დაპირისპირება პარლამენტში: მძიმე, მწვავე, ხისტი გამონათქვამების კორიანტელი

საქართველოს პარლამენტი კიდევ ერთხელ გადაიქცა უმძიმესი გამონათქვამებისა და მწვავე დაპირისპირების ველად.

გიგა ბოკერია, თავის გამოსვლაში, “ქართული ოცნების” დეპუტატების მიერ წარსულის გახსენების მცდელობის გამო, თავის მხრივ, ვოლსკის, კოპალიანის, მაღრაძის წარსულს ახსენებს დეპუტატებს.

თქვენ გყავთ ბატონი ვოლსკი, 9 აპრილის მერე ცეკას ინსტრუქტორი იყო. გყავთ ბატონი კოპალიანი, რომელიც გორკის პარტიულ სკოლაში სწავლობდა, 9 აპრილის მერე. თქვენ გყავთ გუგული მაღრაძე – პარტკომი იყო, ამ ყველაფერის მერე. ვის უკითხავთ თქვენ მორალს?!“ – მიმართა გიგა ბოკერიამ საპარლამენტო უმრავლესობას“.

პარლამენტის ვიცე სპიკერის გია ვოლსკისთვის წარსულისა და ცეკას ინსტრუქტორობის შეხსენება საკმაოდ მძიმე შეფასებად მიიღო ადრესატმა და შეეცადა კონტრბრალდებებით მიემართა ოპონენტებისადმი.

არათუ საკმაოდ ბევრია ჩვენ ქვეყანაში ასეთი ადამიანები, არამედ ღირსეულად ემსახურებიან ქვეყანას, არიან პატრიოტები და რომლებსაც, თქვენგან განსხვავებით, ბატონო გიგა, ყავარჯნებით ხელში არ გაუუპატიურებიათ მამაკაცი, არ მოუკლავთ ქუჩაში და არ უწამებიათ” – მიმართა ვოლსკიმ ბოკერიას.

აღნიშნულ ბრალდებას მწვავე რეპლიკებით უპასუხა გიგა ბოკერიამ, ვიგინდარა უწოდა გია ვოლსკის, მან კი საპასუხოდ საკმაოდ მწვავე ლექსიკით მიმართა ბოკერიას:

შენ ყეყეჩო ადამიანო, შენა, გოგა ბოკერია!

აღსანიშნავია, რომ გია ვოლსკიმ ამ გამონათქვამში ვერ დაინახა რაიმე არაეთიკური და ჟურნალისტებთან საუბარში თავის მხრივ განმარტა:

მე მგონი ზუსტად დავახასიათე ადამიანის, იმ წუთში, გამოსვლა და საქციელი, რომელიც არათუ ეთიკურ, არამედ ყოველგვარ ფარგლებს სცილდება” – განაცხადა გია ვოლსკიმ.

“ევროპული საქართველოს” ლიდერმა, კიდევ ერთხელ, მწვავედ გააკრიტიკა მმართველი გუნდის წარმომადგენლები – ისინი მუდმივად წარსულში იყურებიანო.

ხალხი, რომელიც მუდმივად საუბრობს წარსულზე, ბინძურად, მორალური უპირატესობის განცდა უნდათ რომ შექმნან და მათ შორის არიან ადამიანები, რომლებიც  მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე სისხლიან რეჟიმს, ფაშისტურ რეჟიმთან ერთად, კომპარტიის რეჟიმს ემსახურებოდნენ მმართველ თანამდებობაზე, მათ შორის, გახრწნის ბოლო წლებში 9 აპრილის შემდეგ დარჩნენ მაღალ თანამდებობაზე. და თუ მორალურ სტანდარტზე ვლაპარაკობთ, ვოლსკის აქვს უფლება ვინმეს წაუკითხოს მორალი?!” – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

პარლამენტის სხდომაზე ფრაქცია “ევროპული საქართველო”-ს თავმჯდომარე ოთარ კახიძემაც შეახსენა კონკრეტული ფაქტი გია ვოლსკის, რომ დღევანდელი ხელისუფლების რიგებში არიან “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი დეპუტატები, იმ პარტიის, რომელსაც ასე მწვავედ აკრიტიკებენ და რომ წინა ხელისუფლების დროს დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილეობდნენო.

ბატონო გია, თქვენი კოლეგები რომ არიან “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები რომ იყვნენ, პარლამენტის წევრები და ყველანაირ კანონს რომ ხმას აძლევდნენ, დღეს რომ თქვენი კოლეგები არიან ამ დარბაზში, პარტიული, ის ხალხი არ მონაწილეობდა და ჩვენ აქეთა ფლანგი ვმონაწილეობდით – ეს რანაირად გაქვთ დალაგებული, ეს მაინტერესებს – ეს ერთი ამბავი?!

ჩემი სკოლელები თამარ ჭოველიძე და ნათია ბაშალეიშვილი, უფროსკლასელები 51-ე სკოლის, ნიჩბებით რომ დაჩეხეს და გაზით რომ გაგუდეს, ამის მერე რომ თქვენ იყავით იმავე რეჟიმის მსახური ეს როგორ ჯდება, ან ეს რა მორალია ან მორალს ვის უკითხავთ?! ეს მაინტერესებს!” – მიმართა ვოლსკის ოთარ კახიძემ.

თავის მხრივ გიგა ბოკერიასგან ბოდიშის მოხდას და დარბაზიდან მის გაძევებას მოითხოვს დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი.

აი ამ დეპუტატს, რომელსაც ბოკერია ჰქვია, ადგეს, მოუხადოს კოლეგებს ბოდიში, ეს არის ღირსების საკითხი, ეს არის კოლეგიალობის საკითხი, ასეთი ტერმინებისთვის რაც ისმოდა, იგი ან გააძევეთ დარბაზიდან ან რაც შემდეგ მოხდება, პასუხისმგებლობა იმათ დაეკისრებათ, ვინც ამას იტანს” – განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *