სამედიცინო დაწესებულებების დიდი ნაწილი ვერ აკმაყოფილებს ინფექციების პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო მოთხოვნებს – სერგო ჩიხლაძე

მეტად სავალალო მდგომარეობაა ქვეყანაში შექმნილი ე.წ. ნოზოკომიური ანუ ჰოსპიტალური  ინფექციების პრევენციისა და კონტროლის კუთხით – აცხადებს ჯანდაცვის პოლიტიკისა და  მართვის სპეციალისტი, მედიცინის დოქტორი სერგო ჩიხლაძე.

ნოზოკომიური ინფექცია ეს არის  სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექცია, რომელიც შეძენილია სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზაციიდან 48 საათის შემდეგ და რომელიც არ აღენიშნებოდა პაციენტს სამედიცინო სერვისზე მიმართვის მომენტში.

ჰოსპიტალური ინფექციები  ფართოდ გავრცელებული გართულებაა, რომელიც გავლენას ახდენს როგორც პაციენტის ავადობასა და სიკვდილიანობაზე, ასევე მნიშვნელოვნად ზრდის სამედიცინო მომსახურებაზე გაწეულ დანახარჯებს.

სერგო ჩიხლაძის თქმით, აუდიტის დასკვნაც ადასტურებს იმ ხარვეზებს რაზეც სპეციალისტები წლებია საუბრობენ.

“ხაზს გავუსვამ რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებას. კერძოდ, ქვეყანაში არ არის შემუშავებული ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ერთიანი ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელმაც უნდა განსაზღვროს  სახელმწიფო დონეზე ერთიანი პოლიტიკის არსებობა და გასატარებელი ღონისძიებების ჩამონათვალი.  ქვეყანას არ გააჩნია ნოზოკომიური ინფექციების შესახებ სანდო სტატისტიკური მონაცემები, რომლის გარეშეც შეუძლებელია სახელმწიფომ დაგეგმოს ქმედითი პრევენციული ღონისძიებები მსგავსი  ინფექციების შესამცირებლად და ასევე, მის მკურნალობაზე გაწეული ხარჯების შესამცირებლად.

ხარვეზიანია და ვერ პასუხობს დღევანდელ გამოწვევებს არსებული კანონმდებლობაც. კანონმდებლობა, ერთი მხრივ, ავალდებულებს დაწესებულებას აღრიცხოს ნოზოკომიური ინფექციები და მეორე მხრივ, არ მოითხოვს მათი დადასტურებისთვის აუცილებელ ერთ-ერთ ინსტრუმენტს − მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიას, რომლის გარეშეც შეუძლებელია რამე სახის აღრიცხვიანობის წარმოება.

აღსანიშნავია ასევე, რომ სტომატოლოგიური კლინიკების 54% ვერ აკმაყოფილებს ინფექციების პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო მოთხოვნებს, რისი ერთერთი მიზეზი ისიც არის ის, რომ თვითონ კანონმდებლობა არ მოითხოვს, შემოწმდეს სტომატოლოგიური სამედიცინო დაწესებულებები საქმიანობის დაწყების ეტაპზე აკმაყოფილებენ თუ არა სავალდებულო მოთხოვნებს.

მიუხედავად იმისა, რომ წლებია აღნიშნული პრობლემები დგას, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან არ იქნა გატარებული  საჭირო ღონისძიებები ინფექციების პრევენციისა და კონტროლის მექანიზმების სრულყოფისთვის” – აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

მისი თქმით, საჭიროა დაუყოვნებლივ შეიქმნას ერთიანი ეროვნული სტრატეგია, დაიხვეწოს კანონმდებლობა და მოხდეს სანდო სტატისტიკური მონაცემების ბაზის შექმნა, ასევე, საჭიროა სამედიცინო საქმიანობის დაწყებამდე უზრუნველყოფილი იქნას სტაციონარების ხელმისაწვდომობა  მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიაზე.

შეგახსენებთ, რომ აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული იქნა  მოკვლევა ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ეფექტიანობასთან დაკავშირებით საქართველოში, რომელმაც დაადასტურა არსებული პრობლემები და გასცა  რეკომენდაციები ინფექციების პრევენციის და კონტროლის სისტემის მართვის გაუმჯობესების მიზნით გასცეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *