იერუსალიმი, მაცხოვრის აღდგომის ტაძარი: წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა

წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა, სასწაული, რომელიც ყოველწლიურად, მართლმადიდებლური აღდგომის  წინა დღეს აღაფრთოვანებს და რწმენას უძლიერებს მილიონობით მორწმუნეთ.

დღესაც, თბილისის დროით 15:32-ზე, სასწაულის მოწმე გახდა უამრავი თვითმხილველი, როცა წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა მოხდა მაცხოვრის აღდგომის ტაძარში. წმინდა ცეცხლი კუვუკლიიდან იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა თეოფილოს III-მ გამოიტანა, რასაც იგი უკვე მრავალი წელია ახდენს.

ტრადიციისამებრ, კუვუკლიაში შესვლის წინ პატრიარქი განიმოსა სადღესასწაულო შესამოსელისგან და მხოლოდ კვართითღა დარჩა. ნიშანდობლივია, რომ უძველესი დროიდან მოყოლებული, პატრიარქს კუვუკლიაში შესვლის წინ გულმოდგინედ ჩხრეკენ, იმ მიზნით, რომ არაფერი შეიტანოს ისეთი, რითიც სანთლის ანთება შეიძლება. მასთან ერთად კუვუკლიაში შესვლა შეუძლია მონოფიზიტ მღვდელმთავარსაც, მაგრამ მხოლოდ ანგელოზის ეკვდერში დგომის უფლება აქვს.

აღსანიშნავია, რომ  გარდამოსვლიდან პირველი რამდენიმე წუთის განმავლობაში წმინდა ცეცხლი არ წვავს, ამ დროის განმავლობაში მორწმუნეები მას სახესა თუ ხელებზე იტარებენ და ამით შეიგრძნობენ ისინი სასწაულის ძალას.

დღესვე,  გვიან საღამოს, ჩარტერული რეისით ჩამოაბრძანებენ საქართველოში წმინდა ცეცხლს და იგი განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს სააღდგომო ლიტურგიის პროცესში.  სააღდგომო ლიტურგიას კი, სამების საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აღავლენს.

ხვალ კი მართლმადიდებლური ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *