იაკობ გოგებაშვილის “დედა ენა” სკოლებში ბრუნდება

2019-2020 სასწავლო წლიდან იაკობ გოგებაშვილის “დედა ენა” სკოლებში ადაპტირებული ვერსიით დაბრუნდება და არსებულ გრიფირებულ სახელმძღვანელოებთან ერთად მნიშვნელოვანი სასწავლო რესურსი გახდება.

სახელმძღვანელოს ადაპტირებული ვერსია საქართველოს პარლამენტის ინიცირებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ბრძანებით შექმნილმა ექსპერტთა სპეციალურმა კომისიამ შეიმუშავა და მას ყველა საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლე უფასოდ მიიღებს.

2013 წელს ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეს ძეგლი მნიშვნელოვანი ნაწილია იუნესკოს მიერ კაცობრიობის არამატერიალურ მემკვიდრეობად აღიარებული ნომინაციისა – „ქართული ანბანის სამი ცოცხალი კულტურა”. ეს სტატუსი ქართულ სახელმწიფოს განსაკუთრებულ ზრუნვას ავალებს ცოცხალი ტრადიციის დაცვასა და განვითარებაზე. “დედა ენის” სკოლებში დაბრუნება, მისი ქცევა იმ ფუნდამენტად, რომელსაც ჩვენი მომავალი თაობების ცნობიერება უნდა დაეფუძნოს, სწორედ ამ პროცესის აუცილებელი ნაწილია.

თავად იაკობ გოგებაშვილი ბრძანებდა – „დედა ენა მაშინ მოკვდება, როცა გაუკეთესებას მოაკლდებაო“. ამ გაუკეთესების, ახალი დროის შესაბამისად განახლების პრინციპები და მეთოდიც თავად გადმოგვცა ანდერძსა თუ სხვადასხვა პუბლიკაციაში და დღეს, პირველად ბოლო თითქმის საუკუნის განმავლობაში, ამ პრინციპთა სრული დაცვით, ჩვენ ხელთ გვაქვს წიგნი, რომლიც ღირსეულად აგრძელებს გოგებაშვილის დაწყებულ გზას. ახალ სასწავლო წელს, ადაპტირებული “დედა ენა” დამხმარე სახელმძღვანელოდ დაბრუნდება ჩვენს სკოლებში” – მიხეილ ბატიაშვილი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *