გიორგი კვირიკაშვილის პოლიტიკური ბუმერანგი

გიორგი კვირიკაშვილი ქართულ პოლიტიკაში 1999 წელს გამოჩნდა და იგი გახდა პარლამენტის დეპუტატი “საქართველოს მოქალაქეთა კავშირის” სიით. 2000 წელს, პარლამენტის სხვა წევრებთან ერთად გამოეყო “მოქალაქეთა კავშირს”, შექმნეს “ახალი მემარჯვენეების” საპარლამენტო ფრაქცია, რომლის წევრიც იყო 2004 წლამდე.

2012 წლის არჩევნებში “ქართული ოცნების” გამარჯვების შემდეგ იგი გახდა ახალი ხელისუფლების სამთავრობო გუნდის წევრი – 2012-15 წლებში იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, 2015 წელს, რამდენიმე თვის განმავლობაში, ხელმძღვანელობდა საქართველოს საგარეო უწყებას, ხოლო 2015 წლის 30 დეკემბრიდან 2018 წლის 13 ივნისამდე ეკავა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი.

საინტერესო იყო კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობიდან წასვლა-არწასვლის ამბავი.

2018 წლის მარტის ბოლოს გიორგი კვირიკაშვილმა კატეგორიულად უარყო მოარული ხმები, მისი მოსალოდნელი გადადგომის თაობაზე:

ცვლილებები არის ჩვეულებრივი ამბავი. მე, ჯერჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებ. ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს კიდევ გასაკეთებელი. დამშვიდდით, დაწყნარდით. ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა და ყველაფერი კარგად იქნება“.

და მეტი დამაჯერებლობისთვის განაცხადა:

მინდა მივმართო იმ ადამიანებს რომლებიც ყვავ-ყორნებივით დასტრიალებენ კანცელარიის 11-ე სართულს, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის საკითხს. მინდა გითხრათ, რომ ეს ტაიმერი რამდენიმე წელიწადი არ დარეკავს, მათი საცოდაობით აღარ ვარ, მინდა ვუთხრა გამოიძინონ და დაისვენონ კარგად

უცნაური იყო კვირიკაშვილის ეს განცხადებები. ხელისუფლების ფაქტიურად (თუ თანამდებობრივად) პირველი პირი, პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე სხვებს ამშვიდებს (რატომ?!) თუ თავს იმშვიდებს გაუგებარია…

აპრილის შუა რიცხვებში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას, ერთ-ერთი ჟურნალისტის შეკითხვაზე – რას იზამდა, ივანიშვილი მას თანამდებობიდან წასვლას თუ შესთავაზებდა, იმ დროს ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრი, კიდევ ერთხელ შეეცადა მეტი დამაჯერებლობა შეეძინა აღნიშნულ თანამდებობაზე, დიდი ხნის განმავლობაში დარჩენას:

არ გაგცემთ ამ კითხვაზე პასუხს, იმიტომ რომ ასეთი რამ გამორიცხულია. მე არ ვაპირებ არსად წასვლას. გამაჩნია ძალიან ჯანსაღი ამბიცია. მე ვარ დღეს იმ ასაკის, როცა გარკვეული გამოცდილება დამიგროვდა, მაქვს მართვის გამოცდილება, მაქვს საერთაშორისო გამოცდილება,  ამიტომ მე ვფიქრობ რომ ჩემი ქვეყნისთვის შემიძლია ძალიან მნიშვნელოვანი ბიძგის მიცემა განვითარების კუთხით, მე მჯერა ამისი. მე მჯერა, რომ ჩვენ შევკრებთ იმ  გუნდს, ახლანდელ თანაგუნდელებთა ერთად, მნიშნველოვან შედეგს დავდებთ ჩვენს ქვეყანაში და ამას ყველა დაინახავს“.

შემდეგ 2 თვიანი ერთგვარი ნერვების თამაში და მკითხაობა – დაატოვებინებს თუ არა კვირიკაშვილს თანანმდებობას ივანიშვილი? და დადგა “ნანატრი” დღეც. 2018 წლის 13 ივნისს ბრიფინგი გამართა გიორგი კვირიკაშვილმა, საზოგადოებას ანგარიში ჩააბარა გაწეული საქმიანობის შესახებ, ხაზი გაუსვა დაპირისპირებას მასსა და “ქართული ოცნების” გუნდს შორის, ბოლოს კი გადადგომის თაობაზე ამცნო:

როგორც იცით, გუშინ გაიმართა მმართველი პოლიტიკური ძალის შეხვედრა, რომლის შემდეგ გაკეთდა საჯარო განცხადებები. ჩემსა და მმართველ გუნდს შორის, გარკვეული მიმართულებებით, აზრთა სხვადასხვაობა გამოიკვეთა. კონკრეტულად, საუბარი იყო ჩემი მეთაურობით მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით. ასევე, მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში, იყო რიგი ფუნდამენტური საკითხებისა, რომლებშიც პარტიის თავმჯდომარესთან განსხვავებული მოსაზრებები და პოზიციები მქონდა“.

ჩემთვის ეს თანამდებობა ყოველთვის იყო მხოლოდ და მხოლოდ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, რაც კი შეიძლება ადამიანს, მოქალაქეს დაეკისროს და ყოველთვის ვცდილობდი, უდიდესი პატივის გრძნობით მეტარებინა ეს უდიდესი პასუხისმგებლობა მთელი ამ ხნის განმავლობაში. 

მე ვეცადე, ვყოფილიყავი თითოეული მოქალაქის პრემიერ-მინისტრი. დიახ, მიმიღია გადაწყვეტილებები საკუთარი თავის საზიანოდ, მაგრამ ყოველთვის, მთელი გულით მჯეროდა და მჯერა, რომ ყველა გადაწყვეტილება, ყველა ნაბიჯი იყო ჩემი ქვეყნის, ჩემი სამშობლოს სასიკეთოდ ნაკარნახევი, იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში სიტუაცია უკეთესობისკენ შეგვეცვალა. 

მე ყოველთვის ვიყავი და ვარ გუნდური მოთამაშე. აქედან გამომდინარე, ვხედავ გუნდში განწყობებს და, რა თქმა უნდა, მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩემს სიტუაციაში უნდა მიეღო ნებისმიერი გუნდის ხელმძღვანელს. მე ვტოვებ დღეს ჩემს თანამდებობას.”

საყურადღებოა, რომ ჯერ კიდევ წინა დღისით, “ქართული ოცნების” მთავარ ოფისში რამდენიმე საათიანი შეხვედრის შემდეგაც, რომელსაც ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პოლიტსაბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, არაფერი თქმულა კვირიკაშვილის შესაძლო გადადგომის თაობაზე.

აი ასეთი პოლიტიკური ბუმერანგი დატრიალდა გიორგი კვირიკაშვილის თავზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *