იულია სუსლიაკის საქმე: ოჯახის გაერთიანების სურვილი თუ ტრეფიკინგი?

იულია სუსლიაკის საქმე ჯერ კიდევ ბურუსითაა მოცული და სრული სურათი, სავარაუდოდ, ეტაპობრივად  დადგინდება გამოძიების პროცესში.

საქმე ეხება უკრაინის მოქალაქის მიერ 10 ბავშვის აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაყვანის მცდელობას. მანამდე კი ფაქტის შესახებ საზოგადოებისათვის რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, როცა იულია სუსლიაკი ათი ბავშვით, საკვებით ინტოქსიკაციის ნიშნებით, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში იქნა მოთავსებული. სამართალდამცავების მხრიდან  ტრეფიკინგის ეჭვი მას მერე გაჩნდა, როდესაც გაირკვა, რომ მცირეწლოვანი ბავშვებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს. აღნიშნული და რიგი სხვა გარემოებების გათვალისწინებით იულია სუსლიაკი ტრეფიკინგის ბრალდებით იქნა დაკავებული.

ეჭვი გაჩნდა, ასევე, იმ ფაქტთან დაკავშირებითაც, რომ იულია სუსლიაკი, საქართველოში ჩამოსვლამდე, უკრაინიდან რუსეთის ფედერაციაში გაემჰზავრა 11 ბავშვით, საიდანაც 10 ბავშვით შემოვიდა საქართველოში. მისი განმარტებით, ერთი მცირეწლოვანი ბავშვი რუსეთში დაიღუპა უბედური შემთხვევის შედეგად.

დაცვის მხარემ წარმოადგინა დასკანერებული ფურცელი, სადაც მითითებულია, რომ არასრულწლოვანი, 9 თვის ბავშვი გარდაიცვალა აბაზანაში ბანაობის დროს, რაც ეჭვის საფუძველს ნამდვილად ქმნის” – აცხადებს საქმის პროკურორი.

ბრალდებულის ადვოკატის, ზურაბ თოდუას მტკიცებით “ათიდან ოთხი ბავშვის ბიოლოგიური მშობლები იური და იულია სუსლიაკები არიან. ამის დასტურია სამედიცინო დოკუმენტაცია, ექოსკოპიის პასუხები და ა.შ. უტყუარი მტკიცებულებები მაქვს მეთერთმეტე ბავშვზეც, რომელიც მაიამიში გაჩნდა. არსებობს მაიამის მაღაზიაში გადაღებული ვიდეომასალა, სადაც იულია ორსულადაა“.

იური სუსლიაკი (ბრალდებულის მეუღლე, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფება, ამჟამად) აცხადებს, რომ მე-11 ბავშვი უბედური შემთხვევის მსხვერპლია, რაშიც დანაშაულის კვალი არ აღმოუჩენიათ რუს სამართალდამცავებს:

გასულ წელს მოხდა უბედური შემთხვევა, რომლის დროსაც მე-11 ბავშვი გარდაიცვალა. არსებობს მისი გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტი, სამედიცინო დასკვნა, არსებობს რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის დახურვასთან დაკავშირებით, რომელიც ამ ფაქტზე აღიძრა და შეწყდა დანაშაულის არარსებობის გამო“.

როგორც იური სუსლიაკი აცხადებეს, ის უკრაინიდან მის მიმართ განხორციელებულ პოლიტიკურ დევნას გამოექცა, თუმცა მეორეს მხრივ ვრცელდება ინფორმაცია, რომ მის წინააღმდეგ სს საქმეა აღძრული უკრაინაში.

უნდა აღინიშნოს, რომ იური სუსლიაკი, ქართული კანონმდებლობის თანახმად დამნაშავეა საზღვრის უკანონო კვეთის გამო, რადგანაც იგი ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე შევიდა, რუსეთის ფედერაციის მხრიდან.

ბავშვებთან მიმართებაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათი ნაწილი სუროგატი დედების მიერაა გაჩენილი, ხოლო 4 ბავშვის ბიოლოგიური მშობლები იური და იულია სუსლიაკები არიან.

ბრალდებულის განცხადებით, იგი მოსკოვიდან იმ მიზნით ჩამოვიდა საქართველოში, რომ აფხაზეთში გადასულიყო თავის მეუღლესთან.

იულია სუსლიაკის მოთხოვნაა, რომ მიმდინარე პროცესის დროს ფაქტები არ გასაჯაროვებულიყო, რასაც ბავშვების დაცვის ინტერესით ხსნიდა.

თავიდანვე მქონდა მოთხოვნა, რომ ეს არ ყოფილიყო საჯარო, მინდოდა დაეცვათ ჩემი შვილები, დაეცვათ ჟურნალისტებისგან და ყველა ნებისმიერი სხვა ადამიანისგან, გარდა იმ ხალხისა, რომლებიც დღეისთვის პასუხისმგებლები არიან ჩემი შვილების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე. ჟურნალისტებისა თუ სხვა ორგანოების მხრიდან ნებისმიერი ჩარევა უნდა იყოს ჩემთან შეთანხმებული, ჩემი ადვოკატების მეშვეობით” – აცხადებდა ბრალდებული.

თუმცა, მედიაში გავრცელდა ფაქტები, სადაც ჩანს, თუ როგორ უყურადღებობას იჩენს იულია სუსლიაკი, საავადმყოფოში ყოფნის დროს, როდესაც მისი ერთ-ერთი ბავშვი წაიქცევა.

მოსამართლე მაკა გველესიანის მიერ დაკმაყოფილებულ იქნა პროკურატურის შუამდგომლობა და ტრეფიკინგში ბრალდებულ იულია სუსლიაკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *