კანონპროექტი იძლევა მაღალკვალიფიციური, კეთილსინდისიერი მოსამართლეების შერჩევის საშუალებასაც და გარანტიასაც – ირაკლი კობახიძე

არ ცხრება ვნებათაღელვა კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საზოგადოებისათვის მისაღები მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა უზენაეს სასამართლოში.

შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ ეს კანონპროექტი იძლევა მაღალკვალიფიციური, კეთილსინდისიერი მოსამართლეების შერჩევის არა მარტო საშუალებას, არამედ გარანტიასაც და ამის ნათელი მაგალითი იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს პარლამენტი, როდესაც დაამტკიცებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს” – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან.

ირაკლი კობახიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ უზენაესი სასამართლოსთვის მაღალკვალიფიციური და კეთილსინდისიერი ადამიანების შერჩევა ის საერთო ინტერესია და პარლამენტმა გაწერა შესაბამისი კანონპროექტი.

ჩვენ გავწერეთ კანონპროექტი, რომელიც ეფუძნება საერთო ინტერესს – საერთო ინტერესი არის მაღალკვალიფიციური და კეთილსინდისიერი ადამიანების შერჩევა უზენაესი სასამართლოსთვის და ეს კანონპროექტი ადგენს უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურას, რომელსაც არ აქვს ანალოგი არცერთ ევროკავშირის ქვეყანაშიც კი. შეუძლია, ნებისმიერს, გადაამოწმოს ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნების კანონმდებლობა, პრაქტიკა და გამოცდილება, არსად ამის მეათედიც კი არ არის გაწერილი. აქედან გამომდინარე, პროცესის შეჩერების არავითარი საფუძველი არ არსებობს, პირიქით, ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი მოტივაცია იმისა, რომ საბოლოოდ მივიღოთ ეს კანონი, იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს პროცესი, რომლის საბოლოო შედეგი იქნება მაღალკვალიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში” – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *