სამშაბათი, აპრილი 16, 2024

უვიზო რეჟიმს ბოლო დროს განსაკუთრებული სიძნელეები შეექმნა – თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ევროკომისიის მიგრაციის და საგარეო საქმეთა დირექტორატის წარმომადგენელთან, სიმონ მორდუსთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას ყურადღება გაამახვილა უკანონო მიგრაციის შესამცირებლად გასატარებელ ღონისძიებებზე.

“დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად ვიმუშაოთ ერთობლივად უვიზო რეჟიმის შენარჩუნებისათვის, რომელსაც ბოლო დროს განსაკუთრებული სიძნელეები შეექმნა. ეს არის რეალობა და ჩვენი პარტნიორები ევროპიდან საუბრობენ უკვე იმაზე, რომ ჩვენი მოქალაქეები − ზოგიერთი მათგანი − ბოროტად იყენებენ უვიზო მიმოსვლის მექანიზმს და გარკვეული ცვლილებები იქნება საჭირო, რათა უვიზო რეჟიმით ისარგებლონ მათ, ვინც კეთილსინდისიერად მიემგზავრება შენგენის სივრცეში და ვინც შემდგომ ბრუნდება. რა თქმა უნდა, ეს არის ამოსავალი წერტილი სწორედ უვიზო მიმოსვლისა, რომ ეს არ არის უფლება იქ წასვლის და დარჩენის ან იქ სამუშაოს მოთხოვნის; ეს არის ტურისტული ან სხვა მოკლევადიანი მიზნებისთვის უვიზოდ მგზავრობის − ჩასვლის და ჩამოსვლის − უნიკალური შესაძლებლობა” − აღნიშნა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად, რაც ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია, უკვე განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებების ერთი ნაწილი. საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო დარღვევის პრევენციის მიზნით გამკაცრდა გვარისა და სახელის შეცვლის რეგულაციები ისეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, როდესაც, მაგალითად, მოქალაქე, რომელმაც ერთი გვარით ჩაიდინა დანაშაული ევროკავშირის ტერიტორიაზე, იცვლის გვარს და მოკლე ვადაში ახალი ვინაობით მიემგზავრება კვლავ შენგენის ზონაში; საქართველოს პარლამენტი კი განიხილავს კანონს, რომელიც უკანონო მიგრაციაში ხელშეწყობის სისხლისსამართლებრივი წესით დასჯას ითვალისწინებს.

იუსტიციის მინისტრის თქმით, 2020 წლიდან საქართველოს მოქალაქის პასპორტი კიდევ უფრო მაღალტექნოლოგიური დოკუმენტი გახდება, გაიზრდება მისი უსაფრთხოება და მეტად დაუახლოვდება ევროპულ სტანდარტებს, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისათვის კიდევ უფრო შეამცირებს საქართველოს მოქალაქეების მხრიდან საზღვრის უკანონო კვეთის რისკებს. მან აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა უკვე შეაფასეს დადებითად შენგენის ზონის ქვეყნების შესაბამისმა უწყებებმა. 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული