ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებს, რა შედეგებს უნდა ველოდოთ?!

ეროვნულმა ბანკმა გაცვლითი კურსისა და ფასების სტაბილურობის მიზნით 1 აგვისტოს, სავალუტო აუქციონზე, 40 მილიონი აშშ დოლარი გამოიტანა. 32 800 000 აშშ დოლარი გაიყიდა, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.9283  შეადგინა.

პარალელურ რეჟიმში 6 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 113 მილიონი ლარი. საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 6.558 პროცენტი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო მას შემდეგ რაც კომერციულ ბანკებში ლარმა თავის ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 1 აშშ დოლარზე 3 ლარს გაადაჭარბა. სავალუტო ინტერვენციების შედეგად კურსმა 2.88-ზე დაიწია. სამწუხაროდ ლარი გაუფასურებას განაგრძობს და მიმდინარე კურსი ეროვნული ბანკის კურსით 1აშშ დოლარი – 2. 9338 ლარს შეადგენს. კომერციულ ბანკებში ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია და 2.98 ლარს შეადგენს.

ეროვნული ბანკის განცხადებაში ვკითხულობთ: „მიუხედავად დადებითი შიდა და საგარეო მაკროეკონომიკური დინამიკისა, ტურიზმთან დაკავშირებული შოკისა და ნეგატიური მოლოდინების ფონზე, დღეისათვის გაცვლითმა კურსმა ისეთ ნიშნულს მიაღწია, რომელმაც შესაძლებელია რისკი შეუქმნას ფასების სტაბილურობას. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მიზანშეწონილად მიიჩნევს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების თანმიმდევრულ გამოყენებას, რათა არ მოხდეს ამ რისკის მატერიალიზაცია“.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით ტურისტების რაოდენობა ივლისის თვეში 1 099 474 ვიზიტიორი შეადგინა, რაც 5.8%-ით მეტია წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით.

ლარის გაუფასურებას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარე, პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე არა საგარეო შოკებს, არამედ შიდა ფაქტორებს უკავშირებს. სოციალურ ქსელში იგი ეხმიანება ლარის გაუფასურების თემას და პრობლემას ბრუნვაში არსებული ლარის ოდენობის ზრდაში ხედავს. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით 2019 წლის ივნისის თვეში 3,754,675,000 ლარი არის მიმოქცევაში, რაც ა/წ-ის მაისის თვესთან შედარებით 148,616,000 ლარით მეტია.

ეროვნული ბანკის ინტერვენციამ მოკლევადიანი ეფექტი იქონია, ლარი კვლავ განაგრძობს გაუფასურებას. ყველა ექსპერტს სხვადასხვა მოსაზრება გააჩნია ამ პრობლემასთან დაკავშირებით, მაგრამ ფაქტი ერთია – ლარის კურსის ასეთი ცვლილება აშშ დოლართან მიმართებაში სერიოზულად აზარალებს ბიზნესს. ფირმები, კომპანიები ვერ აკეთებენ გათვლებს მოკლევადიანი პერიოდისთვისაც კი, რაც ხელს უშლის მათ განვითარებაში. ბიზნესი, სადაც ფასები მოკლევადიან პერიოდში ხისტია, ხოლო პროდუქციას იმპორტირებული ნედლეულით აწარმოებენ, დიდ ზარალს განიცდიან. მსხვილი კომპანიების შემთხვევაში, თუ ეს ცვლილებები ნაკლებად შესამჩნევია, საშუალო და მცირე მეწარმეებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

კვლევაში გამოყენებული მონაცემების წყაროები:

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საქართველოს ეროვნული ბანკი

 

ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *