შინაგან საქმეთა სამინისტრომ კომიკურ სიტუაციაში ჩაიგდო თავი – თეონა ჭალიძე

“პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველოს” სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი, თეონა ჭალიძე განცხადებას ავრცელებს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, როდესაც შს სამინისტროს წარმომადგენლებმა შვილმოკლულ მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს არ მისცეს კარვის დადგმის უფლება:

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, კომიკურ სიტუაციაში ჩაიგდო თავი. პოლიციამ, მალხაზ მაჩალიკაშვილს და მის თანმხლებ პირებს, არ მოგვცა უფლება, რომ კარავი გაგვეშალა რუსთაველზე პარლამენტის წინ, იმ ადგილზე სადაც შვილმკლული მამების აქციები დაიწყო ერთი წლის წინ, 2018 წლის 10 სექტემბრიდან პერმანენტული სახე მიიღო და შემდგომ კარვებიც დაიდგა. იქ სადაც მალხაზ მაჩალიკაშვილი თვეების განმავლობაში ცხოვრობდა და გამოხატავდა პროტესტს, სადაც ბოლო 2 თვის განმავლობაში ვაგროვებდით ხელმოწერებს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით.

საპატრულო პოლიციის უფროსთან, მიხეილ დილიბაშვილთან შეთამხმებით პოლიციის მაღალჩინოსნები, ვლადიმერ სადღობელაშვილი და სხვები ურცხვად ხელს გვიშლიდნენ კარვის დადგმაში და გვატყუებდნენ, რომ მერიამ ფილების აყრა – სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა დაიწყოს და ამ მიზეზით გვზღუდავდნენ. ეს რომ ტყუილი იყო, რაც მერიამაც დაადასტურა, როდესაც ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა რომ არანაირი სარეაბილიტაციო სამუშაოები მერიას დაგეგმილი არ აქვს.

არანაირი სამართლებრივი საფუძველი პოლიციას არ ჰქონდა, რომ კარვის გაშლა ჩვენთვის აეკრძალა, თუმცა ხელისუფლებას იმდენად ყელში ეჩხირება მაჩალიკაშვილის დაუღალავი ბრძოლა სიმართლისთვის, რომ ყველანაირ მდაბიო მეთოდებს იყენებენ დაბრკოლებების შესაქმნელად. სამართალდამცავები თავად იქცნენ სამართალდამრღვევებად.

20 ივნისის სისხლიანი ღამე მაჩალიკაშვილის კარვების დასაშლელადაც გამოიყენეს და ეგონათ ამით მისი პროტესტიც დაასრულეს, თუმცა ეს ბრძოლა გრძელდება და გაგრძელდება მანამ, სანამ სამართალს არ მიაღწევს თემირლანის ოჯახი და მათთან ერთად თითოეული ჩვენგანიც“ – განაცხადა თეონა ჭალიძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *