შვილმოკლული მშობლები დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ

როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას.

შვილმოკლულ მამას მიაჩნია, რომ ამით დაირღვა მისი უფლებები და ახლა საზოგადოებას, სრულიად საქართველოს მიმართავს და იწყებს ხელმოწერების კამპანიას, რომ მრავალათასიანი მხარდამჭერის სია ისევ წარუდგინოს საკანონმდებლო ორგანოს და კიდევ ერთხელ დაისვას დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი. მალხაზ მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, რომ პარლამენტის ყველა დეპუტატს მიმართა თხოვნით, რომ შექმნილიყო დროებითი საგამოძიებო, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობამ ეს არ გაითვალისწინა და თავისი გადაწყვეტილებით დაარღვია მისი, როგორც შვილმოკლული მამის უფლებები.

150 პარლამენტარის სახელზე შევიტანე წერილი კომისიის შექმნის მოთხოვნით, მაგრამ დღევანდელ პარლამენტში უმრავლესობამ პირდაპირ დაარღვია ჩემი უფლებები, იმით რომ საერთოდ ყურადაც არ მიიღო ჩემი ეს მოთხოვნა.

მე რას ვითხოვ? არ არის ხელისუფლება – არ არის სასამართლო, არ არის პროკურატურა და მივმართე პარლამენტს, რომ თქვენ მაინც, როგორმე დამიდექით გვერდში და საბოლოოდ, გავაგებინოთ ხალხს, რომ სახელმწიფოს ჩადენილი აქვს სასტიკი დანაშაული. ამაზე უარი მითხრეს. ახლა ვეცდები მთელი საქართველოს მასშტაბით 100 000 ხელმოწერა შევაგროვო. როცა ეს ხელმოწერები იქნება, მაშინ იძულებულები გახდებიან, რომ კომისია შექმნან.

მე ვითხოვ, დაისაჯონ დამნაშავეები და სახელმწიფომ აღიაროს შეცდომა, რომელიც თვითონ ჩაიდინა” – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

თემირლან მაჩალიკაშვილის დედას მხარდაჭერის თხოვნით მიმართავს ყველას, რომ იაქტიურონ ხელმოწერების შეგროვებისას, რომ შემდგომში მოხერხდეს საგამოძიებო კომისიის შექმნა და სიმართლე გაიგოს მთელმა მსოფლიომ.

მგონია, რომ საგამოძიებო კომისია რომ შეიქმნება, მთელი მსოფლიო გაიგებს თემირლანის უდანაშაულობას და ამ ხელისუფლებას მოუწევს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა, იმიტომ რომ თემირლანი არ იყო არანაირი ეჭვმიტანილი და არც კავშირში ყოფილა ტერორიზმთან. ეს მინდა, რომ გაიგოს მთელმა მსოფლიომ!

საქართველოს მაცხოვრებლებს, ყველა დედას ვთხოვ, რომ მოვიდნენ მოაწერონ ხელი. რეგიონებშიც მოვივლით რომ შევაგროვოთ ხელმოწერები” – აღნიშნა მედიკო მარგოშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *