შაბათი, აპრილი 20, 2024

ძირითადი აქცენტები პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში

გამოიკვეთა ძირითადი აქცენტები, რაზეც ამახვილებს ყურადღებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II.

ეპისტოლეში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი თავაშვებულ პროპაგანდასა თუ ადამიანთა დიდ მოთმინებაზე, ტყუილ-მართალსა თუ ბოროტი ძალის მხრიდან მანიპულაციაზე.

ახლა კი, შეიძლება ითქვას, გამოცხადებულია სრული თავისუფლება როგორც მორწმუნეთა, ისე ურწმუნოთა მიმართ, მაგრამ ამ სივრცეში მკვეთრად იგრძნობა ღვთის უარმყოფელთა სითამამე; ისინი სრული თავაშვებულების პროპაგანდას აქტიურად ეწევიან ყველა საშუალებით და ცდილობენ, ეს ქმედება სიმართლისა და სიკეთის სახელს დაუკავშირონ, რათა თავისი გაუკუღმართებული შემოთავაზებანი ხალხისთვის მისაღები გახადონ.

საერთოდ, ცოდვა როგორც მადლი, გადამდებია და ამის ნაყოფს უკვე ვიმკით საზოგადოების ყველა ფენაში.

თუმცა სიმართლეს სიცრუის მანქანა რეალურად ვერასდროს გაუსწორებს თვალს, მოტყუებით კი, – მრავალთ აცდუნებს. ამიტომაც აუცილებელია საღვთო ჭეშმარიტების ცოდნა, თანაც ღრმა ცოდნა, რადგან ბოროტი ძალა ამ მხრივაც ფრიად მანიპულირებს.

დღეს მორწმუნე ადამიანს დიდი მოთმინება მართებს, რომ ამდენ ტყუილს, ცილისწამებასა და ღვარძლს გაუძლოს და თვითონაც არ გადაგვარდეს. ჩვენი შესაძლებლობებით ეს მიუღწეველია, ღვთის დახმარებით კი, – შესაძლებელი. აუცილებელია, უფალთან სულიერი, ლოცვითი ურთიერთობა, ბიბლიისა და წმინდა მამების დარიგებების კითხვა, რომ განვმტკიცდეთ და შეწევნაც ღვთისა მივიღოთ.

აღდგომა გამაერთიანებელია კაცობრიობის წარსულის, აწმყოსი და მომავლისა. ჩვენს წინაშე ძველი აღთქმა წარმოჩინდება, როგორც დაფარული ახალი აღთქმა, ახალი აღთქმა კი, – როგორც განცხადებული, აღსრულებული ძველი აღთქმა” – აღნიშნულია პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში.

ეპისტოლეში ამაღლებულ გრძნობაზე – სიყვარულზეა საუბარი და ადამიანის მანკიერ ქმედებებზეც მახვილდება ყურადღება:

სიყვარული ეს არის ყველაზე ამაღლებული გრძნობა, სხვისადმი ერთგულად მსახურების თავისუფალი არჩევანი. თუ ჩვენს ქმედებაში ადგილი აქვს შიშს, ან სხვა რაიმე ზეწოლას, ანგარებას, პირფერობას ან ეგოისტურ გამოვლინებებს, ეს სიყვარული აღარ იქნება ღვთისსათნო, გულწრფელი, მართალი და თავისუფალი. მაგალითად: ვერასოდეს ვერ ვუწოდებთ სიყვარულს იმ ურთიერთობას, სადაც ადგილი აქვს ამპარტავნებას, შურს, ავხორცობას, ხელმრუდობას, ლოთობას, ნარკომანიას, ამ და სხვა მავნე მიდრეკილებით გაერთიანებულ ადამიანთა კავშირს, რადგან სინამდვილეში ეს ყოველივე არის ვნებების მონობა და ჭაობივით ჩამთრევი მანკიერებების ტყვეობა.

სიყვარული და თავისუფლება აუცილებელი პირობაა შენში ღმერთის სისავსის გამოვლენისთვის“.

ეგოიზმზე, თაობათა შორის ურთიერთობებსა და პასუხისმგებლობაზეც ამახვილებს ყურადღებას პატრიარქი:

ეგოიზმისაგან თავის დაღწევა ადვილი არ არის. ბრძენი ადამიანები გვირჩევენ, რომ ჯერ უნდა შევიყვაროთ ზოგადი ღირებულებები და ვიღვაწოთ ცხოვრებაში მათი დამკვიდრებისთვის; მაგალითად, როგორიცაა: სიმართლე, თავისუფლება, მშვიდობა, სოციალური სამართლიანობისთვის ზრუნვა, სამშობლოს კეთილდღეობა… და ა.შ.

ავიღოთ თუნდაც თაობათა შორის ურთიერთობა; იგი ყოველთვის გარკვეულ სირთულეებს შეიცავდა, რადგან უფროსებს ჰგონიათ, რომ მათ აქვთ ცხოვრებისეული გამოცდილება და უკეთესად იციან, რა უნდა აკეთონ შვილებმა. შვილებს მიაჩნიათ, რომ მათ თვითონ უნდა განსაზღვრონ თავისი ყოფა და პირიქით, ბევრ რამეს უწუნებენ მშობლებს.

თაობათა ურთიერთობა მანამდე იქნება პრობლემური, ვიდრე ორივე მხარე ერთმანეთში არ დაინახავს იმ უმნიშვნელოვანესს, რაც პირადად მათ აკლიათ და რაც შეიძლება და აუცილებელიცაა, ისწავლონ ერთმანეთისაგან. ის, რომ მშობლებს და ასაკოვან ადამიანებს ბევრი რამ უნახავთ და ადამიანური ურთიერთობების მხრივ მეტი ცოდნა აქვთ, ბუნებრვია, მაგრამ ახალგაზრდები, რომ უფრო გაბედულნი, ზოგჯერ რადიკალურნიც არიან, ამასთან, აქვთ ახალი იდეები, ახალი ხედვა, ახალი მისწრაფებები, – ესეც ფაქტია. უფროსების ვალია, მათი შემოთავაზებებიდან სწორი არჩევანი გააკეთონ, დაინახონ მათში რეალური სასიკეთო შედეგები და მომავალ თაობას დაეხმარონ გზის გაკაფვაში. თანამშრომლობა და ურთიერთშევსების საჭიროება უნდა იგრძნოს ორივე მხარემ. ეს ნებისმიერი ქვეყნის ნორმალური განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა“.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული