ინგლისური საკლუბო ფეხბურთის ტრიუმფი

ფეხბურთის სამშობლოდ წოდებული ქვეყანა – ინგლისი დიდად ვერ დაიტრაბახებს თავისი მონაგარით და ნაკრები გუნდის დონეზე ერთადერთხელ მიღწეული გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატში, ჯერ კიდევ მოუთმენლად ელოდება განმეორებას, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. ინგლისს არც ევროპის ჩემპიონატზე დაუტოვებია კვალი, ევროპის საკლუბო ლიგებში ინგლისის საფეხბურთო გუნდები მართალია დროდადრო მაინც აღწევდნენ წარმატებებს, მაგრამ ეს არც ისე თვალსაჩინოა, მით უფრო ესპანური, გერმანული თუ იტალიური კლუბების ფონზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის ფონზე 2018-19 წლების გათამაშება განსაკუთრებულადაც კი შეიძლება ჩაითვალოს ინგლისის საკლუბო გუნდების ისტორიაში. ჩემპიონთა ლიგის, ისევე როგორც ევროპის ლიგის ფინალები ინგლისური იქნება და ამით ინგლისურმა ფეხბურთმა სერიოზული განაცხადი გააკეთა საფეხბურთო სამყაროში.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან “ლივერპული” და “ტოტენჰემი”. ორივე გუნდმა საოცარი განმეორებითი მატჩები ჩაატარეს და, როგორც იტყვიან, შეუძლებელი შეძლეს. ბარსელონაში 3:0 წაგების შემდეგ, ფაქტიურად არავის სჯეროდა, რომ “ბარსა” დათმობდა ასეთ ფორას, თუმცა “ლივერპულის” ფეხბურთელებმა 4:0 გაიმარჯვეს და შოკში ჩააგდეს კატალონიელები.

მძიმე გამოცდის წინაშე იდგა “ტოტენჰემ ჰოტსპურიც”. გუნდმა საკუთარ კედლებში 0:1 წაგების შემდეგ, ლამის, იმედი გადაუწურა თავიანთ ქომაგებსაც კი, თუმცა გასვლით მატჩში 2:3 დაამარცხა “აიაქსი” და ჩემპიონთა ლიგის ფინალში ინგლისური დერბიც უზრუნველჰყო.

ევროპის ლიგის ფინალიც ინგლისური გახადეს “არსენალმა” და “ჩელსიმ”. არსენალმის ფინალში გასვლა თუ მეტნაკლებად იოლ გასეირნებად გამოჩნდა (გუნდმა ესპანური “ვალენსია” ორჯერ დაამარცხა – სახლში 3:1 და გასვლაზე 4:2), “ჩელსის” დამატებითი დრო დასჭირდა “აინტრაჰტის” დასამარცხებლად. გუნდებმა ორივე შეხვედრა ფრედ ითამაშეს, ერთნაირი ანგარიშით – 1:1 და ლონდონში, დამატებით დროში გატანილი გოლის წყალობით, ფინალის საგზური “ჩელსიმ” მოიპოვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *