ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024

ან სექციაში ექვსი სტერილურად არაოკმპეტენტური ადამიანი იჯდა, ან ბევრად უარესი – ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია ეხმიანება იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის თინა ბურჯალიანის მიერ ფეისბუკის პოსტად გამოქვეყნებულ ამონარიდს “რუსთავი 2”-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან და აფიქსირებს კონკრეულ პოზიციას სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეებთან მიმართებაში:

სამწუხაროდ, გვიწევს ფაქტების, სწორედ ფაქტების და არა კონსპირაციების, კონსტატაცია. სტრასბურგის გადაწყვეტილების ქვემოთ წარმოდგენილი (გრაფიკული გამოსახულება იხილეთ ტექსტის ბოლოში, რედ.) ამ და ბევრი სხვა დეტალის გათვალისწინებით, ჩემთვის სრულიად ცხადია, რომ ევროსასამართლოს კონკრეტულმა სექციამ ჯერ გადაწყვეტილება მიიღო რ2ის საქმეზე, საქმის არსებითი შესწავლის გარეშე, და ამის შემდეგ, რომელიღაც სტაფერმა (სავარაუდოდ, ქართველმა) დაწერა სრულიად უსწორო და უსამართლო გადაწყვეტილების დასაბუთება, ფაქტიურად, გაპრავება.

მთელი გადაწყვეტილება პრაქტიკულად იუსტიციის სამინისტროს უსუსტესი და უმართებულო პოზიციის ამონაკრებია, სამაგიეროდ, ჩვენი მართებული და მკაფიო პოზიციის არც ერთი მნიშვნელოვანი დეტალი არაა არც განხილული და შესაბამისად არც შეფასებული. იგნორირებულია და განხილვა-შეფასების გარეშეა დატოვებული ყველა მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელთა გარეშე სწორი გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ყველა დასკვნა გაკეთებულია არა მხოლოდ მცდარად, არამედ სრულიად ზედაპირული დასაბუთებით, იმგვარად, რომ არათუ დარწმუნდები ან ვერ დარწმუნდები, უბრალოდ შინაარსის გამოტანა გიჭირს. “იმიტომ რომ იმიტომ” დასაბუთება შესაძლებელია აზერბაიჯანის სასამართლოში იყოს მისაღები, მაგრამ ევროსასამართლოსგან ეს სრულიად შოკისმომგვრელია.

და მთავარი: შედეგი არის კონვენციით დაცული ინტერესის აბსოლუტურად საწინააღმდეგო, სამართლის, სამართლიანობის და უბრალო ადამიანური ლოგიკის თვალსაზრისითაც კი.

ყველამ იცის და საკუთარი თვალით ნახა ეს პროცესი რასაც წარმოადგენდა – და ევროსასამართლომ გვითხრა, რომ სახელმწიფოს ინტერესს და ჩართულობას ამ საქმეში ვერ ხედავს და ესაა დავა ორ სუბიექტს შორის. ამაზე ქოცებსაც კი გაეცინათ ალბათ.

ყველამ იცის და ფრაზებად წაიღო სამარცხვინო მოსამართლეების ქცევა, და ევროსასამართლომ გვითხრა, რომ ისინი მიკერძოებული არ იყვნენ და დედა მართლაც არ არის ოჯახის წევრი.

ყველამ იცის, რომ იქ არ იხილებოდა ქიბარ ხალვაშმა როდის რა ქნა, იხილებოდა ამჟამინდელი მფლობელების საკუთრების კანონიერება, რომლებიც ხალვაშთან კავშირში საერთოდ არ არიან. და სასამართლომ თქვა – მერე რა რომ მტკიცებულება არც ერთი არ არსებობს მათი მფლობელობის უკანონობისა, რ2 მაინც ხალვაშიაა და სამოთახიანი ნაქირავები ოფისიდან მას მიაკუთვნა უზარმაზარი კომპანია უზარმაზარი ქონებით. დიახ, მიაკუთვნა, იმიტომ რომ არც იმსჯელა, რამდენად სათანადოდ განიხილეს ქართულმა სასამართლოებმა მესაკუთრეები იყვნენ bona fide თუ არა (და ცხადია, იყვნენ) და ისე ჩათვალა, რომ ყველა ინსტანციამ ამაზე სათანადოდ იმსჯელა და დაადასტურა მათი გადაწყვეტილებები.

ყველამ იცის, რომ საქართველოში ლამის არც ერთი პროცესი არ ჯდება კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლო) მოთხოვნებში, და ევროსასამართლომ გვითხრა, რომ ეს ყველაზე მძიმე და მთავრობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში, ყველა პუნქტით იყო ყველა მაღალი მოთხოვნის შესაბამისი. ამითი სასამართლომ ბოლომდე გააპრავა ანტიადამიანური მურუსიძის სასამართლო, რომლის მიმართ ნდობა, ბოლო კვლევებით, ისტორიულ მინიმუმზეა.

ქვემოთ მომყავს სასამართლოს მიერ ღიად გაყალბებული ფაქტი. ასეთი კიდევ ბევრია – სასამართლომ, გადაწყვეტილების თანახმად, ბევრ შემთხვევაში არც კი იცის, რომელი მოსარჩელე რას ითხოვს. მოცემული ფაქტი გაუგებარია საიდან მოვიდა. საქმეში ეს არ არსებობს და ერთადერთი წყარო, ზუსტად იგივე ტექსტით, არის ქოცების მიერ შექმნილი ჩემი ვიკიპედიის ფეიკ გვერდი. საჯარო დოკუმენტში ჩემი პატივისა და ღირსების შელახვას რომ თავი დავანებოთ, ამაზე კითხვის ნიშანი შეუძლებელია არ დაისვას.

საბოლოოდ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ სასამართლოს არც კი წაუკითხავს მოსარჩელეების პოზიცია, ან მეორე – ხელი მოაწერა გადაწყვეტილებას, რომელიც არ წაუკითხავს. რომელი უკეთესია, თავად გადაწყვიტეთ.

ჰოდა, ზუსტად ამ მიზანმიმართული მიკერძოების კასკადის გამო; იმის გამო, რომ გასაჩივრების ყველა ხვრელი სრულიად შეგნებულად ამოქოლილია; იმის გამო, რომ ასეთი სუსტი და ყალბი ან მცდარი ფაქტებით (ინტერპრეტაციებზე აღარ ვამბობ) სავსეა ეს გადაწყვეტილება, თავად სასამართლომ გააჩინა ძალიან მავნე სივრცე ყოველგვარი კონსპირაციისთვის. თავად სასამართლომ გააჩინა უმძიმესი კითხვის ნიშნები და დააზიანა დასავლური ინსტიტუციის იმიჯი, და გვიწევს აღიარება, მძიმედ დაარტყა ქვეყანაში დასავლურ ფასეულობებს და დასავლური ფლანგის პოზიციონირებას.

და თავად სასამართლო გასცემს ალბათ პასუხს შეკითხვაზე, რა მოხდა რ2ის საქმეში: ან სექციაში ექვსი სტერილურად არაოკმპეტენტური ადამიანი იჯდა (მალტელმა გაეტანომ, სწორედ იმ ლეგენდარულმა მორიგმა მოსამართლემ, განსხვავებულ აზრში პირველივე ინსტანციიდან გააუქმა საქმე, რადგან ურთმელიძე მიკერძოებულად ჩათვალა), ან ბევრად უარესი.

ფაქტია, პასუხი გვჭირდება. არასაჭირო და ზიანისმომტანი სივრცე კონსპირაციებისთვის ისევ სასამართლომ უნდა ამოავსოს“.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული