შაბათი, აპრილი 20, 2024

სალომე ზურაბიშვილი: “ჩვენ გვინდა ევროკავშირი, ნატო – ეს არ უნდა იყოს მკვდარი ლოზუნგები”

სალომე ზურაბიშვილი ერთვება წინასაარჩევნო მარათონში და საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა პრედიდენტობის კანდიდატად.

 

“დიდი მადლობა მოთმინებისთვის, მინდა ოფიციალურად გითხრათ, რომ მე ვაყენებ ჩემს კანდიდატურას პრეზიდენტობაზე. ეს არის ჩემი გადაწყვეტილება, ეს არის გადაწყვეტილება, რომელზედაც როგორც თქვენ იცით ბევრი ვიფიქრე. ასეთი გადაწყვეტილების მიღება არ მომხდარა ერთ დღეში, რადგან ვფიქრობ ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რაც არ უნდა ადამიანი ფიქრობდეს ამაზე. იცით, რომ 2013 წელს ვფიქრობდი ამაზე, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე მისვლა ძალიან მძიმეა.


ამ დღეებში ჩემი შვილის ქორწილი მქონდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მალე ალბათ შვილიშვილები იქნებიან. უკვე ვიცი, რომ ამ ვალდებულებას ალბათ ნაკლებად შევასრულებ, ამაზეც ვფიქრობდი ამ დღეებში, როცა ვფიქრობდი, ჩავერთო თუ არა ამ ძალიან რთულ მარათონში, მაგრამ ამავე დროს ეს დიდი პასუხისმგებლობა არ არის მხოლოდ ჩემი პასუხისმგებლობა, სადღაც მე ვარ ვალდებული ჩემი წინაპრების წინაშე და არა მხოლოდ მათ წინაშე და არამედ ყველა იმათ წინაშე ვინც 100 წლის წინ დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და შემდეგ ეს დამოუკიდებლობა ვეღარ აცოცხლეს, ზოგი წავიდა, ზოგი დარჩა. ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩემს ოჯახში და არა მხოლოდ ჩემს ოჯახში, ვინც იქნებოდა ღირსეული საქართველოს პრეზიდენტი და ვერ გახდა, ვერც პარლამენტში ვერ იმუშავა, სახელმწიფო მოღვაწეობა ვერ შეასრულეს, რისთვისაც ჩემზე ბევრად მზად იყვნენ. ამ ადამიანების გამო, მე ვთვლი, რომ ამ მომენტში არ შეიძლება ამ გამოწვევაზე უარის თქმა და არ წასვლა ბოლომდე. ეს არის ჩემი გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი.

რისთვის ვიქნები პრეზიდენტი, როცა ვიქნები? რა მინდა ამ ქვეყნისთვის? პირველ რიგში ამ ქვეყნის სტაბილურობა, ეყოფა ამ ქვეყნას ის რაც გაიარა, ის ომი, კონფლიქტები…, ეყოფა ამ ქვეყნას შიდა კონფლიქტები, შიდა ტერიტორიების დაკარგვა და არა მხოლოდ ის ბოლო ტერიტორიები, თუ ჩვენ გადავხედავთ ჩვენ ისტორიას, ძალიან მძიმეა ამ კუთხით და მე პრაქტიკულად არ მახსენდება სხვა ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც ამდენი ტერიტორიები დაკარგა საუკუნენახევარში. ეს ყველაფერი გვყოფნის, გვყოფნის შიდა დაძაბულობა, სიძულვილი და უნდა გადავიდეთ ჩვენი ცხოვრების ახალ ეტაპზე, რისთვისაც შეიძლება ქალი პრეზიდენტი იყოს უფრო დამწყნარებელი, ვიდრე პოლიტიკაში ჩართული, კინკლაობაში ჩართული სხვადასხვა პოლიტიკოსები ყოველ შემთხვევაში ეს არის ჩემი მისწრაფება და მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამას მივაღწიო, ეს ქვეყანა იყოს სტაბილური და გაერთიანებული.

გაერთიანების ძალიან ბევრი სხვადასხვა ფორმა და ასპექტია, პირველ რიგში ეს არის ადამიანების გაერთიანება. ერთნი არასდროს გახდებიან და ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ გაერთიანება ნიშნავს, რომ არ უნდა ვიყოთ ყველაფერზე და მუდმივად და ყოველდღიურად დაყოფილნი. არ შეიძლება, პატარა ქვეყანას სჭირდება მეტი სოლიდარობა და მთავარ თემებზე მეტი გაერთიანება. თუ არა, ხეირობს მხოლოდ ერთი – მტერი. ამაზეც ბევრი უნდა ვიმუშაოთ და არა მხოლოდ მე, არამედ ყველამ, რადგას ეს არის ჩვენი საერთო მოვალეობა და ამისთვის ბევრი იქნება გასაკეთებელი. მეორე გაერთიანების ასპექტი არის ეს პარტიები. მე მგონი, თუ გადავხედავთ, პარტიების დრო მსოფლიოში საერთოდ დამთავრდა და ჩვენ ყველაფერში ვართ ცოტა დაგვიანებულები. პარტიების ნეგატიური ასპექტები მე კარგად ვიცი, თუნდაც ჩემი წარსული ემიგრაციიდან, სადაც პარტიების შიდა ბრძოლებმა ძალიან დიდი ზიანი მიაყენა საერთო საქმეს, საქართველოს, მისი სურათის და მისი მაშინდელი ოკუპაციის პრობლემის გარეთ გატანამ.


გაერთიანება ასევე ნიშნავს გაერთიანებას ჩვენი დიასპორის ქართველებთან, ვინც ცხოვრობენ საზღვარგარეთ, ვინც წარმოადგენენ ჩვენი ქვეყნის ერთ მეოთხედს თუ მესამედს, ესეც არ ვიცით დღეს. ეს არის ძალიან დიდი ნაწილი, ერთი ნაწილი ჩვენი ადამიანური კაპიტალის და რესურსების, რომელიც არ შეიძლება დაიკარგოს. დღეს არ ვართ ჩვენ მზად, რომ ვეძახოთ – დაბრუნდით, მაგრამ უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ ვიზრუნოთ ამ კავშირებზე, რომ არც ერთი არ დავკარგოთ, გამოვიყენოთ და ჩართულნი იყვნენ საქართველოს განვითარებაში, მათ გარეშე არ იქნება საქართველოს განვითარება, ამავე დროს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ნაკადი, რომელიც გარეთ არის, შემცირდეს და ერთ დღეს უკუნაკადი დაიწყოს, ესეც იქნება ჩემი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი.


გაერთიანება ცხადია ნიშნავს ქვეყნის, სახელმწიფოს გაერთიანებას, მაგრამ ეს არ უნდა გავიგოთ მარტივად, მხოლოდ ტერიტორიული გაერთიანება, თუ ჩვენ არ ვიზრუნეთ და ვიმოქმედეთ, რომ მოსახლეობა, რომელიც დღეს ცხოვრობს აფხაზეთში, სამაჩაბლოში, შემოვიერთოთ, შემოვირიგოთ და ერთად დავინახოთ საქართველოს პერსპექტივა მომავალში მაშინ ტერიტორიები არაფერს ნიშნავს და რჩება ტერიტორიად.


და კიდევ რისთვის პრეზიდენტობა? იმისითვის, რომ საქართველო გახდეს ის რაც მე ვარ დაბადებით, ანუ ევროპელი და ქართველი. საქართველოც არის თავისი ღირებულებებით, თავისი წარსულით ნამდვილი ევროპული ქვეყანა, მაგრამ ეს განცხადება მხოლოდ განცხადებად არ უნდა იყოს, რომ ჩვენ გვინდა ევროკავშირი, ნატო. ეს არ უნდა იყოს მკვდარი ლოზუნგები, არამედ უნდა გავატაროთ ეს ევროპელობა ჩვენს ყოველდღიურობაში, რაც იყო ჩვენს წარსულში, ნამდვილი ევროპულობა და ჩვენი წინაპრები, ყველანი ისინი, ვინც აშენებდნენ საქართველოს სახელმწიფოს, ყველანი იყვნენ ერთ რამეში დარწმუნებულნი, რომ საქართველოს სხვა პერსპექტივა არ გააჩნია შეიძლება სხვა მეზობლები ჰყავდეს და მათთან მეტ-ნაკლებად დაალაგოს ურთიერთობები, მაგრამ პერსპექტივა, მისი არსებითი და ბუნებრივი მიმართულება არის ევროპულობა, ამაზე უნდა ვიმუშაოთ და გთავაზობთ, რომ ახლავე დავიწყოთ, ჩავატაროთ ევროპული კამპანია, ეს იყოს დახვეწილი, ეს იყოს არა ლანძღვა-გინებაზე აწყობილი, ვიცი რთული იქნება, მაგრამ ვეცადოთ, იყოს აწყობილი იმ თემებზე, რომლებიც აწუხებს და სტკივა ამ ქვეყანას, საზოგადოებას. ამ თემებზე გავარკვიოთ ვინ როგორ უყურებს ამ საკითხებს და რა ხედვა აქვს კანდიდატს. ამომრჩეველმა ამით გააკეთოს თავისი არჩევანი.”

ამ განცხადებით აცნობა საკუთარი გადაწყვეტილება, ქვეყნის მოსახლეობას, სალომე ზურაბიშვილმა, საკუთარი ფეისბუკის გვერდიდან

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული