომი: ოპოზიციის ლიდერები “ქართული ოცნების” ლიდერებს პასუხობენ

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი და “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე გიგა ბოკერია, შესაბამისად, მამუკა მდინარაძეს (ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე) და გიორგი ვოლსკის (პარლამენტის ვიცე-სპიკერი) 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით მათი ცალკეული გამონათქვამების გამო აკრიტიკებენ.

სალომე ზურაბიშვილი მამუკა მდინარაძის 2008 წლის აგვისტოს ომის 19-პუნქტიან შეფასებას ეხმიანება და უზუსტობაზე მიუთითებს ფრაქცია “ქაული ოცნების” თავმჯდომარეს:

ბატონო მდინარაძე, ამ გზავნილებს ვინ გიწერთ, არ ვიცი, ბევრი სისულელე წერია, ყველაფერზე პასუხის გაცემასაც არ იმსახურებს. მაგრამ უმრავლესობის ლიდერმა, როდესაც არ იცის, რომ საქართველოს ევროპარლამენტში წარმონადგენლობა არ ჰყავს, ეს უბრალოდ სასაცილო უვიცობაა.

ასევე სამარცხვინოა იმის არ ცოდნა, რომ ევროპარლამენტმა ოკუპაცია პირველად, 2011 წელს აღიარა. მოკლედ, უკეთესი კონსულტანტები აიყვანეთ, თქვენ რომ უვიცები ხართ, უსინდისობასთან ერთად, ეს ვიცით, დიდი ხანია“, – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე სალომე სამადაშვილი.

გიგა ბოკერია კი გიორგი ვოლსკის იმ განცხადებას (იხ. ბოლოში) ეხმიანება, სადაც განაცხადა, რომ სააკაშვილის რეჟიმმა მოახდინა პარტნიორი ქვეყნების მიერ დამტკიცებული სამშვიდობო გეგმის განზრახ ჩაშლა:

დღეს არის დღე, როდესაც 11 წელი გავიდა რუსული აგრესიიდან, 2008 წლის 7 აგვისტოდან. დღეს არის დღე, როცა ყველა, ჩემი აზრით, პასუხისმგებლის მქონე  საქართველოს მოქალაქე და მით უმეტეს პოლიტიკური ძალა, პატივს უნდა მიაგებდეს ხსოვნას ჩვენი ჯარისკაცების, პოლიციელების, ყველასი, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირა საქართველოს თავისუფლებას, ვინც მისცა საქართველოს შანსი და დრო, რომ საერთაშორისო მხარდაჭერით თავი დაეცვა რუსული აგრესიისგან, რომლის ამოცანაც იყო ქართული სახელმწიფოებრიობის და სუვერენიტეტის მოსპობა. და, ამის ნაცვლად, დღეს, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, ივანიშვილის გუნდი, რომელმაც მორიგი სამარცხვინო, ამაზრზენი ფურცელი ჩაწერა საკუთარ პოლიტიკური ბიოგრაფიაში და ეს დღე გამოიყენა არა ამ ხსოვნის პატივისცემისთვის, არა ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ ერთიანი გზავნილისთვის, ყველა ძირითადი პოლიტიკური ძალის და მით უმეტეს ხელისუფლებისადმი, არამედ საკუთარი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ჩვენი ქვეყნის შიგნით, ბინძური ცილისწამების უზნეო კამპანიისთვის, პირდაპირ რუსული პროპაგანდის გამოყენებით, პირდაპირ მტკნარი სიცრუით და და ამაზრზენი სპეკულაციებით” – აღნიშნა გიგა ბოკერიამ, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ რუსეთ-საქართველოს ომის 11 წლისთავისადმი მიძღვნილ ფეისბუკის პოსტში წინა ხელისუფლების წინააღმდეგ მწვავე ბრალდებები გააჟღერა:

11 წელი გავიდა! გმირია ყველა, ვინც ამ ომში იბრძოდა, ვინც ბრძოლის ველზე დაეცა. 
სამხედროებთან ერთად ომის შედეგად დაიღუპა 228 ჩვენი მშვიდობიანი თანამოქალაქე, 1 747 დაიჭრა. დევნილების რაოდენობას კიდევ 30 000-მდე ადამიანი დაემატა, მათ ყველაფერი დაკარგეს!

ამ შედეგებზე პასუხისმგებელი პირები დღესაც ცდილობენ პოლიტიკურ ასპარეზზე პოზიციების შენარჩუნებას და “ანტისაოკუპაციო” ლოზუნგებსაც გაიძახიან. რაც ყველაზე სამწუხაროა, იმ ადამიანების აყოლიებასაც ახერხებენ, ვისაც არ ახსოვს ეს მოვლენები:

1. სწორედ სააკაშვილის რეჟიმმა მოახდინა პარტნიორი ქვეყნების მიერ დამტკიცებული სამშვიდობო გეგმის განზრახ ჩაშლა;
2. წაგებისათვის გასწირა ჩვენი ქვეყანა და მეომრები, სასიკვდილო სამიზნედ გამოფინა გორის მოედანზე ჩვენი შვილები;
3. ბრძოლის ველზე მიატოვა გმირულად დაღუპული ბიჭების ცხედრები;
4. განზრახ გასწირა, საომარი მოქმედებების ზონიდან არ გამოიყვანა მშვიდობიანი მოსახლეობა;
5. რვა აგვისტოს ჩათვლით არ აღიარებდა რუსეთის მონაწილეობას აგრესიაში, არ მიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო ვითარების შესახებ;
6. რუსეთისვე დაკვეთით დაბომბა წინასწარ მონიშნული, დაცლილი არეალი, თავადვე გადაიღო ეს “ოპერაცია” და კადრები გაავრცელა მსოფლიო მასშტაბით;
7. აგრესორს შეუქმნა შემოჭრისათვის თავის მართლების საფუძველი;
8. “მტრისათვის ნიღაბის ჩამოხსნის” აღსანიშნავი ზეიმი მოაწყო რუსთაველზე;
9. იმავე წელს, თავადვე დაუჭირა მხარი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, სადაც მითითებულია, რომ ფართომასშტაბიანი ომი განაპირობა დაბომბვამ, ხოლო რუსეთმა საპასუხო ქმედება განახორციელა.

კიდევ რა უნდა გააკეთონ რათა, სულ მცირე, “ანტისაოკუპაციო” მაინც აღარ უწოდონ მათ და “პროდასავლური” მათ პოლიტიკას?!

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული