პარასკევი, აპრილი 19, 2024

ქვეყანას მართავს არაფორმალური მმართველი, ოლიგარქი და ყველა ნიშნით გამორჩეული დიქტატორი – ანა კობახიძე

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება “პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრი. ანა კობახიძის აზრით ქვეყანისთვის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს არაფორმალური მმართველობა. ოპოზიციური პარტიის წევრს მიაჩნია, რომ რეალურად ქვეყანას დღეს მართავს არაფორმალური მმართველი, რომელიც თავის მხრივ არის ოლიგარქი და ყველა ნიშნით გამორჩეული დიქტატორი:

სახელმწიფოები ერთმანეთისგან განსხვავდება მმართველობის ფორმისა და ტერიტორიული მოწყობის მიხედვით.

ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლების წყარო ხალხია. აქ კანონებს ქმნიან და აღასრულებენ ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლები, სახელმწიფო მმართველობა კოლეგიურ ხასიათს ატარებს და გადაწყვეტილებების მიღება ხდება კენჭისყრის გზით.

მმართველობის ეს ფორმა ეფუძნება ხელისუფლების დანაწილების პრინციპს, რომლის მიხედვით, ხელისუფლება დაყოფილია სამ დამოუკიდებელ შტოდ: საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებად, ასევე მოქმედებს  “ურთიერთგაწონასწორებისა და კონტროლის” მექანიზმი, რომლის შესაბამისად, თითოეული ხელისუფლება დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში, მაგრამ მათი ფუნქციონირება დამოკიდებულია ურთიერთზემოქმედებასა და თანამშრომლობაზე ისე, რომ არც ერთ მათგანს არა აქვს უფლება ჩაერიოს ან მიითვისოს მეორის უფლება.

წაიკითხეთ ეს შესავალი და ფიქრობთ, რა არის ამაში ახალი?

დიახ, ახალი არაფერია იმაში, რომ აღარც ხალხია ხელისუფლების წყარო და აღარც ხელისუფლების დანაწილების პრინციპით დამოუკიდებლად იმართება ჩვენი ქვეყანა! სამივე შტო გამქრალია და ხშირად კამათი იმართება, ოლიგარქიაა, რომელიც მმართველობის ისეთ ფორმას გულისხმობს, სადაც ქვეყანას მართავს ადამიანთა მცირერიცხოვანი ჯგუფი, გამორჩეული სიმდიდრით თუ დიქტატურაა შეუზღუდავი ძალაუფლებით. ან იქნებ არაფორმალური მმართველობა?

თითოეულ ამ მსჯელობას დასაბუთება აქვს, შეგვიძლია “ვიამაყოთ” და რაღაც ახალი მმართველობის შემქმნელებად წარმოვჩინდეთ.

ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც მართავს არაფორმალური მმართველი, რომელიც თავის მხრივ არის ოლიგარქი და ყველა ნიშნით გამორჩეული დიქტატორი.

არაფორმალური ოლიგარქ-დიქტატორი  განსაკუთრებით გამძვინვარდა ბოლო პერიოდია. ეს გვაფიქრებინებს, რომ მისი დასასრული ახლოვდება, მაგრამ ამგვარი მმართველის დასასრული კონკრეტულ რიცხვებს არ უკავშირდება, არც რაიმე მოვლენაზეა დამოკიდებული, ერთადერთი რაც კვლავ დაგვაბრუნებს დემოკრატიული სახელმწიფოს რელსებზე ეს არის ხალხის გამოღვიძება!

თუ  სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას სიჩუმით უპასუხებ;

თუ აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას სიჩუმით უპასუხებ;

თუ თუნდაც შენთვის მიუღებელი პოლიტიკოსების დაჭერაზე სიჩუმე იქნება შენი პასუხი;

თუ სახელმწიფო ბიუჯეტის მითვისებაც არ აგაღელვებს;

მაშინ გილოცავ! შენ იცხოვრებ იმ ახალი მოდელის მმართველობაში, რომელსაც არაფორმალურ-ოლიგარქიული დიქტატურა დავარქვი” – აღნიშნავს ანა კობახიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული