საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართვას, რომ სასწრაფოს დაიწყოს უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების აღწერა, პასუხობს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
“ოჯახების აღწერა მთელი ამ წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. სოციალური დახმარებების დანიშვნა სხვა არაფერი არ არის, თუ არა ოჯახის სოციალური საჭიროებების შეფასება და შინა მეურნეობის შეფასება. ეს პროცესი უწყვეტად მიდის და არასოდეს არ გაჩერებულა, ასე ვთქვათ. რაც შეეხება ამ უბედური შემთხვევის (მხედველობაშია მარტვილში მომხდარ მოზარდის თვითმკვლელობის ფაქტი – რედ.) გამომწვევ მიზეზებს, ჩემი ცალსახა პოზიცია არის, რომ ახლა როდესაც ოჯახი გლოვობს და როდესაც ეს ბავშვი ჯერ არ დაუკრძალავთ, ამაზე ჩემგან საუბარი ცალსახად არ იქნება სწორი” – განაცხადა დავით სერგეენკომ.