ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ სრული ინფორმაცია, რომელი ორგანიზაციის საქმიანობის უკან რომელი ქვეყნის ინტერესი დგას – ნინო გოგუაძე

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ნინო გოგუაძემ დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე მომუშავე თემატური მოკვლევის ჯგუფის მუშაობის შედეგები შეაჯამა.

ეს არის პირველი, უპრეცედენტო შემთხვევა საქართველოს პარლამენტში, როდესაც სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მსჯელობენ რუსული რბილი ძალის საფრთხეებზე საქართველოში და განიხილავენ საკითხებს – თუ როგორ უნდა იქნას შემცირებული რუსული დეზინფორმაციის და პროპაგანდის კამპანია ქვეყანაში” – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

მისი განმარტებით, მოკვლევის ჯგუფი საქართველოს პარლამენტში უკვე სამი თვეა მუშაობს, სადაც არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა, რომელიც როგორც პარლამენტის, ასევე საქართველოს მთავრობის მხრიდან დროულ რეაგირებას საჭიროებს.

აუცილებლად გამოვყოფდი ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც არის აღმასრულებელ დონეზე სპეციალური მაკოორდინირებელი ორგანოს გაჩენის საკითხი და რომელშიც წარმოდგენილი იქნებიან აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. ასევე, საკანონმდებლო დონეზე მსჯელობის გახსნას – თუ როგორ გავხადოთ ორგანიზაციების საქმიანობა საქართველოში მეტად გამჭირვალე, რათა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ჰქონდეთ სრული ინფორმაცია – რომელი ორგანიზაციის საქმიანობის უკან რომელი ქვეყნის ინტერესი დგას და რა ინტერესებს ემსახურება ამ ორგანიზაციის საქმიანობა” – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *