დაპირისპირება ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში

სააგენტო „პარალელის“ რედაქციაში შემოვიდა ყვარლის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ყოფილი ხელმძღვანელის, ქალბატონ მაია სამიტაშვილის წერილი, სადაც იგი ჩვენ რედაქციას სთხოვდა ჩაგვეტარებინა საკითხის შესწავლა, საჯარო სამსახურიდან მისი უკანონო განთავისუფლების თაობაზე.

როგორც ხელმისაწვდომი მასალების შესწავლის შედეგად გაირკვა, ქალბატონი მაია ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, როსტომ სესიაშვილმა დაკავებული თანამდებობიდან ამა წლის 11 თებერვალს გაანთავისუფლა. ქალბატონი მაიას განთავისუფლებას წინ უძღოდა კონფლიქტი, რომელიც მისდამი დაქვემდებარებული ბაღების გაერთიანების სპეციალისტს, სააღმზრდელო დარგში, მანანა ელოშვილსა და მას შორის დაახლოებით ერთი წლის წინ სამსახურეობრივ ურთიერთობის ნიადაგზე დაიწყო. მაია სამიტაშვილის განცხადებით ელოშვილი ხშირად აცდენდა სამსახურს და არასათანადოდ ასრულებდა საკუთარ სამსახურეობრივ მოვალეობებს. ბოროტად სარგებლობდა იმით, რომ მისი მეუღლე დავით თეთრაშვილთან “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აქტივისტია, ხოლო ყვარლის მუნიციპალიტეტის მერთან როსტომ სესიაშვილთან და პარტიის სხვა გავლენიან ხელმძღვანელებთან საერთო ნაცნობობა აკავშირებს.

მ. ელოშვილის მეუღლე, დავით თეთრაშვილი არის ოცნების პარტიას ამოფარებული და ამით სარგებლობს. ეს პიროვნება ნასამართლევია და ასევე ყოფილი პრობაციონერი, ბაგა-ბაღებში სათბობი შეშის არასაკმარისი რაოდენობის შეტანის გამო. ყველა ერიდება მასთან კონფლიქტს, რადგანაც მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისთვის, არაერთხელ მიუყენებია შეურაცხყოფა. ერთ-ერთი დაპირისპირების დროს ასე მითხრა მ. ელოშვილმა – ჩემმა ქმარმა დროშები აფრიალა და შენ მოხვედი დირექტორადო”, განაცხადა ჩვენთან საუბრისას მაია სამიტაშვილმა.

მ. ელოშვილი უშუალო ხელმძღვანელობის მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების, შენიშვნისა და საყვედურის მიუხედავად, რაც დოკუმენტალურადაც დასტურდება ყვარლის ბაღების გაერთიანების ბრძანებათა ჟურნალში, კვლავ განაგრძობდა სამსახურეობრივი ვალდებულებების იგნორირებას. შედგენილია სათანადო ოქმები ამის თაობაზე, რომელსაც მაია სამიტაშვილის გარდა ბაღების გაერთიანების სხვა პასუხისმგებელი პირებიც ადასტურებენ, სათანადო ხელმოწერით. ჩვენი რედაქციის მიერ გამოთხოვილ დოკუმენტაციას ქალბატონმა მაიამ დაურთო მანანა ელოშვილის ხელით შევსებული განცხადებაც, რომელიც ადასტურებს, რომ იგი სამსახურში გაცდენილ დღეებს იმით განმარტავს, რომ ეს დრო მას სხვა სამსახურის მოსაძებნად ესაჭიროებოდა.

ჩვენი რედაქცია დაუკავშირდა ყვარლის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანების თანამშრომლებს და სთხოვა კომენტარი გაეკეთებინათ სამიტაშვილსა და ელოშვილს შორის კონფლიქტის გამომწვევ მიზეზებზე. მათ დაადასტურეს, რომ მ. ელოშვილი სისტემატურად აცდენდა სამსახურს. კონფლიქტი ჰქონდა კოლეგებთან. თანამშრომლების მხრიდან დახმარების შეთავაზების მიუხედავად  ელოშვილი სამსახურში ახალ პოზიციაზე გადაყვანის შემდეგაც უარს აცხადებდა მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე იმ მოტივით, რომ კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს სრულყოფილად არ ფლობდა. იმისათვის, რომ ორგანიზაციის თანამშრომლებზე ხელფასი გაცემულიყო გაერთიანების ყოფილი დირექტორი მაია სამიტაშვილი იძულებული იყო ელოშვილის მოვალეობები დროებით მთავარი ბუღალტრისთვის გადაებარებინა შესასრულებლად. ჩვენ დავუკავშირდით ყვარლის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ბატონ ზაზა ზაუტაშვილს. მან ჩვენთან საუბრისას ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა იმ მიზეზით, რომ აღნიშნულ კონფლიქტურ სიტუაციაში ჩარევის სურვილი არ აქვს. ჩვენს კითხვაზე იყო თუ არა ნამდვილი მისი ხელმოწერა ოქმებზე, რომელიც ადასტურებდა ელოშვილის მხრიდან არასაპატიო მიზეზით სამსახურის გაცდენას. მან განაცხადა, რომ ოქმებზე ხელმოწერა სამიტაშვილის მხრიდან მასზე ზეწოლის გამო გააკეთა. ასევე, აღნიშნა, რომ რამოდენიმე კვირაა რაც აუდიტის სამსახურია შესული მათთან ორგანიზაციაში შემოწმებაზე, რათა შეისწავლონ გაერთიანების 2017-2018 წლების საქმიანობა. იგი დაელოდება მათ დასკვნებს და ამის შემდეგ შესძლებს კომენტარის გაკეთებას.

ქალბატონი მანანა ელოშვილის განმარტებით კონფლიქტი მასსა და მაია სამიტაშვილს შორის  უმნიშვნელო დავით დაიწყო, რომელიც გაერთიანების სახელზე გამოყოფილი საწვავის ტალონების განაწილების გამო დაიწყო. მ. ელოშვილს, როგორც სპეციალისტს აღმზრდელობით დარგში საკუთარი სატრანსპორტო საშუალებით ხშირად უწევდა ბაგა-ბაღების შემოწმება მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, ამიტომ გაერთიანების დირექტორისაგან ითხოვდა საწვავით უზრუნველყოფას. რაზეც კატეგორიული უარი მიიღო. მანანა ელოშვილის განცხადებით მაია სამიტაშვილი ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა მასზე. უკრძალავდა სხვა თანამშრომლებს მასთან კომუნიკაციას. რამოდენიმეჯერ საჭირო გახდა პოლიციის გამოძახება იმისთვის, რომ  საკუთარ სამუშაო სივრცეში მოხვედრილიყო, რადგან კარი დაკეტილი დახვდა. მიმართა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას. ასევე მისი საკითხი ადგილზე შეისწავლა შრომის ინსპექციამაც თუმცა დასკვნა მათი მხრიდან არ დადებულა.

მაია სამიტაშვილმა უარყო მ. ელოშვილის მოსაზრება საწვავის ტალონებთან დაკავშირებით – „თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი მუშაობის პერიოდში არცეთი თანამშრომელი არსად გამიგზავნია საკუთარი ტრანსპორტით და ხარჯებით. პირიქით ჩემი საკუთარი მანქანით დავდიოდი და დამყავდა თანამშრომლები. თუ ვინმეს ვაგზავნიდი სხვა ტრანსპორტით ყოველთვის საწვავის ტალონს ვაძლევდი“.

ქალბატონი მაიას განცხადებით ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ სესიაშვილი თავიდანვე ჩართული იყო ამ კონფლიქტის დეტალებში. იგი სამიტაშვილის მხრიდან თავიდანვე ინფორმირებული იყო მ. ელოშვილის ქმედებებში. მაგრამ თავს იკავებდა შესაბამისი ზომების მიღებისაგან, რადგანაც მ. ელოშვილის მეუღლის დავით თეთრაშვილის რეაქციის ეშინოდა. ჩვენმა საგამოძიებო ჯგუფმა მოიპოვა მანანა ელოშვილის ხელით შედგენილი განცხადება ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე, სადაც იგი მიმართავს როსტომ სესიაშვილს და სთხოვს ბაღების სააგენტოში შექმნილ სიტუაციაში გარკვევას და დახმარებას. ელოშვილის განცხადება 2018 წლის 13 აგვისტოთი, ხოლო ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის განცხადების პასუხი იმავე წლის 29 აგვისტოთი არის დათარიღებული, რაც იმაზე მოწმობს, რომ ყვარელის მუნიციპალიტეტის მერი და მისი აპარატი თავიდანვე საქმის კურსში იმყოფებოდნენ მომხდართან დაკავშირებით. მაია სამიტაშვილის განცხადებით ყვარლის მუნიციპალიტეტის მერსა და მას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო მას შემდეგ დაიძაბა, რაც ელოშვილის გადაყვანა სხვა თანამდებობაზე მოხდა, რომელიც ასევე წინასწარ შეთანხმებული იყო სესიაშვილთან. ყვარლის მერი უხეში და კატეგორიული იყო მაია სამიტაშვილს მიმართ. მოითხოვდა პარტიის (“ქართული ოცნების”) სახელით მ. ელოშვილის ძველ სამუშაო ადგილზე აღდგენას. სამიტაშვილის განცხადებით ამის დამადასტურებელი ვაიბერ მიმოწერა შენახული აქვს ტელეფონში და საჭიროების შემთხვევაში მხოლოდ სასამართლოზე გაასაჯაროვებს მას:

მთელი წელი მიდიოდა ჩემზე ფსიქოლოგიური ზეწოლა როგორც მერის მხრიდან, ასევე მ. ელოშვილის და მისი მეუღლის მხრიდან. რ. სესიაშვილი მაიძულებდა ამეტანა ყველანაირი შეურაცხყოფა. მ. ელოშვილი ცალკე ოთახშიც კი გადავიყვანე, რომ აღარ გაღიზიანებულიყვნენ სხვა თანაშრომლები მისი უფუნქციოდ ყოფნის გამო  და  იმ ოთახში გინდ ყავა დაელია და გინდა ტელეფონით ეთამაშა. ამაზეც მიჩივლა, რომ ნესტიან სამზარეულოში დამსვაო, რაც იყო ტყუილი და ამაზეც ვთხოვე მერს, გადმოდი და ნახე სამზარეულოში იჯდა თუ ახალგარემონტებულ ოთახში. ამაზეც იუარა და არც დაინტერესებულა მე ვამბობდი სიმართლეს თუ მ. ელოშვილი.

რ. სესიაშვილმა 4 ადამიანთან ერთად მითხრა თავის კაბინეტში, რომ –  მაია შენ ეხლა ქმარი აღარ გყავს, მანქანით მარტო დადიხარ და არ მინდა პრობლემა შეგექმნასო.   საინტერესოა ვისი სიტყვები გადმომცა თუ პირადი მუქარა-გაფრთხილება იყო. სასამართლოზე აუცილებლად დავასახელებ ამ ფაქტის მომსწრე პიროვნებებს. რამოდენიმე თვის წინ ვაიბერ მიმოწერაც მქონდა რ. სესიაშვილთან იმის თაობაზე, რომ  მან მთელი წელი მორალურად გამანადგურა და ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ მამუშავა და სამსახურის დაკარგვის ფასად კი არა სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს ამ უსამართლობას აღარ შევეგუებოდი”.

მაია სამიტაშვილთან საუბრიდან ასევე ირკვევა, რომ ამა წლის 10 დეკემბერს დაწერილი მ. ელოშვილის განთავისუფლების ბრძანება მას 11 დეკემბერს ფოსტით გადაეგზავნა, რადგან სამსახურში არ ცხადდებოდა. ბრძანების  გასაჩივრების  ვადა მ. ელოშვილს 1 თვის ვადაში ჰქონდა სასამართლოში. წერილი დ. თეთრაშვილმა 21 დეკემბერს გამოიტანა. რაზეც სასამართლოში მიღებული სარჩელის ვადებიც ადასტურებს (გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო არა 10 დეკემბრიდან, როცა ბრძანება დაიწერა, არამედ 21 დეკემბრიდან, როცა წერილი ადრესატმა ჩაიბარა). მაშინ გაუგებარია მ. ელოშვილი რ. სესიაშვილის დავალებით განთავისუფლების შესახებ ბრძანების დაწერიდან უმოკლეს ვადაში როგორ დაინიშნა  ა(ა)იპ ყვარლის კულტურის ცენტრში. მ. ელოშვილთან საუბრის დროს ქალბატონმა მანანამ დაგვიდასტურა, რომ ახალ სამსახურში ყვარლის მერის რეკომენდაციით დაინიშნა. თუმცა ვერ გაიხსენა ზუსტი თარიღები მისი ვერც ძველი სამსახურიდან დათხოვნისა და ვერც ახალ სამსახურში დანიშვნის თაობაზე.

მეუღლის სამსახურიდან განთავისუფლების შემდეგ დ. თეთრაშვილმა ისევ განაგრძო ჩემზე მუქარა. მემუქრებოდა, რომ აუცილებლად ამიჭედავდა კაბინეტის კარებს და მაინც გამოაშვებინებდა ჩემს თავს სამსახურიდან, რაც სინამდვილეში განახორციელა, კიდეც” – აცხადებს მ. სამიტაშვილი.

ბატონმა დავით თეთრაშვილმა ჩვენთან საუბრისას უარყო ეს ბრალდები. მან განაცხადა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით მან რამდენჯერმე მისცა ადგილობრივ პოლიციას ჩვენება და სრულად გასცა მათ შეკითხვებს პასუხები. რაც შეეხება დაპირისპირებას როსტომ სესიაშვილთან. დ. თეთრაშვილმა დაგვიდასტურა, რომ ყვარლის მერთან ჰქონდა საუბარი მეუღლის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ, მაგრამ დიალოგმა ჩაიარა ყოველგვარი დაპირისპირებისა და შეურაცხყოფების გარეშე.

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი მაია სამიტაშვილის განთავისუფლებულის საფუძველია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 54-ე მუხლის პირველი ქვეპუნქტის „ე.ე“ ქვეპუნქტი, 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, ასევე ა(ა)იპ  „ყვარლის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების“ წესდების  მე-4 მუხლის „4.1“ პუნქტი. ანუ ბრძანებაში გარდა იმისა, რომ ყვარლის მერს უფლებამოსილება გააჩნდა ბრძანების საფუძველზე გაენთავისუფლებინა ა(ა)იპ „ყვარლის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების“ დირექტორი არ არის მითითებული კონკრეტულად რა სამსახურებრივი გადაცდომის საფუძველზე გახდა აუცილებელი მ. სამიტაშვილის საჯარო სამსახურიდან დათხოვნა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ დავუკავშირდით ყვარლის მუნიციპალიტეტის მერ, ბატონ როსტომ სესიაშვილსაც და ვთხოვეთ მაია სამიტაშვილის განთავისუფლების მიზეზებზე ესაუბრა. ყვარლის მერს არ დაუკონკრეტებია რა სამსახურებრივი გადაცდომის საფუძველზე დაითხოვა მასზე დაქვემდებარებული ორგანიზაციის ხელმძღვანელი. განაცხადა მხოლოდ ის, რომ მისი გადაწყვეტილების კანონიერებაზე მხოლოდ სასამართლოს შეუძლია იმსჯელოს. თუმცა დაგვიდასტურა, რომ მასსა და მაია სამიტაშვილს შორის სამსახურებრივ ურთიერთობა, ამ უკანასკნელის მიზეზით დაძაბული იყო. მაგრამ ბოლომდე უარყო, რომ რაიმე ზეწოლის ფაქტებს ადგილი ჰქონდა მისი მხრიდან, განსაკუთრებით პარტია “ქართული ოცნების” სახელით. ჩვენს კითხვაზე რა ურთიერთობა აკავშირებს მას დ. თეთრაშვილთან და მ. ელოშვილთან, ბატონმა როსტომმა დაგვიდასტურა, რომ ისინი მისი თანაპარტიელები არიან და თავად გაუწია ქალბატონ მანანას ა(ა)პი ყვარლის კულტურის ცენტრში დანიშვნას რეკომენდაცია.

სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ ქალბატონმა მაია სამიტაშვილმა წერილობით მიმართა ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატსა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ასევე პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ხელმძღვანელობას დახმარებისათვის, რათა დაეცვა საკუთარი უფლებები, მაგრამ უშედეგოდ. აღნიშნული საკითხი განსახილველად ისევ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიას გადაეცა განსახილველად. ხოლო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მოვიდა პასუხი, რომ ეს საკითხი მათ კომპეტენციის ფარგლებს სცილდება.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტი და სახალხო დამცველის აპარატი დაინტერესდა ქალბატონი მაიას საკითხით. მათ აღუთქვეს, რომ სასამართლოში საქმის განხილვის მთელ პროცესს მათი წარმომადგენლები აუცილებლად დააკვირდებიან, თუ რამდენად ობიექტურად წარიმართება მართლმსაჯულება. ამჟამად ქალბატონ მაიას სარჩელი შეტანილი აქვს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ელოდება საქმის განხილვას.

ამ საქმესთან დაკავშირებით ახალი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში ჩვენი რედაქცია დამატებით მოგაწვდით შესაბამის ინფორმაციებს.

ალექსი ნონიაძე
ჟურნალისტი, სააგენტოს ანალიტიკოსი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *