პარასკევი, აპრილი 19, 2024

საქართველოში მომუშავე ჟურნალისტების მიმართვა სამთავრობო უწყებებისადმი

ცალკეული სამთავრობო უწყებების მიერ ჩამოყალიბებულ ცუდ პრაქტიკაზე ამახვილებენ ყურადღებას ქართველი ჟურნალისტები და მათგან მოითხოვენ მეტ და დროულ ინფორმირებას. აღნიშნულთან დაკავშირებით მომზადდა სპეციალური მიმართვა:

მოგმართავთ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომელიც აერთიანებს 363 ჟურნალისტს. როგორც ორგანიზაციის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტები საუბრობენ რამდენიმე სამთავრობო (განსაკუთრებით ძალოვანი) უწყების მიერ ჩამოყალიბებულ ცუდ პრაქტიკაზე, როდესაც ბრიფინგის ჩანიშვნისას ისე არიან გასაშუქებლად მიწვეულნი, რომ მათთვის უცნობი რჩება ღონისძიების თემა. უმნიშვნელოვანესია რედაქციებმა იცოდნენ, რა საკითხზე იმართება ბრიფინგი თუ პრესკონფერენცია, რათა საკუთარი ადამიანური თუ ტექნიკური რესურსის გათვალისწინებით, სარედაქციო პოლიტიკისა და ინტერესების შესაბამისად გადაწყვიტონ, სურთ თუ არა დასწრება და გაშუქება.

თემის დასახელების გარეშე მიწვევა განსაკუთრებული პრობლემის წინაშე აყენებს მაუწყებლებს, რომლებსაც არ ეძლევათ შესაძლებლობა, თავად გადაწყვიტონ ბრიფინგი ჩართონ პირდაპირ ეთერში თუ სიუჟეტის ფორმატში გააშუქონ. ეს კი გავლენას ახდენს მთლიანი საინფორმაციო გამოშვების დაგეგმვაზე. გამოწვევის წინაშე დგებიან მცირე მედიასაშუალებებიც, რომლებიც ვერ იღებენ გადაწყვეტილებას, თუ როგორ გადაანაწილონ მცირე ადამიანური რესურსი და გაგზავნონ თუ არა ჟურნალისტი ამ ამბის გასაშუქებლად. საერთო ჯამში კი ის ჟურნალისტები, რომლებიც მიდიან ბრიფინგის გასაშუქებლად, არიან მოუმზადებლები და ვერ ახერხებენ ადეკვატური კითხვების დასმას და ინფორმაციას მხოლოდ ავტომატურ რეჟიმში გადასცემენ.

ამასთან, ზოგიერთი მედიასაშუალება დისკრიმინაციულ მიდგომაზეც საუბრობს და ამბობს, რომ მათთვის არათუ თემა, არამედ თავად ღონისძიების გამართვის შესახებ ინფორმაცია უცნობი რჩება.

გვსურს შეგახსენოთ, რომ მედია არ არის რომელიმე სამთავრობო უწყების პრესსამსახურის დანამატი და მისი ფუნქცია ბრიფინგისთვის ეთერის დათმობას არ გულისხმობს. ნაცვლად ამისა, მედიის მთავარი როლი საჯარო ინტერესის შემცველი ამბების გაშუქება და საზოგადოებისთვის საინტერესო კითხვების დასმაა. შესაბამისად, თავად მედიამ უნდა გადაწყვიტოს არსებობს თუ არა აუდიტორიის ინტერესი ამა თუ იმ თემის მიმართ, ამის მიხედვით შეარჩიოს გაშუქების ფორმატიც და მოემზადოს შესაბამისი კითხვების დასასმელად, რისი საშუალებაც დამკვიდრებული პრაქტიკის გათვალისწინებით დღეს მედიას არ ეძლევა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ გადახედოთ მედიასთან კომუნიკაციის სტრატეგიას, ბრიფინგების, პრესკონფერენციის გამართვამდე გარდა გამოცემებთან პირადი კომუნიკაციისა, გამოაქვეყნოთ ანონსი ვებსაიტის მეშვეობით, რათა მედიას არადისკრიმინაციულად მიაწოდოთ ინფორმაცია მიუხედავად იმისა, მათი სარედაქციო პოლიტიკა მისაღებია თუ არა რომელიმე სახელმწიფო უწყებისათვის.

ამასთან მოგიწოდებთ გაითვალისწინოთ ჟურნალისტების ინტერესები, მისცეთ მათ კითხვების დასმის და დამატებითი ინფორმაციის მიღების საშუალება, რათა შეძლონ საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაციის კვალიფიციურად მიწოდება.

____

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრი ჟურნალისტების გარდა მიმართვას უერთდებიან შემდეგი მედიასაშუალებები:

  1. ტელეკომპანია პირველი
  2. რუსთავი 2
  3. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო
  4. კავკასია
  5. პალიტრანიუსი
  6. სტუდია მონიტორი
  7. რადიო ჰერეთი
  8. რადიო თბილისი
  9. რადიო ფორტუნა
  10. რადიო პალიტრა
  11. რადიო მარნეული
  12. ინტერპრესნიუსი
  13. On.ge
  14. ტაბულა
  15. პრაიმტაიმი
  16. საინფორმაციო ცენტრების ქსელი
  17. livepress.ge
  18. speqtri.ge
  19. knews.ge
  20. media.ge
  21. sova.news
  22. ქრონიკა +
  23. ipress.ge
  24. Globalpress.ge
  25. FirstNews.ge
  26. newpress.ge
  27. psnews.ge
  28. მედიაჯგუფი “აჭარა p.s.”
  29. Kavkazexpressmediacompany.com
  30. გურიის მოამბე
  31. გურიანიუსი
  32. რადიო ათინათი
  33. newposts.ge
  34. BM.GE
  35. TV 25
კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული